გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„სტატუსებზე არასდროს მიფიქრია...“

სურათი

32 წლის ნათია მახარაძეს ახლხან მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. პროფესიით ფილოლოგმა, სწავლების ყველა საფეხურზე განათლების მიღება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ანდო. ამჟამად ის ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. უყვარს სიახლეები და ფაქტობრვად, თავისუფალ დროს,   ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, სწორედ ძიების პროცესს უთმობს.

_ გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი სტუდენტობის წლები...

_ სკოლის დამთავრების შემდეგ უფროსები მეუბნებოდნენ, რომ კიდევ ერთი კარგი ხანა იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში და მართლაც ასე აღმოჩნდა. ეს იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელმაც ჩემი ცხოვრების შემდგომი ეტაპი განსაზღვრა. სტუდენტობისას, მაქსიმალურად ვცდილობდი, მიზნობრივად გამომეყენებინა თითოეული წამი, წუთი. აქტიურად ვმონაწილეობდი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ღონისძიებებში, განსაკუთრებით კონფერენციებში, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. სისტემატურად ვესწრებოდი ლექციებსა თუ სემინარებს და ყოველთვის მქონდა სიახლისადმი მზაობა, ყოველ დღეს ვიჯექი ბიბლიოთეკაში და გულმოდგინედ ვმუშაობდი. კარგი აკადემიური მოსწრება კი მეხმარებოდა საზაფხულო  სტუდენტურ  დასაქმებაშიც.  ერთი შეხედვით, შეიძლება მავანმა იფიქროს, რომ ერთფეროვანი სტუდენტური წლები მქონდა, მაგრამ ამგვარი შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რომ ცხოვრების შემდგომი გზა იოლად გამეკვალა.  გარჯა უკვალოდ არ ჩაივლის და კარგი სტუდენტი ლექტორებსაც არ დარჩება ყურადღების მიღმა. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. დღეს რომ სკოლაში ვმუშაობ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ, თავისი საქმის პროფესიონალსა და ადამიანური თვისებებით გამორჩეულ  ქალბატონს, ნათია ფარტენაძეს. სწორედ მისი რეკომენდაცია დამეხმარა პირველი რთული ეტაპის დაძლევაში და შემდეგ ყველაფერი მარტივად აეწყო. აქვე აღვნიშნავ, რომ ქალბატონი ნათია გახლდათ ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი.

_ ნათია მასწავლებელი საკლასო ოთახში პირველად...

_ კვლავ რეკომენდაციის ამბავს დავუბრუნდები, რადგან  ამის შემდეგ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების საგაკვეთილო პროცესებს ვესწრებოდი, ბევრი კარგი მიდგომა, მეთოდი, ხერხი შევისწავლე მათგან და ძალიან მადლიერი ვარ. ამით იმის თქმა მინდა, პრაქტიკული ცოდნაც დამეხმარა იმაში, რომ პირველ დღეს საკლასო ოთახში   არ ავღელვებულვარ და  გარემოს შეჩვეული დინჯად ვიდექი ძვირფასი მოსწავლეების წინაშე. 

_ გზა პრაქტიკოსი მასწავლებლობიდან მენტორობამდე...

_ სიმართლე გითხრათ, სტატუსებზე არასდროს მიფიქრია. ყველაფერი თავისთავად, სწრაფად და  მარტივად მოხდა. საგნისა და პროფესიული უნარების წარმატებით  ჩაბარების შემდეგ, მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მალევე, აქედან ორი წლის შემდეგ, დოქტორის სტატუსმა წამყვანი მასწავლებელი გამხადა და რაც შეეხება მასწავლებლის ბოლო სტატუსს, მენტორობას, არც ამაზე გავრჯილვარ.  თავისთავად მოხდა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა არის აქტიური, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მოსწავლეებთან ერთად დაგეგმილი ყველა აქტივობა. არასდროს არ დამიგეგმავს რომელიმე აქტივობა  იმიტომ, რომ სამომავლოდ ის მე სტატუს მომაპოვებინებდა.  როცა მენტორობისთვის საჭირო  დოკუმენტების ატვირთვის თარიღი გამოცხადდა, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მირჩია, შენც ატვირთე, საამისოდ ყველაფერი გაქვსო: ბევრი აქტივობა, გრძელვადიანი რესურსები, რომლებსაც მუშაობის პროცესში ვქმნიდი, რა თქმა უნდა, კვლევები და ა.შ.  ყოველივეს თავი მოვუყარე, ბოლო დღეს ავტვირთე, გავიარე გასაუბრება, საგნის  ექსპერტები გაესაუბრნენ კოლეგებსა და მშობლებს და მომივიდა დადებითი პასუხი. მოკლედ, მთავარია პედაგოგიური საქმიანობისას იყო აქტიური და  გულწრფელად გიყვარდეს შენი სამუშაო, დანარჩენი, თუნდაც სტატუსები, ბუნებრივად  მოჰყვება ამ ყველაფერს.

_ რას ურჩევთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის ამაღლებისთვის იბრძვიან?

_ ფაქტობრივად, იმავეს გამეორება მომიწევს _ უყვარდეთ არჩეული პროფესია, იაქტიურონ და იყვნენ გულწრფელები.  თავადაც არასდროს შეწყვიტონ სწავლა. ასევე, ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, იყვნენ სიახლის მიმღებნიცა და გამზიარებელნიც.

_ ქალბატონო ნათია, წარმატებული პედაგოგის გადასახედიდან, რა პრობლემებს გამოკვეთთ თანამედროვე განათლების სისტემაში?

_ ვგონებ, ეს მარტივად სასაუბრო რ არის. სამწუხაროდ, პრობლემა ბევრია: დრომოჭმული საგანმანათლებლო სისტემა, მასწავლებლის პროფესიის დაუფასებლობა, სკოლებში   სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის არქონა, არასაკმარისი მასტიმულირებელი რესურსები და ა.შ.

_ მასწავლებელი და მოსწავლე _  რაში მდგომარეობს თანამედროვეობაში ეფექტური კომუნიკაციის საიდუმლო?

_ მასწავლებლისა და მოსწავლის ეფექტურ კომუნიკაციას, ვფიქრობ, რამდენიმე რამ განსაზღვრავს:  მათ აუცილებლად უნდა  დაინახონ, რომ გიყვართ და მათზე ზრუნავ. უნდა აგრძნობინო, რომ თითოეული მათგანი არის არაჩვეულებრივი; მასწავლებელმა უნდა შეძლოს თითოეული მოსწავლისთვის სწავლისადმი ინტერესისა და სიყვარულის ჩანერგვა; უნდა შეგეძლოს მათი ინტერესების გათვალისწინება და დახმარება ინდივიდუალიზმის აღმოჩენაში; უანგაროდ და უყოყმანოდ უნდა ახერხებდე მათთვის დახმარების ხელის გაწოდებას; აუცილებელია ნდობის ფაქტორი; უნდა იყო ენერგიული, პასუხისმგებლიანი, კეთილი, რათა თავადაც გახდნენ ამავე თვისებების მატარებელნი. ისინი ძალიან წრფელები და აზრიანები არიან. თუ შეამჩნევენ, რომ რაღაც შეგეზარა, უპასუხისმგებლოდ იქცევი, მაშინ მათგან პატივისცემასა და სიყვარულს ვერ დაიმსახურებ და შესაბამისად, ეფექტური კომუნიკაციაც ვერ შედგება.

_ ნათია მასწავლებლის ერთი ჩვეულებრივი დღე...

_ ჩემი დღე იწყება  07:00 საათიდან: მოწესრიგება, პატარების დაპურება, სკოლაში წასვლა,  ბავშვების გასეირნება და სტუდენტობისას მოკლებული გართობის ახლა, ვფიქრობ, სწორ დროს  ანაზღაურება.

_ რას ურჩევთ მომავალ თაობას?

განათლების მიღება ყოველთვის აქტუალურია და მით უმეტეს  დღეს, 21-ე საუკუნეში. ამიტომ ჩვენს მომავალ თაობას ვურჩევ, არ დაიშურონ ძალისხმევა  სწავლა-განათლებისთვის, იყვნენ მიზანდასახულნი, რათა ეს არის მათი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საპირწონე. ეს კი მათ გააკეთილშობილებს და გააბედნიერებს. ტყუილად და უმიზნოდ კი არ არის ნათქვამი, რომ „ცოდნა ძალაა“.  მართლაც, ცოდნა უმთავრესი  სიმდიდრეა. აგრეთვე, ვეტყვი, რომ ყოველთვის იყვნენ კარგის კეთების მცდელობაში.  თავდაპირველად თუ არ გამოუვათ,  ხელი არ ჩაიქნიონ, ცდა არ დააკლონ, ბოლომდე იბრძოლონ და ვარწმუნებ, აუცილებლად მიაღწევენ შედეგს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა