ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით მოსწავლეთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“ ჩატარდა. კონფერენციაში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. „დამწყები მკვლევრები“ მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.
მარიამ ასამბაძე, ვიკა ბერიძე და ანანო გოგიტიძე ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ჯემალ ქათამაძის სახელობის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. მათ კონფერენციის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნაზი კოჩალიძისგან გაიგეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ერთობლივი ნაშრომი დაწერეს.
„ახალი ინფორმაციები და კვლევები ყოველთვის მაინტერესებდა. როცა ამ კონფერენციის შესახებ გავიგე, ვიფიქრე, რომ მონაწილეობას მივიღებდი და ახლო აღმოსავლეთსაც გავიცნობდი. მსოფლიოს უკეთ შეცნობა ხომ ჯერ ახლომდებარე ქვეყნებიდან იწყება. სწორედ ეს გახდა საბაბი ჩემი დაინტერესებისა. კონფერენციის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქალბატონ ნაზი კოჩალიძისაგან გავიგეთ.
საქართველოს მრავალმხრივ უამრავი კავშირი აქვს ახლო აღმოსავლეთთან. თან ჩვენი თემა კონკრეტულად ,,სპარსული ლიტერატურის გავლენა ქართულ ლიტერატურაზე” იყო, რამაც უფრო დიდი ინტერესი გააღვიძა ჩემში, რადგან როგორც უკვე ვიცი, გასულ საუკუნეებში, ქართულ-სპარსული ლიტერატურა ერთმანეთით საზრდოობდა და მოძმეებივით იყვნენ.
გუნდში სამნი ვიყავით და ჩვენი სათქმელი თანაბრად გავინაწილეთ. ზოგადად ვისაუბრეთ სპარსული ნაწარმოებებისა თუ მწერლობის გავლენაზე ჩვენს ლიტერატურასთან მიმართებაში. კონკრეტულად ჩემი სათქმელი მოიცავდა, თუ რამდენად დიად და მნიშვნელოვან ნაწარმოებად იქცა გორგანელის ნაწარმოები ,,ვისრამიანი” ქართველი ერისთვის, რაოდენ დიდი დამსახურება ჰქონდათ იმდროინდელი სპარსულ-ქართული ლიტერატურის გამიჯვნაში ვახტანგ VI-ს, თეიმურაზ I-სა და სულხან-საბა ორბელიანს; ასევე მნიშვნელოვანია ჰაფეზის პიროვნება, ვინც თვით თემურ ლენგის რისხვა წყალობით ჩაანაცვლა მისი ერთი ქმედებით“, _ გვესაუბრება მარიამ ასამბაძე.
„ამ თემამ იმით განაპირობა ჩვენი დაინტერესება, რომ როგორც ქართული ლიტერატურა არის მდიდარი, ისევე მდიდარია სპარსული ლიტერატურაც. ამიტომ საინტერესო იქნებოდა მათი შედარება, საერთოს პოვნა და ასევე კვლევა-ძიება იმისა, თუ რა გავლენა ჰქონდა სპარსულ ლიტერატურას ქართულ ლიტერატურაზე.
ჩემი მოხსენება შეეხებოდა ერთ-ერთ ცნობილ სპარსულ ძეგლ „ქილილა და დამანას,“ ასევე სპარს პოეტებს, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ პოპულარობას. ესენია: ომარ ხაიამი, ნიზამი განჯელი და ჰაფეზი და თუ როდის გამოჩნდა ქართული რობაიები საქართველოში პირველად და ვისი წყალობით“, _ გვიმხელს ინტერესის სფეროს ვიკა ბერიძე.
ანანო გოგიტიძე, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურადაა დაინტერესებული კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და ტექნიკური საკითებით, ჰუმანიტარული მიმართულებით აღნიშნულმა თემამაც დააინტერესა: „ლიტერატურა ჩემთვის უძვირფასესია. ამ თემაზე კი მუშაობის სურვილი უფრო ინფორმაციულმა სიახლემ გამიჩინა.
საქართველოს წერილობითი ფონდები მდიდარია სპარსული ეპოსის ბრწყინვალე ნიმუშების ქართული თარგმანებითა და ვერსიებით, რაც ხალხში დიდ დაინტერესებას იწვევდა. ამ ყველაფერს განაპირობებდა ამ თარგმანთა მხატვრული დონე, საერთო რომანტიკული და გმირული იდეალების არსებობა ამ კულტურებს შორის. სწორედ ამ თემის გარშემო ვისაუბრეთ და გავიცანით არაერთი ავტორის შემოქმედება“.
გოგონები არაერთი აქტივობის წარმატებული მონაწილეები არიან. თანაკლასელები ამბობენ, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა.
უკან |