ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“. უკვე მეორე წელია, კონფერენციის ჩატარება ტრადიციადქცეულ სამეცნიერო პიკნიკს ემთხვევა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანინიზებით გაიმართა.
როინ მალაყმაძე, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ მსგავსი თემატიკის კონფერენციები მსოფლიო კულტურას კიდევ ერთხელ დააახლოვებს და თანამედროვე პროცესებს ერთობლივად გააანალიზებინებს: „კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტმა მონაწილემ წარადგინა მოხსენება შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, არქიტექტურის, ფილოსოფიის, რელიაგიათმცოდნეობის, სამართლის და სხვა მიმართულებით. სასიამოვნო იყო ჩვენთვისაც, რომ სწორედ ამავე კონფერენციის გახსნაზე, რომელიც სამეცნიერო პიკნიკს დაემთხვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონ ქეთევან ქოქრაშვილმა ბსუ-ს წარმატებული მკვლევრები დააჯილდოვა, მათ შორის კი - ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი ნანული ნოღაიდელი, ქართველოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ამავდროულად, მსგავსი კონფერენციები თაობებს აახლოებს, აცნობს ერთმანეთს. წარმატებით იმუშავა თითოეულმა სექციამ, გამოიკვეთა ახალი პრობლემები, რაც მომავლის მეცნიერების კვლევა-ძიების თემატიკად იქცევა“.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის აკადემია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ივანე ჯავახიშვილის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტი.
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ პროფესორების - ლელა სარალიძის, ჯემალ კარალიძის და ვინსენტ კოჩეპტის მოხსენებათა მოკლე ვერსიებს გთავაზობთ. მათ მიერ დასმული პრობლემები აქტიურია და მომხსენებელთა შორის არაერთი კითხვა განაპირობა.
ბათუმის საკითხი რუსეთ-ოსმალეთის დიპლომატიაში და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია (1920-1921 წწ.)
ლელა სარალიძე, თსუ, პროფესორი
საკითხი ეხება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვან პერიოდს, კერძოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ზურგს უკან ბოლშევიკური რუსეთის და მუსტაფა ქემალის მთავრობებს შორის დიპლომატიურ გარიგებას, რასაც შედეგად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მოჰყვა. იმდროისთვის, არც ბოლშევიკების ხელისუფლება ვ. ლენინის მეთაურობით და არც მუსტაფა ქემალ-ფაშას მთავრობა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების და დაშლის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას, დიპლომატიური თვალსაზრისით, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ ოფიციალურად ცნობილი არ იყო. უფრო მეტიც, ევროპის სახელმწიფოთა მეთაურები ქემალისტების მთავრობას ოსმალეთის სულთნის წინააღმდეგ ამბოხებულ ძალად მიიჩნევდნენ. ამიტომაც ოსმალეთის ახალმა ხელმძღვანელობამ დიპლომატიური გარიგება გადაწყვიტა, ასევე, საერთაშორისოდ არაღიარებულ ბოლშევიკებთან, რომლებიც უკვე რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში იმარჯვებდნენ და სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების გაფართოებას ოსმალეთის დახმარებით გეგმავდნენ.
მიუხედავად ამისა, გრძნობდა რა ოსმალეთის მხრიდან აგრესიის საშიშროებას, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ოსმალეთის ახალ არაღიარებულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის მიზეზი სწორედ, ვ. ლენინისა და მ. ქემალის საიდუმლო დიპლომატიური გარიგება იყო. ამრიგად, თურქებმა საქართველოს ტერიტორიის დანაწილება, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გვერდის ავლით გადაწყვიტეს. ქემალისტებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებასთან, რომლისგანაც 1920-1921 წლებში, 8,4 მილიონი ოქროს რუბლი და სამხედრო დახმარება მიიღეს.
1920 წლის 28 იანვარს, კონსტანტინოპოლში შეკრებილ ოსმალეთის იმპერიის პარლამენტში, პირველივე სხდომაზე, ქემალისტების მომხრე დეპუტატებმა გაიტანეს კანონი, რომელსაც „მისაკ-ი მილი“ (Mîsâk-ı Millî), „ეროვნული აღთქმა“ („ეროვნული პაქტი“) ეწოდა. აღნიშნული დოკუმენტით ოსმალეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ოსმალეთის ახალი ხელისუფლება ბათუმის და ყარსის ოლქებზე პრეტენზიას კვლავ აცხადებდა. „მისაკ-ი მილის“ მეორე მუხლი ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქებში, მათი მომავალი სტატუსის განსაზღვისთვის რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა. აღნიშნული ტერიტორია 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის, ხოლო 1918 წლიდან სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკების შემადგენლობაში შედიოდა. „ეროვნული პაქტი“ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებს ეყრდნობოდა, რითაც 1918 წელს, 40 წლის შემდეგ თურქებმა სამი სანჯაყი (Elviye-i Selâse): ყარსი, არტაანი და ბათუმი ბოლშევიკების სეპარატისტული ზავით დაიბრუნეს და მას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევდნენ, არ ითვალისწინებდნენ რა იმ უკანონობას, რაც აღნიშნულ პროცესებს თან სდევდა.
ოსმალეთის ახალი ხელისუფლება, ერთის მხრივ, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არწმუნებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი გაძლიერება მათ ინტერესებშიც შედიოდა, მეორეს მხრივ კი, მის წინააღმდეგ საბჭოთა მთავრობასთან გარიგებას აწარმოებდა. გარიგება შედგა — რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში ოსმალეთის ხელისუფლებას ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა, რის საფასურადაც ბოლშევიკური მთავრობა მას ქართული მიწა-წყლის ნაწილს დაუთმობდა.
პრეტენზიების მიუხედავად, ოსმალეთის ქემალისტურმა მთავრობამ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, რითაც ფაქტობრივად მისი საზღვრები აღიარა. ოსმალეთის ახალი მთავრობის ელჩი საქართველოში მეჰმედ ქიაზიმ დირიქი იყო. იგი 1920 წლის 20 ნოემბერს, თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ თბილისში საგანგებო წარმომადგენლად დაინიშნა.
სიმონ მდივნი ანგორაში, 1921 წლის 31 იანვარს, ჩავიდა და რწმუნების სიგელი ქემალის მთავრობას იმავე წლის 8 თებერვალს გადასცა. ცერემონიალს, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის პოლიტიკურ საქმეთა ხელმძღვანელის რანგში, ჰიქმეთ ბეი ესწრებოდა. შეხვედრაზე მუსტაფა ქემალმა განაცხადა: „მოხარული ვარ, მივესალმო პირადად თქვენს აღმატებულებას, ქართველ ხალხს, ვისთანაც გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ურთიერთობას, რომელიც დიდი გულითადობით გამოირჩევა. მე, ასევე, მსურს გამოვხატო მთელი ჩემი მადლიერება ჩვენი საქმის სამართლიანობისადმი, იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ მოგენიჭათ ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებისთვის, რომელიც იბრძვის თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების ხელახლა მოსაპოვებლად. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობამ, რომელმაც უკვე გადაწყვიტა გასული წლის 21 ოქტომბერს ნოტით მიემართა თქვენი მთავრობისთვის, მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოს არსებობა ჩვენს ინტერესებთან შესაბამისობაშია. ...ოსმალეთის ხელისუფლებას, რომელიც იბრძვის, რათა ჩვენმა მტრებმა აღიარონ ჩვენი ქვეყნის ბედის თურქი ხალხის მიერ განსაზღვრის უფლება, სრულიად ბუნებრივად მიაჩნია, იგივე ეს უფლება გამოიყენოს ყველა ერმა და ძირითადად, ქართველმა ერმა, მისმა მეზობელმა. ვთხოვ თქვენს აღმატებულებას, გადასცეთ საქართველოს მთავრობას ჩვენი სურვილები თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ბედნიერების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ყოფნა ჩვენს შორის, ისევე როგორც ის იშვიათი თვისებები, რის გამოც თქვენ ამ დელიკატურ თანამდებობაზე დაინიშნეთ, ხელს შეუწყობს ჩვენი ორი ხალხის კავშირის დღითიდღე გაძლიერებას“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუსტაფა ქემალის ხელისუფლება, ისევე როგორც ოსმალეთის სულთნის მთავრობა, ქ. ბათუმს და ბათუმის ოლქს ოსმალეთის კანონიერ ტერიტორიად მიიჩნევდა და თურქებისთვის მის გადაცემას მხარს უჭერდა. ს. მდივნის მიერ რწმუნების სიგელის წარდგენიდან სამ დღეში ბოლშევიკების წითელი არმია საქართველოში შეიჭრა.
თავის მხრივ, ოსმალეთის ახალი ხელისუფლების მიზანი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და ქ. ბათუმის ხელში ჩაგდება იყო. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ბათუმის ოლქის და ქ. ბათუმის მისი კანონიერი მეპატრონის ― ქართველი ხალხისთვის გადაცემას თურქების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 1920 წლის 25 ივლისს, ოსმალეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ მუსტაფა ქემალის მეთაურობით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ე. გეგეჭკორს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია: „ბატონო მინისტრო, ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ბათუმის დაკავებას, თურქეთის უმაღლესი ეროვნული კრების მთავრობა დიდი გაკვირვებით და ანტიპათიით შეხვდა. ეს აქტი აშკარა წინააღმდეგობაშია კანონისა და სამართლიანობის ყველა პრინციპთან, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის აღდგენის საფუძველი. 1878 წელს ოსმალეთის სახელმწიფოსგან იარაღის ძალით ჩამოცილებული ყარსის, არტაანის და ბათუმის სანჯაყები, ერთის მხრივ, ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, მეორე მხრივ, ტრაპიზონის ხელშეკრულებით, რომელიც ამიერკავკასიის მთავრობასა (რომლის წევრიც საქართველო იყო) და უმაღლეს პორტას შორის გაფორმდა, დედასამშობლოს დაუბრუნდა. თავად პლებისციტმა ამ რეგიონის მცხოვრებლებს საშუალება მისცა ერთხმად მიეცათ ხმა ოსმალეთთან გაერთიანების სასარგებლოდ. ამ პირობებში, ბათუმის ფარულად ხელში ჩაგდების მიზნით, კავკასიაში გამეფებული არეულობის გამოყენება, ბათუმზე თავდასხმა და მისი დაკავება არის აშკარა არალოიალობის აქტი, საერთაშორისო სამართლიანობის პრინციპების დარღვევა. აქედან გამომდინარე, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მთავრობა აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად აპროტესტებს და აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, რომ იგი უარს ამბობს ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე იმ სერიოზულ შედეგებთან დაკავშირებით, რაც ამგვარ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება. ბატონო მინისტრო, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა. აჰმედ მუჰთარი, თურქეთის უმაღლესი ეროვნული ასამბლეის მთავრობის საგარეო საქმეთა კომისარი“.
ვ. ლენინისა და მ. ქემალის ხელისუფლებებმა გარკვეული სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ბათუმის ოლქის მოსახლეობის ასამხედრებლად, მყარი საფუძვლის შექმნას ითვალისწინებდა. ადგილობრივ მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების მოხდენას, ისინი სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ. ქემალისტებისა და ბოლშევიკების მხრიდან, სხვადასხვა გაზეთების დაფინანსება აქტიურად მიმდინარეობდა. პრესაში უამრავი პროკლამაცია იბეჭდებოდა, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფლების დისკრედიტაციას და რეგიონის საქართველოსგან ჩამოცილებას ისახავდა მიზნად. ერთ-ერთი ასეთ გაზეთი ,,სედაი მილეთი“ იყო, რომელიც მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების დაპირისპირებას ცდილობდა, რასაც გარკვეულწილად კიდეც ახერხებდა კიდეც.
ბოლშევიკებისა და ქემალისტების მოლაპარაკებაში, ბათუმი ბოლო მომენტამდე სავაჭრო საგნად რჩებოდა. ანგორის მთავრობა ოსმალეთის უფლებებს ქ. ბათუმზე და ბათუმის ოლქზე, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობით მოითხოვდა და ასაბუთებდა, რომ აღნიშნული ტერიტორიები ოსმალეთს ეკუთვნოდა. მათი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება, 1919 წლის 28 ივნისს, ვერსალის ზავის 116-ე მუხლის ძალით უკვე გაუქმებული იყო და 1920 წელს მიღებული რაიმე დოკუმენტის საფუძველი ვერ გახდებოდა. იურიდიულად, ოსმალეთის მთავრობა ბოლშევიკებს ვერანაირად ვერ დაუთმობდა ქალაქ ბათუმს, რადგანაც ის მას არ ეკუთვნოდა.
მართალია, ბათუმის საკითხი, ბოლშევიკებისა და ქემალისტების დიპლომატიური მოლაპარაკების მაგიდასთან, მათივე შეთანხმების საფუძველზე, ჯერ კიდევ, 1921 წლის 9 მარტს გადაწყდა, თუმცა 11 მარტს ოსმალეთის ჯარი ბათუმში მაინც შევიდა. 1921 წლის 17 მარტს, „თურქეთის დიდი ეროვნული კრების“ მთავრობის სახელით, ბათუმის გენერალ-გუბერნატორმა ქიაზიმ ბეიმ ბათუმის ოსმალეთის იურისდიქციაში გადაცემის შესახებ გამოსცა ბრძანება, სადაც ნათქვამი იყო: „დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობის გადაწყვეტილებით და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ბათუმის რაიონი, ახალქალაქი და ახალციხის რაიონები ჩვენი ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული, რომელიც ოსმალეთის ეროვნულ მთავრობას ექვემდებარება; ყველა მოქალაქისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრება და პირადი უსაფრთხოება, რელიგიისა და ეროვნების განურჩევლად, ყოველგვარი ხელყოფისაგან დაცული იქნება; გამოცხადებიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ, გარდა თურქი სამხედროებისა და ეროვნული დანაყოფების წევრებისა, სპეციალური ნებართვის გარეშე, არავის არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება; სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია ქალაქში სეირნობა ათის საათის შემდეგ; ბათუმის საქალაქო სათათბირო და ადმინისტრაცია მთელი თავისი დაწესებულებებით რჩებიან თანამდებობებზე. ქალაქის ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს მოსახლეობისთვის აუცილებელი პროდუქტებით უზრუნველყოფა და ზომების მიღება სასურსათო და ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად....თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობის სახელით, ბათუმის გენერალ-გუბერნატორი ქიაზიმ ბეი. 1921 წლის 17 მარტი, ქალაქი ბათუმი“.
1921 წლის 16 მარტს, იმ დღეს, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ კიდევ ბათუმში იმყოფებოდა, მოსკოვში, თურქებმა და რუსებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მეორე მუხლით, ოსმალეთი უთმობს საქართველოს თავის სუვერენულ უფლებებს ბათუმზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ქართველი ემიგრანტი ისტორიკოსი ა. მანველიშვილი წერს: „...ეს სუვენერობა მას (ოსმალეთს - ლ. ს.) უკვე გამოცხადებული ჰქონდა 16 მარტის თუნდაც ერთი დღის წინ, სხვანაირად როგორ დაუთმობდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა. მაშასადამე, ამ დროს თურქების მიერ ბათუმის დაკავება იყო მხოლოდ დიპლომატიური მანევრი, თუმცა მასზე პრეტენზია მუდამ ჰქონდათ, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ რუსები ბათუმისთვის მოდიოდნენ და მას თურქებს როგორ დაუთმობდნენ! ეტყობა, არც საქართველოს მთავრობას, არც სარდლობას და არც ადგილობრივ კომუნისტებს 17 მარტს ეს არ სცოდნიათ, თორემ ღია კარების მტვრევა არ დასჭირდებოდათ... თურქები, თანახმად ხელშეკრულებისა, უნდა წასულიყვნენ და თურქულ საბუთებშიც დამარცხებაზე არ ლაპარაკობენ, არამედ ბათუმის დაცლაზე“.
თავის მხრივ, კანადელი ისტორიკოსი ენდრიუ ანდერსონი მოსკოვის საეჭვო გარიგებასთან დაკავშირებით წერს: „მოსკოვის ხელშეკრულების II მუხლი შეიცავდა ფრიად ორაზროვან ფრაზას, რომელიც იუწყებოდა, რომ ოსმალეთი თანახმაა საქართველოსთვის ნავსადგურსა და ქალაქ ბათუმზე, ასევე, ბათუმის ოკრუგის ჩრდილო ნაწილზე სუვერენიტეტის დათმობაზე, მითითებული ტერიტორიის მუსლიმანური მოსახლეობისთვის ავტონომიის მინიჭების პირობით, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ხელშეკრულება მზად იყო ხელმოსაწერად, ოსმალეთი ვერ აკონტროლებდა ვერც ნავსადგურს, ვერც ტერიტორიას მის ჩრდილოეთით. აქედან გამომდინარე მხოლოდ საგონებელში ჩავარდნა შეიძლება, — როგორ შეეძლო ოსმალეთს საქართველოსთვის იმის „დათმობა“, რასაც არ ფლობდა, საქართველო კი სწორედ რომ ფლობდა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში II მუხლი ბათუმზე პრეტენზიაზე ქემალისტების უარს შეიცავდა“.
მოგვიანებით, ბოლშევიკებმა მათ მიერ ოკუპირებულ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს, ყარსში, ოსმალეთთან ხელშეკრულება დაადებინეს, რითაც დაადასტურეს 1921 წლის 16 მარტს, მოსკოვში, საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთს შორის არსებული შეთანხმება ტერიტორიების განაწილების თაობაზე. 1921 წლის 13 ოქტომბერს, რსფსრ-ს მონაწილეობით, ყარსში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას ერთის მხრივ, ოსმალეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს — საქართველოს სსრ-ს, სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის. ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნა, 1922 წლის 11 სექტემბერს, ერევანში.
შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა, მხოლოდ, ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოლქის ნაწილი. ოსმალეთმა მიიღო ართვინის და არტაანის ოკრუგები. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და ოსმალეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ყარსის ხელშეკრულების 20 მუხლიდან საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IV და VI მუხლები. IV მუხლით დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, იწყება შავ ზღვაზე მდებარე სოფელ სარფთან, გადის ქედის მთაზე, შავშეთის მთების წყალგამყოფ ხაზსა და კანიდაღის მთაზე; შემდეგ მიუყვება არტაანისა და ყარსის სანჯაყების ძველ ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს. საქართველოსთან საზღვრის ამგვარი დადგენა იმას ნიშნავდა, რომ ოსმალეთის შემადგენლობაში რჩებოდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ართვინისა და არტაანის ოლქების სახით. VI მუხლი შეეხება „ბათუმის ოკრუგსა“ და ბათუმის პორტს. უფრო ზუსტად, ოსმალეთი უთმობს „ბათუმის ოკრუგს“ საბჭოთა საქართველოს შემდეგი პირობით: ა) აჭარამ უნდა მიიღოს ფართო ავტონომია, მოსახლეობას გარანტირებული უნდა ჰქონდეს კულტურული და რელიგიური უფლებების დაცვა; ბ) ოსმალეთს უფლება ეძლევა, ბათუმის პორტი საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ტვირთების გადაზიდვისათვის გამოიყენოს. ოსმალების საკუთრებაში გადავიდა ყარსის, არტაანის და ართვინის ოლქები მთლიანად და ბათუმის ოლქის ნაწილიც. თურქებმა საქართველო ისევე იოლად გაწირეს, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი, ხოლო ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ, მისთვის არტაანისა და ართვინის ოლქების დათმობის ხარჯზე, ოსმალეთის მხრიდან ნეიტრალიტეტი მოიპოვა. მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებით, ოსმალეთს გადაეცა ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი კულტურის კერა, თავისი ძირძველი მოსახლეობით: არდაგან-ოლთისი და ბათუმის მხარის დიდი ნაწილი, ტერიტორიული სივრცით — 13046 კვადრატული კილომეტრი.
ემიგრაციული ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“, ასე აფასებს მოსკოვის ხელშეკრულების მძიმე შედეგებს: „მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ აიხადა პირბადე და თავის შავი გული და თეთრი კბილი გამოაჩინა. მან მოგვცა 16 მარტის ხელშეკრულება... იგი სოლიდარობის და სოციალიზმის სახელით ნაკუწ-ნაკუწ ჭრის პატარა საქართველოს და სომხეთს, ოსმალეთის ფაშების გულის მოსაგებად, სჭრის იმ ქვეყნებს, რომელიც მისგანვეა აღიარებული დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. სომხეთს ჩამოსჭრეს ყარსი, ხოლო საქართველოს ჩამოაცილეს მისი უდავო ნაწილები: მთელი არტაანი, ართვინი და ნაწილი ბათომის ოლქისა, თვითონ ქალაქი ბათომი კი ოსმალთა პორტო-ფრანკოდ აქციეს. ამრიგად, 16 მარტი იმეორებს ცნობილ ბრესტის ზავს, მაგრამ უფრო სამარცხვინო და შემზარავ პირობებში. ბრესტში რუსეთი დამარცხებული იყო და მაშასადამე იძულებით მოქმედებდა. 16 მარტს მოსკოვი გამარჯვებას დღესასწაულობდა და მაინც იგივე სისაძაგლე გაიმეორა. სხვისი ტერიტორია, დამოუკიდებელი ქვეყნების მიწა-წყალი უტიფრად შესთავაზა თავის მოკავშირე ფაშებს. რას ნიშნავს ეს? ვინ მისცა ამის უფლება მოსკოვს? ეს ნიშნავს, რომ გათავხედებული საბჭოთა კომისრები აღარ ფარავენ თავის გულის ნადებს. ისინი ცინიკურად დასცინიან პატარა ერებს, ფეხქვეშ სთელავენ სამართლიანობის ელემენტარულ წესებს და პრინციპებს, ურცხვად უარყოფენ თავის გუშინდელ სიტყვას და პირობას და ამის შემდეგ, ჩვენ უფლება გვაქვს ვიკითხოთ, სადღაა, საქართველოს მხსნელო კომუნისტებო, დამოუკიდებლობა საქართველოსი, თუ მის მიწა-წყალს მოსკოვი განაგებს, სჭრის, კუწავს, არიგებს და ანაწილებს? სადღაა მისი მთლიანობა და გაერთიანება? ეს უსირცხვილო ხელშეკრულება ხომ საქართველოს სუვერენობის შემლახველია, იგი ხომ ჩვენი ხალხის და მისი რესპუბლიკის შეურაცხმყოფელია! დიახ ასეა, ქართველი ხალხი მას არასოდეს არ მიიღებს, არ შეურიგდება. ჩვენ მას უარვყოფთ, როგორც ყოველ იურიდიულ ძალას და მნიშვნელობას მოკლებულს, როგორც მოძალადეობის და უტიფრობის ნაყოფს. ქართველი ჯარისკაცები, ომისგან მოქანცულნი, უკანასკნელ წუთებში თავგამეტებით ეკვეთნენ ბათომში შემოსულ ოსმალთ, რომ ორი ბატონის ნაცვლად ერთის მეტი მაინც აღარ გასჩენოდა დაობლებულ საქართველოს და მის დაყოფას ადგილი არ ჰქონოდა. მათ მტერი სძლიეს, მაგრამ გალაღებულმა კომუნისტებმა აქაც მათი სისხლით მოპოვებული გამარჯვება არარად აქციეს. სწორედ, ამ გამარჯვების დღეებში მოდიოდა მოსკოვიდან ეს უმაგალითო ხელშეკრულება, რომელიც აკანონებდა საქართველოს დაქუცმაცებას და ბათომ-ართვინ-არტაანის გადაცემას ანგორის მთავრობისათვის. ქართველი კომუნისტები ამ უსაშინლეს დამამცირებელ აქტს სიტყვის გამმათრახებელ მოსკოვს ხოტბასაც ასხამენ. მოსკოვის ხიშტებზე დაყრდნობილნი, ამ შემთხვევაშიაც მისი ნების ყურმოჭრილ ამსრულებლად გამოდიან; მაგრამ რა პასუხს აძლევენ ეს უზურპატორები ქართველ ხალხს, რომლის სამი წლის თავდადებული მუშაობა საქართველოს გასაერთიანებლად ასე ხელაღებით გააქარწყლეს? იგრძნობენ მაინც იუდას სვინდისის ქენჯნას? ჩვენ ეს გვეეჭვება. სამაგიეროდ ჩვენ არ გვეეჭვება, რომ საქართველო არასოდეს არ იცნობს 16 მარტის ხელშეკრულებას. საქართველო სუვერენულია, დამოუკიდებელია და მოსკოვის ხელშეკრულებას იგი ზიზღით უარყოფს, როგორც უმსგავსო გაშიშვლებულ იმპერიალისტურ მაკიაველიზმის ნაყოფს, რომელიც ამ სამარცხვინო სახელით გადავა ისტორიაში. საქართველომ თავისი თვითარსებობის ალიონზევე დაიწყო ბრძოლა ბათომის შემოერთებისა და საქართველოს გაერთიანებისთვის. სამი წელი ატარა მან წამების ჯვარი, რომ გაეერთიანებინა საქართველოს ერი ერთ დემოკრატიულ რესპუბლიკის დროშის ქვეშ და კომუნისტებს არ მისცემს ნებას დიდი ხნით სძიძგნონ რევოლუციის ქარცეცხლში ნაშობი თავისუფალი და გაერთიანებული საქართველოს დამოუკიდებლობა. იგი კვლავ აღადგენს იმას, რაც მოსკოვის მოგზავნილმა უზურპატორებმა უცხო ჯარების შემწეობით დაანგრიეს და რაც მოსკოვმა ფაშებთან ვაჭრობაში გასცა, როგორც „ფეშქეში“. ვერც სამუსლიმანო საქართველო შეურიგდება ასე გაორებას, შუაზე გაწყვეტას, როგორც ვერ შეურიგდება მას მთელი ქართველი ერი და მათი ლტოლვა გაერთიანებისაკენ ის უძლეველი ძალაა, რომელიც მოინელებს ბოლშევიკების დროებით ბატონობასაც ისე, როგორც მოინელა არა ერთი მტერი და ორგული. 16 მარტს დაყვეს საქართველო, მაგრამ იგი აღსდგება და გამთელდება...“.
ამრიგად, ბოლშევიკების და ქემალისტების დიპლომატიურ გარიგებას საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვა.
ჩაქვის საუფლისწულო მამული
ჯემალ კარალიძე, ბსუ, პროფესორი
ბათუმის ოლქის შეერთების შემდეგ რუსეთმა სწრაფად დაიწყო ახლადშემოერთებული მხარის, განსაკუთრებით მისი ზღვისპირა ზოლის ათვისება, რადგან აჭარის შავიზღვისპირა ზოლი წარმოადგენდა მეტად ხელსაყრელ ადგილს სუბტროპიკული კულტურების გასაშენებლად. ¨ფრანგი და გერმანელი ნატურალისტები ერთხმად აღიარებდნენ შავიზღვისპირეთს სოხუმიდან ბათუმამდე ყველაზე ხელსაყრელ ადგილად კავკასიაში ჩაის გასაშენებლად¨.
საქართველოში ჩაის და საერთოდ სუბტროპიკული კულტურების გაშენების საქმეში განსაკუთრებით დიდია ჩაქვის საუფლისწულო მამულის როლი.
რუსეთის საიმპერატორო ოჯახს მთელს იმპერიაში დიდძალი მამულები ჰქონდა მფლობელობაში, რომლის მართვისათვის შექმნილი იყო სპეციალური უწყება - საუფლისწულო მამულების მთავარი სამმართველო. ბათუმის ოლქში მამულის მოსაწყობად XIX საუკუნის 80-90-იან წლებში საუფლისწულო უწყების არაერთი მოხელე ჩამოვიდა. მათი არჩევანი ჩაქვის ხეობაზე შეჩერდა, რაც შემთხვევითი არ ყოფილა. ხეობის საერთო ფართობი 16.378 დესეტინას აღწევდა, სადაც 205 კომლი ცხოვრობდა. მთელს ოლქში ჩაქვის ხეობა ნაყოფიერი მიწებით გაცილებით მდიდარი იყო, ხოლო მოსახლეობა შედარებით მცირე . XIX საუკუნის 90-იან წლებში ჩაქვის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრე¬ბაში 6053 დესეტინა მიწა ითვლებოდა, ხოლო დანარჩენს, 10.325 დესეტინას, მთავრობა ხაზინის საკუთრებად აცხადებდა .
ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით 1892 წელს აჭარაში ჩამოვიდა პეტერბურგის საუფლისწულო მამულების მთავარი სამმართველოს კავკასიის მხარის ინსპექტორი აგრონომი ი.ნ.კლინ¬გენი. 1893-1894 წლებში ის კიდევ რამდენჯერმე ეწვია ჩაქვს ვითა¬რების დეტალურად შესწავლის მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე ი.კლინგენმა პეტერბურგში, მამულების მთავარ სამმართველოში წარადგინა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებული იყო ჩაქვის ხეობაში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მეურნეობის მოწყობის მიზანშეწონილობა. ჩაქვის მამულში გაშენებული იყო არა მარტო ჩინური ჩაი, არამედ ინდური და იაპონური ჯიშებიც... ჩატარდა პირველი ცდები ჩინური მცენარის “რამის’¨ (ჩინური ჭინჭარი), რომლისგანაც ამზადებდნენ ქაღალდს) გასაშენებლად . საუფლისწულო უწყებამ 1299,451 დესეტინა მიწის შესყიდვაზე 106.925 მანეთი დახარჯა. ერთი დესეტინის საშუალო ფასმა 82მან.29 კაპ. შეადგინა .
საუფლისწულო მამულების მთავარი სამმართველო ჩაქვში მიწების შეძენისთანავე შეუდგა აქაური ნიადაგისა და კლიმატური პირობების მეცნიერულ შესწავლას. მოეწყო მეტეოროლოგიური სადგურები ქვედა ჩაქვსა, ხალასა და სახალვაშოში. აჭარაში სუბტრო-პიკული კულტურების გაშენებასთან დაკავშირებით გაზეთი ¨ივერია¨ წერდა:¨1885 წელს ჩაქვის სადგურის მახლობლად გაშენდა პირველად პლანტაცია ჩაისა... ბუჩქები მშვენივრად იზრდება და კარგად იტანს იქაურ ჰავასა და ნიადაგიც ძლიერ უხდება. ეს ნიადაგი თურმე არაფრით განსხვავდება ჩინეთისა და იაპონიის ნიადაგიდან... აშკარაა, რომ ჩაის ბათუმის ოლქში მეორე სამშობლო გამოუჩნდა და აქ ნაკლებად არ გაიზრდება ჩაი, ვიდრე თავის ნამდვილ სამშობლოში.
მამულების საუფლისწულო უწყებამ დიდი მუშაობა და ხარჯი გასწია აღმოსავლეთის სუბტროპიკული ქვეყნების (ჩინეთი, ცეილონი, ინდოეთი, იაპონია და სხვა) კლიმატური პირობების, პირველი ასეთი ექსპედიცია 1895 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პროფესორი კრასნოვი და აგრონომი კლინგენი. ექსპედიციის შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ანალოგიური ექსპედიცია მომდევნო წელსაც მოეწყო, ოღონდ შესასწავლი ქვეყნების არეალი იყო უფრო ფართო. ექსპედიცია გრძელდებოდა დაახლოებით ერთ წელიწადს. ექსპედიციების მანძილზე მიღებული ინფორმაცია და დაკვირვების შედეგები კლინგენმა და კრასნოვმა გადმოსცეს ძალზე საფუძვლიან და პოპულარულ წიგნებში: ¨“აზიის სუბტროპიკული ოლქების ჩაის მხარეები“¨ და „¨მიწათმოქმედების პატრიარქთა შორის“.
ჩაქვის მამულში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ჩაის პლანტაციების გაშენება. 1900 წლისათვის უკვე გაშენებული პლანტაციების ფართობმა 100 დესეტინას გადააჭარბა . 1901 წლისთვის ჩაქვის საუფლისწულო მამულში დამუშავებული მიწის ფართობი შეადგენდა 194 დესეტინას. აქედან ჩაის ეჭირა 152 დესეტინა, ბამბუკს – 7 დესეტინა და 240 კვ.საჟენი, ციტრუსებს (ფორთოხალი და მანდარინი) – 2 დესეტინა და 1100 კვ.საჟენი, ხილის ნარგავს-1 დესეტინა და 1660 კვ.საჟენი, სანერგე მეურნეობას -3 დესეტინა და 1860 კვ.საჟენი, რამას (ქაღალდის ხე) -4 დესეტინა და სხვ . პლანტაციების ზრდასთან ერთად ხდებოდა მოწეული მოსავლის რაოდენობის ზრდაც. ჩაის პროდუქცია პირველად 1899 წელს აწარმოეს კუსტარული წესით, ხოლო იმავე წლის მეორე ნახევარში ჩაქვის საუფლისწულო მამულში ჩაის ფაბრიკა ააგეს. მზა ჩაის პროდუქციის წარმოების ზრდა ფუნტებში 1899-1904 წლებში ასეთ სურათს გვაძლევს: 1899 წ.-300ფ., 1900წ-5000, 1901 წ-24.000, 1902 წ.-38.273. 1903 წ.-45.141, 1904 წ.-100.000 ფუნტი .
ჩაქვში გაშენებული ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციები საყოველთაო მოწონებას და აღიარებას იმსახურებდა. 1897 წლის სექტემბერში ჩაქვის საუფლისწულო მამული მოინახულა ბონის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან რეინმა, რომელიც ნანახით აღფრთოვანებული დარჩა და განაცხადა:¨კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ეს სანაპირო ზოლი გამოირჩევა რბილი ზამთრით და წვიმიანი ზაფხულით, ამას ემატება ნაყოფიერი და რკინით მდიდარი ნიადაგი... ჩაქვის საუფლისწულო მამულის პლანტაციებმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მე აქ ვნახე გულმოდგინედ მოვლილი და სანერგეები, სადაც დაახლოებით 40-მდე იაპონური და ჩინური სასარგებლო მცენარე ხარობდა ბრწყინვალედ, ყველაფერი ეს უეჭველად არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობ¬რივი ნიადაგი და კლიმატი სრულად ხელსაყრელია ამ ჯიშებისათვის¨ . ი.რეინმა ამ მოგზაურობის შესახებ მოხსენება 1897 წლის დეკემბერში წაიკითხა ბონის უნივერსიტეტში.
ჩაქვის საუფლისწულო მამულმა დიდი როლი შეასრულა არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და საერთოდ სუბტროპიკული კულტურების შესწავლა-გავრცელების საქმეში.
მდინარის მიღმა მყოფნი. რელიგია და ნაციონალიზმი ჩეხეთსა და საქართველოში
ვინსენტ კოპეჩეკი, ანთროპოლოგიის დოქტორი, ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტის პროფესორი
ევროპულ კონტექსტში, თანამედროვე ერები, როგორც წესი, განიხილება, როგორც ერთგვარი სეკულარული პროექტები, რომლებიც საზოგადოებებს აერთიანებს ენობრივ, ან ეთნიკურ კუთვნილებათა საფუძველზე. თუმცა, არსებობს ქვეყნები და ერები, რომელთა ცხოვრებაში რელიგია განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მსგავს შემთხვევაში, რელიგიურად განსხვავებულ თემთა ინტეგრაცია შესაბამის სოციუმში, შესაძლოა მეტნაკლებად პრობლემატური აღმოჩნდეს. ჩეხეთი და საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად და კულტურულად საკმაოდ განსხვავდებიან, ამ მხრივ კვლევის საინტერესო შემთხვევებს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით კვლევის პროცესში კი კარგად ჩანს, რომ XIX საუკუნიდან ჩეხებიც და ქართველებიც თანამედროვე ერად ყალიბდება და ამ პროცესში რელიგიამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საინტერესოა დაკვირვება იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ, ქართველი „ერის მამამ“ ქართველობის სამი ღვთაებრივი საუნჯე ჩამოაყალიბა, როგორც „მამული, ენა, სარწმუნოება“ და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო ხაზგასმა საერთო ისტორიისა, როგორც ერთიანი იდეის შესახებ. ამ მხრივ, ჩეხეთის უახლესი ისტორიიდან საინტერესო ფიგურაა ფრანტიშეკ პალაცკი, ჩეხი „ერის მამა“, თავად პროტესტანტი, რომელიც აღნიშნავს რომ რეფორმაციის პროცესმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩეხეთის ეროვნულ ისტორიაში. ორივე შემთხვევაში, თითქოს შესამჩნევია, რომ რელიგიურ საკითხებზე ფოკუსირება ხელს უშლიდა რელიგიურად განსხვავებული ჯგუფების ინტეგრაციას თანამედროვე ქართველ და ჩეხ ერებში. ამ მიმართულებით კვლევისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ორი კონკრეტული საკითხის შედარებითი ანალიზი – აჭარლები და საქართველო და მორავიელები და ჩეხეთი.
უკან |