გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

წარმატებული პედაგოგი

სურათი

გაზეთბათუმის უნივერსიტეტისრესპონდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებული თინათინ გიორგაძეა. წარმატებული პედაგოგი მიიჩნევს, რომ სკოლაში უნდა იმუშაო მანამ, სანამ გაუგებ ბავშვებს, მათი თვალით დაინახავ სამყაროს. მისივე თქმით, მასწავლებლობა არ არის სამუდამო პროფესია: „როცა იგრძნობ, რომ მათი აღარ გესმის და არც მათ ესმით შენი, როცა გაკვეთილი და გაკვეთილებს მიღმა ურთიერთობა მოვალეობად იქცევა და სიამოვნება გამოეცლება, უნდა განერიდო“.

_ ქალბატონო თინათინ, გთხოვთ წარუდგინეთ თავი ჩვენი გაზეთის მკითხველს...

_ მე ვარ თინათინ გიორგაძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ექსპერტი, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენერი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თვითშეფასების სპეციალისტი, პროფესიული უნარების სააგენტოს დარგობრივი ქსელის ქოუჩი.

_ გთხოვთ, გაიხსენოთ თქვენი სტუდენტობის წლები...

_ ბაკალავრიატში 2004 წელს ჩავირიცხე. ქვეყანაში დიდი ცვლილებების დრო იდგა და ეს ყველა სფეროს დაეტყო, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებდი და გამართლდა კიდეც. სტუდენტური წლები საუკეთესოდ მახსენდება. სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვიყავი, თუმცა ჩემს პიროვნულ ზრდას, თვითრწმენის, დამოუკიდებლობის, ასერტულობის გაუმჯობესებას, უნივერსიტეტს ვუკავშირებ. ეს იყო კეთილსაიმედო სივრცე, რომელიც მოტივაციით აღავსებდა ახალგაზრდას, სოციალურად და ემოციურად აძლიერებდა მას. ჩემთვის დაუვიწყარია, მაგალითად, ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ნათია ფარტენაძის, ჩემდამი დამოკიდებულება. პედაგოგიკაში პიგმალიონის ეფექტად მოიხსენიებენ ფენომენს, როდესაც გამოხატული მოლოდინი ზრდის სასურველი მოვლენის განხორციელების შანსს. ჩემი ხელმძღვანელის მიერ ჩემდამი გამოხატული დიდი ნდობა და მოლოდინი ძალას მძენდა, დამემტკიცებინა, რომ ნამდვილად ვიმსახურებდი, რომ გამემართლებინა მისი იმედები. შემდეგაც, პედაგოგიურ საქმიანობაში, არაერთხელ გამომდგომია მისი პოზიტიური მაგალითი მოსწავლეებთან ურთიერთობისას: როგორ შეიძლება, უჩვენო მოსწავლეს, რომ მისგან ბევრს მოელი, თან ისე, რომ არ მოაქციო წნეხში.

_ თიკო მასწავლებელი საკლასო ოთახში პირველად...

_ დედა, ბებია, ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. ადრეული ბავშვობიდან, საიდანაც ჩემი მეხსიერება იწყება, მასწავლებლობანას ვირჩევდი დრამატულ თამაშად, თუმცა საკლასო ოთახში პირველად მასწავლებლის ამპლუის მორგება ძალიან რთული და მღელვარე აღმოჩნდა. ზოგადად, მიყვარს ყველაფრის დაგეგმვა, პირველი გაკვეთილიც გულდასმით დავგეგმე, მიუხედავად ამისა, მახსოვს, როგორ ამიჩქარდა გული. ჩემს ღელვას განსაკუთრებით ის ამძაფრებდა, რომ ოცდაერთი წლის ვიყავი და მეშინოდა, ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო, ნდობის მოპოვება არ გამჭირვებოდა. ჩემი პირველი პედაგოგიური გამოცდილება სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასს“ უკავშირდება. გამიმართლა, რომ საუკეთესო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი.

_ ქალბატონო თინათინ, აქტიური  და წარმატებული პედაგოგის გადასახედიდან, რა პრობლემებს გამოკვეთდით თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემაში?

_ ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბებას, მიზნად ისახავს, განუვითაროს მოზარდებს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაუმკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო პოლიტიკითა და კანონმდებლობით განისაზღვრება სასკოლო განათლების სფეროში ჩართული მხარეების უფლებები და მოვალეობები, მიზნების მიღწევის ძირითადი გზები და საშუალებებიც. კანონმდებლობით განსაზღვრულია, პრაქტიკაში როგორ რეალიზდება, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, დააკვირდეს; ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, სასკოლო სისტემა უნდა მოიცავდეს მუდმივად განვითარებად მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს. სკოლების მატერიალურ-ტექნიკური რესურსები ხილულია და არ არის რთული, მივხვდეთ, რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დაძლევა. რაც შეეხება ადამიანური რესურსის განვითარებას, მეეჭვება, იმ სახით, როგორითაც ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემა ფუნქციონირებს, რეალურად ავითარებდეს პედაგოგებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ანაზღაურება გაწეულ შრომასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მით უფრო ამჟამინდელი ინფლაციის პირობებში. ამიტომ, ხშირად მასწავლებლები ორ ცვლაში, ორი სრული განაკვეთით იტვირთებიან. ეს, ჩემი შეხედულებით, უარყოფითად აისახება განხორციელებული სამუშაოს ხარისხზე, ზარალდებიან მოსწავლეები. არაერთი საერთაშორისო კვლევა მოწმობს, რომ არცთუ სახარბიელო შედეგები აქვთ ჩვენს მოსწავლეებს წიგნიერების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. ამჟამად მიმდინარეობს მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტი, რათა მომზადდეს სტანდარტის შესაბამისი სასკოლო და საგნობრივი კურიკულუმები, ორიენტირებული იქნება მსწავლელში 21-ე საუკუნის გლობალური ფუნქციური უნარების (6 უნარი) განვითარებაზე.

_ მასწავლებელი და მოსწავლე - რაში  მდგომარეობს ეფექტური ურთიერთობის ხელოვნება?

_ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის ეფექტურობა ამავე ურთიერთობისთვის მზაობას ეფუძნება. უმნიშვნელოვანესია პატივისცემა, მიმღებლობა, კეთილგანწყობა, თანაგანცდა, გულწრფელობა, ნდობა, უშუალობა... როცა მასწავლებელი ხარ და კლასში 35 მოსწავლე გყავს, ერთდროულად ყველას უნდა ხედავდე და ყველაში - ყოველს. სკოლაში უნდა იმუშაო მანამ, სანამ გაუგებ ბავშვებს, მათი თვალით დავინახავ სამყაროს. მასწავლებლობა არ არის სამუდამო პროფესია. როცა იგრძნობ, რომ მათი აღარ გესმის და არც მათ ესმით შენი, როცა გაკვეთილი და გაკვეთილებს მიღმა ურთიერთობა მოვალეობად იქცევა და სიამოვნება გამოეცლება, უნდა განერიდო.

_ თქვენ ახლახან ჩააბარეთ დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც. რას იტყვით მომავალი ახალგაზრდა მანდილოსანი დირექტორის გადასახედიდან?

_ ამ შემთხვევაში მაინტერესებდა, როგორ გავართმევდი თავს დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდას. ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციად მიმაჩნია, რადგან დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება სკოლის მისიის, სასკოლო თემის, სკოლაში თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, სწავლების ხარისხისა და მოსწავლეების მიღწევებისადმი მასწავლებლის პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალი დირექტორების წილი უფრო დაბალია, ვიდრე ქალი მასწავლებლებისა. TALIS-ის საერთაშორისო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ კანონზომიერებას, შესაძლოა, გააჩნდეს როგორც ენდოგენური (რაც უკავშირდება ქალების ნაკლებ მისწრაფებას მმართველი პოზიციის დაკავებისკენ), ისე ეგზოგენური (რაც უკავშირდება იმას, რომ უფრო იშვიათად ხდება მმართველ პოზიციაზე ქალი კანდიდატების შერჩევა) მიზეზი. ვისურვებ, რომ კომპეტენციისა და სურვილის შემთხვევაში. მეტი ქალი დასაქმდეს მმართველ პოზიციაზე.

_ თინათინ მასწავლებლის ერთი დღე...

_ ჩემი ყოველი დღე ძალიან გრძელი, დატვირთული და მრავალფეროვანია როგორც სამსახურების, ისე საოჯახო საქმეებით. რა პასუხისმგებლობასაც ვიღებ, აუცილებლად ჯეროვნად ვასრულებ. მეხმარება შრომისმოყვარეობა, დაგეგმვისა და დროის ეფექტურად  მართვის უნარები.

_ რას ურჩევთ, უსურვეთ, მომავალ თაობას?  

_ ვუსურვებ, რომ იყვნენ გამბედავები, დაისახონ დიდებული მიზნები და არ დაიშურონ ძალა და ენერგია მათ მისაღწევად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა