გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ „ჩვენი სულიერების ბალავარი XII”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითმა ინსტიტუტმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა თემაზე _ „ჩვენი სულიერების ბალავარი XII”. კონფერენციის ორგანიზატორი ნიკო ბერძენიშვილის კვლევით ინსტიტუტთან ერთად ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი იყო.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყამაძე, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაი დურა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ კობერიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია ფუტკარაძე.

წარმოდგენილი თემატიკა ეხებოდა ქართველოლოგიური დარგების, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ლიტერატურის, ფოლკლორის და ენათმეცნიერების სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. 12 მაისს კონფერენციის მონაწილეებმა სიმბოლურად დიდაჭარა მოინახულეს.

ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე ამბობს, რომ სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ დღესასწაულად იქცა და მას წმინდა მეცნიერულ ღირებულებასთან ერთად, ზოგადეროვნული დატვირთვაც აქვს: „ღვთისმშობლის წილხვდომილობისა  და წმიდა ანდრია პირველწოდებულის დიდაჭარაში შემობრძანება ჩვენი კუთხის, თითოეული ქართველის, მთელი საქართველოს დიდი დღესასწაულია. სწორედ ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, კონფერენციის მონაწილენი მეორე დღეს, 12 მაისს, დიდაჭარაში წმიდა ადგილის მოსანახულებლად და მოსალოცად ვიმყოფებოდით.

წარმოდგენილი საკონფერენციო თემები მრავალფეროვანია. ის ცალკე კრებულის სახით დაიბეჭდება, როგორც „ჩვენი სულიერების ბალავარის“ მე-12 ნაწილი“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ ხალვაშის მოხსენება „მეცამეტე საუკუნის ორი ქართული ხელნაწერის (A-85, K-22) შედგენილობა“ მიეძღვნა ტბელ აბუსერისძის მოღვაწეობას გელათის აკადემიაში. „სწორედ ამ პერიოდისაა ორივე ხელნაწერი: A-85 კრებული თავად ტბელ აბუსერისძის მიერ იყო შედგენილი და რედაქტირებული, ამავე ხელნაწერში წარმოდგენილია მისი ხუთი ორიგინალური თხზულება; K-22 კრებული შედგენილია დღემდე უცნობი ქართველი მოღვაწის - კირილე გელათელის მიერ, ეს ხელნაწერი იწყება ტბელ აბუსერისძის საგალობლით, რომლის სათაურია „გალობანი სამთა იოვანეთანი“. აღნიშნულ კრებულები ერთმანეთს ენათესავებიან შედგენილობის თვალსაზრისითაც. ორივე მათგანი მიზნად ისახავს დიდძალი ქართული ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობის გადახარისხებას და დაფუძნებას საბაწმიდურ ტიპიკონზე“, _ ამბობს ბატონი რამაზი.

გაზეთი „ბათუმის უნივერისიტეტი“ პროფესორების _ ავთანდილ ნიკოლეიშვილისა და ლია ქაროსანიძის მოხსენებების მცირე ვერსიებს გთავაზობთ.

ტიმოთე გაბაშვილი ოსმალეთის იმპერიაში

ქრისტიანული ღვთისმსახურების შესახებ

(ავთანდილ ნიკოლეიშვილი)

XVIII-XIX საუკუნეებში წმიდა ადგილების მოსალოცად ნამყოფ ქართველ ღვთისმსახურთა და მწერალთა მოგზაურული ჟანრის ტექსტებსა და დოკუმენტურ ჩანაწერებში თურქული შთაბეჭდილებების მოთხრობის დროს განსაკუთრებული ყურადღება ოსმალეთის იმპერიაში რელიგიური თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასაც აქვს მიქცეული. ხსენებულ ავტორთა უმეტესობას ის პირები წარმოადგენდნენ, რომელთაც ამ ქვეყანაში თვეობით, ზოგიერთებს კი წლობითაც კი, მოუხდათ ყოფნა, რის შედეგადაც საკმაოდ კარგად გაეცვნენ რელიგიური თვალსაზრისით იქ არსებულ ვითარებას.

ასე რომ, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, XVIII-XIX საუკუნეების ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით მათ მიერ მოწოდებული ცნობები შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მივიჩნიოთ  რეალურად არსებულ სინამდვილედ.

საკითხის არსში უკეთ გარკვევის მიზნით, ქვემოთ შევეცდები, სწორედ ზემოთ ხაზგასმული კუთხით განვიხილო XVIII საუკუნეში მოღვაწე მწერლისა და ღვთისმსახურის - ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურული ჟანრის ტექსტი „მიმოსლვა,“ რომელშიც ფაქტოლოგიური სიზუსტითაა მოთხრობილი ქრისტიანული სიწმინდეების მოსალოცად ოსმალეთში, საბერძნეთსა და იერუსალიმში მის მოგზაურებასთან დაკავშირებული ამბები.

როგორც ხსენებული მხატვრულ-დოკუმენტური ტექსტიდან თვალნათლივ ჩანს, იმდროინდელ ოსმალეთის იმპერიაში რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა არსებობდა, ვიდრე შემდგომ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მესვეურთა აქტიური მცდელობის შედეგად მაჰმადიანური რელიგია იმხანადაც გამოკვეთილად პრიორიტეტულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარნი არა მარტო ფიზიკურ დევნა-შევიწროებას განიცდიდნენ, არამედ მეჩეთებად  ეკლესიების გადაკეთების პროცესიც მიმდინარეობდა, ქრისტიანული მღვდელმსახურება ფაქტობრივად მაინც აღევლინებოდა იმპერიის ყველა რეგიონში.

თუმცა ქრისტიანული რელიგია გამონაკლისი არ ყოფილა და ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ აგრეთვე სომხებიცა და ებრაელებიც.

სამწუხაროდ, რელიგიათა ამგვარი შედარებითი თავისუფლება XIX საუკუნიდან უკვე აშკარად იწყებს შეზღუდვას, რის შედეგადაც შემდგომი პერიოდის განმავლობაში არა მარტო არამუსლიმურ რელიგიურ დაწესებულებათა რაოდენობა შემცირდა მკვეთრად, არამედ არამაჰმადიანური სარწმუნოების მქადაგებელ სასულიერო პირთა და მორწმუნეთა წინააღმდეგ გაჩაღებული რეპრესიები დროდადრო ფართო მასშტაბების მომცველ მოვლენადაც იყო ქცეული.

ხსენებული პერიოდისაგან განსხვავებით, შუა საუკუნეების ოსმალეთის იმპერიაში ამ იმპერიის მესვეურთა ცალკეული წარმომადგენლების დამოკიდებულება ქრისტიანული რელიგიისადმი მართლაც რომ იყო რამდენადმე ლოიალური, ამის ნათელსაყოფად აქ  მუმინ ილდიზთაშის მიერ ოსმალურ არქივებში მოძიებული ის რამდენიმე დოკუმენტი მინდა დავიმოწმო, რომლებიც 2012 წელს სტამბოლში ქართულ და თურქულ ენებზე გამოცემულ წიგნში – “საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში” არის წარმოდგენილი.

1. “ირანის მმართველის გაფრთხილება საქართველოს ტერიტორიის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.

არზრუმის ბეგლარბეგს ვუბრძანებ, რომ:

...ირანის მბრძანებელს, შაჰყულს შეახსენე, რომ ჩემი მფარველობის ქვეშ მყოფ ქართველ მთავრებსა და ბეგებს, ასევე მათ ტერიტორიებს არ შეეხოს, დაიცვას მშვიდობა და სიმყუდროვე... არავინ არ დაარღვიოს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის სიმყუდროვე...

...1565 წლის 7 თებერვალი” (ილდიზთაში, 2012: 49).

2. “არზრუმის ბეგლარბეგსა და მის ყადს ვუბრძანებ, რომ:

არტაანის ყადმა და ბერექეთის ციხისთავმა მაცნობეს, რომ ქართველმა აზნაურებმა – ვარაზამ და ქაიხოსრომ ააოხრეს ჩვენი მფარველობის ქვეშ არსებული რამდენიმე სოფელი. გაძარცვეს და გაანადგურეს როგორც ქრისტიანული, ისე მუსლიმური მოსახლეობა.

ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გიბრძანებთ, რომ:

ბრძანების მოსვლისთანავე ჩაატარე კვლევა-ძიება, დამნაშავენი დააპატიმრე და სამართლიანად დასაჯე. მომხდარი ფაქტი თუ სიმართლეს შეესაბამება, აიძულე ისინი დაზარალებულ მოსახლეობას აუნაზრაურონ ზარალი...

1568 წლის 29 აპრილი” (ილდიზთაში, 2012: 55).

3. “ბრძანება იერუსალიმის ყადის და სანჯაყბეგს:

გურიისა და იმერეთის მთავრების ელჩებმა მაცნობეს, რომ იერუსალიმში არსებული ქართველთა სალოცავები, რომლებიც უძველესი დროიდან მათ საკუთრებაში იყო, ფრანგებმა და სომხებმა მიიტაცეს. ვბრძანებ, რომ:

მოუხმეთ იერუსალიმის წარჩინებულები, გააცანით ვითარება და გაარკვიეთ, ეს სალოცავები ძველთაგან ნამდვილად ქართველებს ეკუთვნის თუ სხვებს? მხოლოდ თავდაპირველ მფლობელებს მიეცით საშუალება, რომ მოილოცონ ეს ადგილები, ხოლო დანარჩენებს აუკრძალეთ. შედეგი წერილობით მაცნობეთ!

1577 წლის 14 აპრილი” (ილდიზთაში, 2012: 75).

4. “ჩილდირის ბეგლარბეგს და ახალციხის ყადს ებრძანოს:

...ქეთჰუდა გუმუშ ოსმანი, მდივანი დავუდი და შეიარაღების უფროსი ქუჩუკ ჰუსეინი იგონებენ გაუგონარ გადასახადებს და ამას გარდა თვითნებურად ცვლიან გაწეული სამსახურის სანაცვლოდ გაცემული მიწებით სარგებლობის უფლებებს. ამ მდგომარეობის აღმოფხვრისთვის ადრეც იქნა გამოცემული უმაღლესი ბრძანება, მაგრამ აღნიშნული პირები აგრძელებენ მოსახლეობის შევიწროებას.

შენ კი, ყადო! ამის შემდეგ ქრისტიან მოსახლეობას უკანონოდ ერთი აქჩეც არ მოთხოვო. ზეწოლა და ჩაგვრა დაუშვებელია. მსგავს მდგომარეობას ყოველმხრივ აარიდეთ თავი...

1691 წლის 9 თებერვალი” (ილდიზთაში, 2012: 129).

როგორც დამოწმებული დოკუმენტებიდანაც ნათლად ჩანს, ოსმალეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები დროდადრო ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი მოსახლეობის უფლებათა დამცველის როლშიც გამოდიოდნენ და მკაცრ ზომებს ატარებდნენ იმ პირების მიმართ, რომლებიც მათი იმპერიის მოქალაქეებს რელიგიური ნიშნით ავიწროებდნენ.

აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს რომ წარმოადგენს, ეს ოსმალეთში XVIII-XIX საუკუნეებში ნამყოფ ქართველ მწერალთა მოგზაურული ჟანრის ტექსტებითაც დასტურდება. მათგან ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო XVIII საუკუნეში მოღვაწე მწერლისა და ღვთისმსახურის, ქართლის მთავარეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილის (დაბადების თარიღი უცნობია. გარდაიცვალა 1764 წელს). ზემოთ ნახსენებ მხატვრულ-დოკუმენტურ ტექსტს. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, მან 1750-1759 წლებში წარმატებით იმოგზაურა საბერძნეთსა და იერუსალიმში იქ არსებული წმინდა ადგილების მოსალოცად.

თავისი მოგზაურული შთაბეჭდილებები ტიმოთე გაბაშვილმა საკმაოდ ვრცლად მოგვითხრო მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებში – “მიმოსლვა.” იმის გამო, რომ ამ მოგზაურობის დროს მწერალს თურქეთშიც მოუხდა ხანგრძლივი დროის განმალობაში ყოფნა, ხსენებულ ნაწარმოებში მის თურქულ შთაბეჭდილებათა გადმოცემასაც აქვს დათმობილი  მნიშვნელოვანი ადგილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ტ. გაბაშვილის, როგორც სასულიერო პირის, მოგზაურობის უმთავრესი მიზანი ქრისტიანულ სიწმინდეთა მონახულება და მოლოცვა იყო, “მიმოსლვის” ძირითად სიუჟეტურ ქარგას უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ სიწმინდეებთან დაკავშირებული ამბებისა და ავტორის სარწმუნოებრივ გრძნობათა გადმოცემა განსაზღვრავდა. როგორც ტ. გაბაშვილის მონათხრობიდან ნათლად ჩანს, ქრისტიანული ტაძრები და ეკლესიები ფაქტობრივად ხსენებული პერიოდის ოსმალეთის ყველა კუთხეში არსებობდა და მათში განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე აღესრულებოდა წირვა-ლოცვა. ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ოსმალეთის იმპერიის იმჟამინდელი სახელისუფლებო წრეების ცალკეულ წარმომადგენელთა სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ნათელ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ტ. გაბაშვილს, როგორც საპატიო სტუმარს, ხსენებული პირები ყველგან და ყოველთვის დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ, ყურადღებას არ აკლებდნენ და ღირსეულად მასპინძლდებოდნენ კიდეც.

იქიდან გამომდინარე, რომ იერუსალიმში მიმავალმა ტიმოთემ, მგზავრობასთან დაკავშირებულ სირთულეთა გამო, ოსმალეთის იმპერიასა და მის იმჟამინდელ დედაქალაქ სტამბოლში (მწერალი მას ყოველთვის კონსტანტინეპოლის სახელით მოიხსენიებს) თითქმის მთელი წელიწადი დაჰყო, მას დიდი შესაძლებლობა მიეცა საიმისოდ, საფუძვლიანად რომ გაცნობოდა თურქეთის პოლიტიკურ და ეკონომიურ მდგომარეობას.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ოსმალეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლება ტ. გაბაშვილს, როგორც საპატიო სტუმარს, ამ ქვეყანაში მისი ყოფნის განმავლობაში განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა. მაგალითად, როცა სულთანის კარზე შეუტყვიათ, რომ მათი სტუმარი იერუსალიმში აპირებდა გამგზავრებას ქრისტიანული სიწმინდეების მოსალოცად, მოგზაურობის დროს მოსალოდნელი ხიფათისაგან დაცვის მიზნით იმპერიის ვეზირს მისთვის უსაფრთხოების განმაპირობებელი სპეციალური ფირმანი მიუცია, სადაც ეწერა: “ვბრძანებთ მაღლისა ხელმწიფობისა ჩვენისა ბრძანებითა ჩვენ, დიდად ამაღლებული ხელმწიფე მრავალთა საპატრონოთა და ძლიერებისა მპყრობელი ხონთქარი, და ამა ფერმანსა ბრძანებისა ჩვენისასა უბოძებთ ამას და უბრძანებთ ყოველსავე იერუსალიმად მიმავალთათვის გზათა ზედან ფაშათა, ენგიჩარაღასთა, სარდალთა, ვოივოდათა, ყადთა და ერთობით ყოველთა მორჩილთა ბრძანებისა ჩვენისათა: ესე ტფილისის ქვეყნის როჰბანი ტიმოთე, თავისის მოსამსახურით, ჩვენი ამაღლებულის კარის სტუმარი იქმნა, იერუსალიმს წარსვლისათვის დასტური უბოძეთ. სადაც მოიწიოს, პატივი და სამსახური მიეცით, არავინ არა სთხოვოს რა, არავინ რა აწყინოს, თვარემ ერთის თეთრის ზიანი ათას ქესად ვერ ადგება. გზაზე, საცა შიში იყოს, თოფ-იარაღიანი გზის მცველნი გაატანოთ, მშვიდობით მივიდეს. ეს ჩვენი ბრძანება ასე იცოდეთ” (გაბაშვილი, 1956: 56).

ოსმალეთის იმპერიის ვეზირის მიერ იერუსალიმში მიმავალი ტიმოთესთვის მიცემულ ამ ფირმანს განსაკუთრებულ ძალას სძენდა ის ფაქტი, რომ იგი მწერალს უსაფრთხოების გარანტიას არა მარტო ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე აძლევდა, არამედ იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზეც, რადგანაც პალესტინაცა და იერუსალიმიც მაშინ ამ იმპერიის დაქვემდებარებაში იყო მოქცეული.

თავისი მოგზაურობის მიზანდასახულობიდან გამომდინარე, ტ. გაბაშვილის „მიმოსლვაში“ განსაკუთრებული ყურადღების საგნად უპირველეს ყოვლისა ქრისტიანული ტაძრების, ეკლესია-მონასტრებისა და სიწმინდეების მონახულება, მოლოცვა და იქ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ცნობათა მოწოდება წარმოადგენდა.

ქრისტიანული რელიგიის მღვდელმსახურებისა და მრევლისადმი ოსმალეთის იმპერიაში იმხანად მართლაც რომ არსებობდა ერთგვარად შემწყნარებლური და არააგრესიული დამოკიდებულება, ამის დამადასტურებელ მაგალითებს მკითხველი საკმაოდ იპოვის ტ. გაბაშვილის “მიმოსლვაში.” მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის ყველა კუთხეში, სადაც ტიმოთემ იმოგზაურა, მას მასპინძლობას უპირველეს ყოვლისა იქ არსებული ქრისტიანული ეკლესია-მონასტრებისა და ტაძრების მღვდელმსახურნი უწევდნენ.

ოსმალეთის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ქალაქი, სადაც ტიმოთეს ერთი თვის განმავლობაში მოუხდა შეჩერება, ტრაპიზონი იყო. იქ ყოფნის განმავლობაში მას მასპინძლობას იქაური მღვდელმთავარი ანანია ტრაპიზონელი უწევდა.

როგორც ტ. გაბაშვილის მონათხრობიდან თვალნათლივ ჩანს, XVIII საუკუნის 50-იანი წლების თურქეთში დედათა მონასტრებიც არსებულა, სადაც აქტიური სამონაზვნო ცხოვრება ყოფილა გაჩაღებული. ერთ-ერთ ასეთ ადგილს წარმოადგენდა ტრაპიზონის ახლოს მდებარე სუმელას უძველესი მონასტერი. იქ  მისულ ტიმოთეს თურმე ქრისტესმიერი სიყვარულით მიეგებნენ “სულიერი დედა, წინამძღვარი და სხვანი დანი და დედანი, ჯვარშემოსილი კრებული და გალობითა და კეროვანებითა შეუძღვნენ ადგილთა მათ წმიდათა” (გაბაშვილი, 1956: 8).

ტრაპიზონში ერთთვიანი ყოფნის შემდეგ ტიმოთე ქალაქ უნიეში შეჩერდა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. უნიეშიც მისი მასპინძლები იქაური ქრისტიანები ყოფილან.

ოსმალეთის იმპერიაში არსებული ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების შესახებ საუბრის დროს ტ. გაბაშვილი იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რამდენიმე მათგანში ძველად ქართველი სასულიერო პირებიც რომ ეწეოდნენ მღვდელმსახურებას. მაგალითად, იზმირისაკენ მიმავალ მწერალს ქალაქ უშის ახლოს უნახავს წმიდა მამა ხარიტონის მონასტერი, სადაც ძველად თურმე “ქართველნიცა მრავალი ცხოვრებულან” (გაბაშვილი, 1956: 10).

იზმირში კი იგი იქაურ მღვდელმსახურებს “სრასა მთაწმიდელთა ქართველთა მონსატრისასა” მიუყვანიათ და “მუნ დაუსადგურებიათ” (გაბაშვილი, 1956: 11). ხოლო კუნძულ პატმოსზე არსებულ მონასტერში სტუმრად მისულს უნახავს “ჯვარი ოქროსი, ქართველთაგან შემოწირული” (გაბაშვილი, 1956: 63).

ტ. გაბაშვილის მონათხრობიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ XVIII საუკუნის ოსმალეთში საკმაოდ მრავლად არსებული ქრისტიანული ეკლესიები მნიშვნელოვან მატერიალურ ქონებასაც ფლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა და მატერიალური სიმდიდრე, ტიმოთეს მონათხრობის მიხედვით, თურქეთში იმჟამად არსებულ ქრისტიანულ ეკლესიათა დიდ ნაწილში ყოფილა დამკვიდრებული, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოში ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ყველასგან განსხვავდებოდა.

ტ. გაბაშვილის მონათხრობში იმ დიდ ავტორიტეტსაც აქვს განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული, რითაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი სარგებლობდა როგორც მთელი ოსმალეთის მასშტაბით, ისე მეზობელ ქვეყნებშიც. სწორედ ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ის წერილი, რომელიც მან იერუსალიმში მიმავალ ტიმოთეს გაატანა მოსალოდნელი ხიფათისაგან თავის დასაცავად. ნათქვამის დასტურად დავიმოწმებ ფრაგმენტს ხსენებული წერილიდან:

“ეს ყოვლად სამღვდელო ტიმოთე, საქართველოს მიტროპოლიტი, ძმა და თანამწირველი ჩვენი, თავისის ქვეყნიდამ წმიდად ქალაქად იერუსალიმად წარმოსულ არს თაყვანისცემად ცხოველის მყოფელის საფლავისა. ჩვენ ესე წიგნი უბოძეთ, სადაც მოიწიოს, მოეგებოთ და კეთილად შეიწყნაროთ, ვითარცა მამა და მღვდელმთავარი, უცხო და შორის გზით მოსრული... იერუსალიმად მიმყვანებელსა გზასა კეთილად მიუძღვეთ, ზღვითა თუ ხმელით, არარა დასაბრკოლებელი შეემთხვიოს” (გაბაშვილი, 1956: 57).

XVII საუკუნის 50-იანი წლების ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული ამბების მოთხრობის დროს ტიმოთე გაბაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შედგომ პერიოდში შექმნილ იმ მდგომარეობასაც მიაპყრობს, რის შედეგადაც საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლური სარწმუნოების უმთავრეს ცენტრად არსებული ქალაქი ამ დიდ ფუნქციას იმპერიის იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკვე კარგავდა.

მაგალითად, „მიმოსლვის“ ერთ-ერთ ეპიზოდში ამ გარემოებით განპირობებულ  გულისტკივილს მწერალი შემდეგნაირად გამოხატავს:   «ტყვეობისა მისისათვის განვიცდიდი რა, ცრემლითა აღივსებოდეს წიაღნი ჩვენნი და ვიგონებდი, თუ ცოდვანი კაცთანი ვითარსა რისხვასა მოაწევენ ქვეყანასა ზედა, თუ ვითა კონსტანტინეპოლი... დედაქალაქად სამეუფოდ მეფეთა ქრისტეს მოყვარეთაგან ჭირნახულ ნაღვაწი, ზეგარდამოთა წამისყოფითა აღშენებული, და ღირსთა მამათა ჩვენთა ხარისხი და სჯულისდებათა და წმიდათა კრებათა შესაკრებელი და თითოსახითა საღმთოთა საეროთა სიკეთითა შემკული, ვითარ ცოდვათა ჩვენთათვის მიეცა აგარიანთა და საბარბაროზო მთავრობა იმონებენ ეკლესიათა ღმთისათა, და ქვაბ და სავანე ავაზაკთა ქმნილ არს ვენახი ღვწილი სორექი უფლისა“ (გაბაშვილი, 1956: 52).

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ტ. გაბაშვილის „მიმოსლვა“ იმის სათქმელადაც გვაძლევს კონკრეტული ფაქტებით მყარად არგუმენტირებულ საფუძველს, შესაბამისი პერიოდის კონსტანტინეპოლსა და, საერთოდ, მთელი ოსმალეთის იმპერიაში არქიტექტურული სილამაზითა და მდიდრულად კეთილმოწყობილი მრავალი ტაძარი რომ არსებობდა, სადაც უამრავი მღვდელმსახური არა მარტო ქრისტიანულ წირვა-ლოცვას აღასრულებდა თავისუფლად, არამედ  მატერიალურადაც კარგად ცხოვრობდა და უფლებრივადაც არ იყო შეზღუდული.

მაგალითად, მწერლის თქმით, კონსტანტინეპოლში ყოფნის პერიოდში პატრიარქმა კირილემ „თვისსა სრასა შინა განგვიმზადა სადგური. და პურისმტე გვყო მარადის გვერდით მისით... ხელითა თვისითა გვიბოძის სანოვაგეთა და მრავალფერად მითავაზებდა... და სამღვდელოთა მისთა თანა სულიერად ვიშვებდით, რამეთუ იყვნენ დიდებულად ცხოვრებითა“ (გაბაშვილი, 1956: 53).

მსგავსი ეპიზოდები, რომელთა მეშვეობითაც ნათელი წარმოდგენა გვემნება ხსენებული პერიოდის ოსმალეთის იმპერიასა და მის დედაქალაქში არსებული ქრისტიანული ცხოვრების მასშტაბებზე, ტ. გაბაშვილის მონათხრობში საძებარი არ არის.

ტ. გაბაშვილის მიერ ოსმალეთის იმპერიასა და მის დედაქალაქში ქრისტიანულ ღვთისმსახურებასთან და ამ თვალსაზრისით იქ არსებულ რეალობასთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციათა მნიშვნელობას არსებითად განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ყველაფერ ამას ის პიროვნება აკეთებს, რომელიც, როგორც იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსალოცად წასული მღვდემსახური, თავადაც იყო ამ სამყაროს სისხლხორცეული ნაწილი.

ქართული ტერმინოლოგიური ბაზის -

ქართული ტერმინთბანკის - მნიშვნელობისათვის

(ლია ქაროსანიძე)

          ქართული ტერმინთბანკი ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების ბაზაა. ტერმინოლოგიური ბაზის - ქართული ტერმინთბანკის -  შექმნაში ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად მონაწილეობს რამდენიმე უწყება, კერძოდ:

  • საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიური ასოციაცია;
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი.

       ქართულ ტერმინთბანკში თავს იყრის უმნიშვნელოვანესი მასალა, კერძოდ: სხვადასხვა დროის დარგობრივი ლექსიკონები; ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი ფონდები; უმნიშვნელოვანესი ოქმები, რომლებშიც XX საუკუნის ტერმინოლოგიური საკითხების შესახებ გამართული სხდომების ჩანაწერებია დაცული; დარგის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული შენიშვნები; ძველი ქართული ტერმინოლოგიური მასალა; არასალიტერატურო ფონდი; სხვადასხვა გაზეთში შემონახული ტერმინოლოგიური მასალა; ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია თემატური საძიებლებით.     

      ტერმინთბანკს შემდეგი ფუნქციები აქვს: აქ იძებნება სიტყვის განმარტება, სიტყვის წარმომავლობა, სიტყვის შედგენილობა, ტერმინები მაწარმოებლების მიხედვით, დარგი, ბარბარიზმი, სინონიმი, გამოუქვეყნებელი ტერმინოლოგიური მასალები, სიტყვა ფუძის/ძირის მიხედვით, არასალიტერატურო მასალა, ძველი ქართული მასალა, სპეციალისტთა შენიშვნები; ქართული ტერმინთბანკის მასალის გამოქვეყნება არ იგეგმება გამართული ტექნიკური უზრუნველყოფის, სპეციალური უსაფრთხოების სისტემის გარეშე. ქართული ეროვნული ტერმინოლოგიური ტერმინთბანკი ეფუძნება თანამედროვე ტერმინთბანკის სტანდარტებს და, შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი პროგრამის შექმნაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ევროპული ტერმინთბანკების მართვის სისტემები.

ქართულ ტერმინთბანკს საბოლოოდ სამი ძირითადი დანიშნულებისთვისაა გამიზნული:

  1. პრაქტიკული - მთარგმნელი მოძებნის სიტყვის შესატყვისს სხვადასხვა ენაზე (ჯერჯერობით ქართული ტერმინთბანკის მასალა სამენოვანია: ქართულ-ინგლისურ-რუსული);
  2. სამეცნიერო - სამეცნიერო მუშაობისათვის უმნიშვნელოვანესია ქართულ ტერმინთბანკში თავმოყრილი მასალა, კერძოდ, ეს იქნება, სხვადასხვა საკითხზე ლიტერატურის  თუ ნებისმიერი მახასიათებლით  მასალის მოძიება: ტერმინთმაწარმოებლების, აგებულების,  დარგის, გამოცემებების მიხედვით ტერმინების ძიება, ასევე შესაძლებელია ისტორიული ფორმების მოძიებაც;  აქვეა გამოუქვეყნებელი ოქმები, ტერმინოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული სხდომების გამოუქვეყნებელი ოქმები; აქ დაცული გამოუქვეყნებელი მასალა მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის ისტორიის კვლევისათვისაც.
  3. შემეცნებითი: ქართულ ტერმინთბანკი მომხმარებელი იპოვის სხვადასხვა ტერმინის შექმნის ძალიან საინტერესო ისტორიებს, ტერმინთა ავტორების ვინაობას.

      ქართული ტერმინთბანკის მასალაზე დაყრდნობით შესაძლებელია  არსებული დარგობრივი ლექსიკონების შევსება-განახლება, ტერმინთა ნორმალიზაცია. ეს გზა კარგადაა ცნობილი ევროპელი ტერმინოლოგებისთვის.  „ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის და­გეგ­მვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის პოლიტიკის ფარ­გლებ­ში, ამ პო­ლი­ტი­კის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ეროვ­ნუ­ლი ტერმინოლოგიის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა გამო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა “,  - წერია იუნესკოს მიერ მომზადებულ ტერმინოლოგიის მართვის პოლიტიკაში.

           ქართული ტერმინთბანკში თავმოყრილი გასაანალიზებელი მასალა აჩქარებს სარედაქციო სამუშაოებს.  ტერმინთბანკიდან ამოღებული თემატური და დარგობრივი  მასალა იგზავნება სხვადასხვა კვლევითი თუ სასწავლო ცენტრის სპეციალისტებთან, მასალის სარედაქციო სამუშაოში ჩართულია თითქმის ყველა დარგის მკვლევარი, მეცნიერი, მათ შორის ისინიც, რომელთაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფით გამოცემულ ლექსიკონებში უშუალო მონაწილეობა აქვთ მიღებული.  უკვე მზადაა გამოსაქვეყნებლად საკმაოდ  დიდი მასალა, რომელსაც, იმედია, მალე იხილავს ქართველი საზოგადოება. აქ მთავარი ისაა, რომ გამოქვეყნებული მასალა იქნება არა ერთი ჯგუფის მიერ არჩეული ტერმინი, არამედ დარგის სპეციალისტებისა და ტერმინოლოგების ერთობლივი მუშაობით დადგენილი ფორმა, შესაბამისად, ასეთი მუშაობის შედეგად გამოქვეყნებული მასალა სანდოა და დასაყრდენი.

წლების წინ კონფერენციის ჩატარების იდეის ავტორი, აწ განსვენებული პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე გახლდათ. კონფერენცია მომავალშიც ჩატარდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა