გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან: „ბოლოს ვუწერ, რომ მჯერა მისი“

სურათი

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ვენერა აბუსელიძე, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. მას საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემია - სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცა. ვენერა მასწავლებელი გვიმხელს, რომ მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის  იმ საზოგადოებას ქმნის, რომელმაც ყველა გამოწვევას უნდა გაუძლოს. თავადაც წლების წინ სწორედ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

_ ქალბატონო ვენერა, პირველ რიგში გილოცავთ ამ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ. გთხოვთ გაიხსენოთ, როგორ აღმოჩნდით შესარჩევ კონკურსში?

_ მივესალმები თქვენი გაზეთის მკითხველს დიდი პატივისცემით. შესარჩევ კონკურსში ჩემი სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძისა და რამდენიმე კოლეგის ინიციატივით მოვხვდი.  ფაქტობრივად ჩემმა კოლეგებმა, ნინო შოთაძემ და გურანდა კუკულაძემ წარმადგინეს.

_ ქალბატონო ვენერა, რა ემოცია დაგეუფლათ, როცა თქვენი სახელი და გვარი გამოაცხადეს?

_ ეს იყო არაჩვეულებრივი მდგომარეობა. აჭარიდან 20 კანდიდატი ვიყავით წარდგენილი, ყველანი აქტიური პედაგოგები ვართ, წინასწარ მივულოცეთ ერთმანეთს და ველოდით ერთ გამარჯვებულს, ამ დროს კი, აჭარიდან ორი გამოგვაცხადეს. უდიდესი მადლიერების გრძნობა დამეუფლა ჩემი სამშობლოს წინაშე, მადლობა ჩემო საქართველოვ,  ჩემო აჭარავ...

_ როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ვენერა მასწავლებელი...

_ ყველა პედაგოგი ღირსეულია და ვერაფრით გამოვარჩევ საკუთარ თავს. რთულია ისაუბრო საკუთარ თავზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის დამსახურება ყველასი, ჩემი იდეების,  ჩემი მოსწავლეების, ჩემი რეგიონის, სამინისტროს და  ბათუმის მასწავლებელთა სახლის, რომელიც მუდმივად ხელს მიწყობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმეღო ახალი გამოცდილება.  ერთი რაც შემიძლია დადასტურებით გითხრათ, ყოველთვის მჯეროდა მომავლის და არასდროს დავნებებულვარ. ალბათ, ამანაც განაპირობა ეს წარმატება.  

_ გვესაუბრეთ თქვენი პედაგოგიური საქმიანობისა და მიღწევების შესახებ...

_ გეტყვით, რომ ჩემი ძირითადი უნარ-ჩვევებია: შემოქმედებითი გაკვეთილის დაგეგმვა, კურიკულუმის განვითარება, სასწავლო რესურსების შექმნა, საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის დანერგვა, სტანდარტიზებული შეფასება, კლასის მართვა და დისციპლინა, ექსპერიმენტული სწავლება, სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის უნარი. ეს არის ის, რაზედაც აგებული მაქვს მთელი ჩემი პედაგოგიური საქმიანობა. სკოლაში შექმნილი მაქვს და წარმატებით ფუნქციონირებს სასკოლო კლუბი ,,STEM კრეატივი“, რომლის პროექტები  საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციისა და  აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსების გამარჯვებულია. კერძო სკოლაში  ასევე ვუძღვები კლუბს - ,,იმედის პულსარები“. ორივე პროექტით ვახორციელებ არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, მოსწავლეებს ვუვითარებ სააზროვნო, კვლევის, პრობლემის გადაჭრისა და თვითმართვის უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. როგორც ზემოთ აღვნიშნე,  მონაწილეობა მივიღე ეროვნულ პროექტში - საქართველოს ,,STEM“, რომელიც მასწავლებელთა ასოციაციისა და ,,ილიაუნის“ მიერ ინიცირებული STEM მასწავლებელთა კონკურსია, სადაც 70 კანდიდატი მონაწილეობდა.  5-წუთიანი ვიდეორგოლით  საუკეთესო  ათეულში  მოვხვდი.  ჩემს  მოსწავლეებთან ერთად გახლდით საქართველოს STEM  მასწავლებელთა პირველი კონფერენციის დელეგატი, საინტერესოდ  წარვადგინეთ ინოვაციური პროექტები: ჭკვიანი სახლი“, ანიმაცია ,,პი რიცხვი“, ზოოტროპი- მექანიკური ფილმი, ოპტიკური ილუზიები, რაც თავად შევქმენი და მას  აქტიურად იყენებენ კოლეგები თითქმის ყველა საგნის სწავლებისას. სკოლაში  დავნერგე და საქალაქო ღონისძიებად ვაქციე  ,,სამეცნიერო გამოფენა“, რომელსაც ვაწყოთ სასწავლო წლის ბოლოს და ეს ყველა საგნის მიმართულებით ტარდება. ვიწვევთ სტუმრებს სხვადასხვა სკოლიდან.

 2017 წელს სტაჟირება გავიარე შვეიცარიის ქ. ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში CERN.

 ასევე სტაჟირების მიზნით გახლდით პოლონეთის ქ. ვარშავაში - კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში. იქედან წამოღებული ბევრი ევროპული პროექტი განვახორციელე ჩემს კლუბებში მოსწავლეებთან ერთად.

 სამი წელია ბავშვებს ვამუშავებ ციფრულ ტექნოლოგიებში. მოსწავლეებთან თანამშრომლობითა და აქტიური ჩართულობით განვახორციელე პროექტი  ,,რობოტი მანქანა“ , რომელმაც  დიდი მოწონება დაიმსახურა და დაფინანსება მოიპოვა  აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. კლუბში ჩართულმა მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით რობოტი ჯერ პროგრამა Tinkercad-ში ააწყვეს, დატესტეს სიმულაცია, შემდეგ კი რეალურად განახორციელეს, შეძლეს კომპიუტერიდან ემართათ რეალური სიტუაცია. ამ პროექტში ჩართული იყვნენ პატარებიც, რათა ესწავლათ და გადაედგათ პირველი ნაბიჯები ესოდენ საინტერესო და თანამედროვე ,,ციფრულ ტექნოლოგიებში“. რატომ ვაკეთებ ამას? მინდა სხვა კუთხით დავანახვო ბავშვებს სწავლა-სწავლების პროცესი, ვასწავლო განსხვავებულად აზროვნება და ფიქრი. ეს მათ ცხოვრებაში გამოადგებათ.

_ მასწავლებელი და მოსწავლე - როგორია თქვენეული ურთიერთობის ხელოვნება?

_ კარგად ნათქვამია - ხელოვნება! დიახ, ხელოვნებაა მთლიანად ჩვენი საქმიანობა. მე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში ვქმნი ჩემი ქვეყნის მომავალ საზოგადოებას, სოციუმს, რომელმაც ყველა გამოწვევას უნდა გაუძლოს. მე ვარ მათი მხარდამჭერი, მათთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება, ვასწავლი, როგორ არ დაუშვან შეცდომები, ან როგორ გამოასწორონ ისინი. ჩვენ ხომ ბავშვების ,,სულის ინჟინრები“ ვართ. ვცდილობ ხმამაღლა, ყველას გასაგონად არ ვუთხრა შენიშვნები,  ,,წერილები ვენესგან“ - რუბრიკა მაქვს ასეთი. მე მათ პატარა ბარათებზე ვუწერ საყვედურს ან შენიშვნას, ბოლოს ვუწერ, რომ მჯერა მისი.

_ ქალბატონო ვენერა, რას გვეტყვით თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემის შესახებ, როგორ შეაფასებთ მას?

_ ვფიქრობ, თუ საქართველოში გინდა მიიღო ხარისხიანი განათლება, დღეს ეს შესაძლებელია. შესაძლოა არსებობდეს გამოწვევები, მასწავლებელთა ცოდნის გაღრმავების, სასწავლო მასალის მრავალფეროვნების, შესაბამის ტექნიკურ შესაძლებლობებთან ხელმისაწვდომობის შესახებ, თუმცა ის ინიციატივები,  რაც ჩვენ გვესმის დღეს - პროფესიული განათლების სისტემური რეფორმა, 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-აღჭურვა და დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა განათლების სექტორში, მხოლოდ დადებით იმედებს გვაძლევს. 

_ რაში მდგომარეობს თქვენი ხედვა მომავლის განათლებასთან მიმართებაში?

_ ძალიან რთულია ისაუბრო განათლების მოდელზე, თუ როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს, რა მიზნები, ამოცანები, ინდიკატორები, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ მომავლის განათლებაზე, რა თქმა უნდა, უნდა პასუხობდეს ტექნოლოგიურ ცვლილებებს, ინოვაციებს, მომავლის (ციფრულ) პროფესიებს. ეს ყველაფერი სკოლიდან იწყება. ვხედავთ, რომ ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს განათლების ინდუსტრიაში. სასკოლო ასაკში ცოდნის მიღება უკვე არ არის საკმარისი, საუბარია ასევე შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეს, მართოს შემდგომში წარმატებული კარიერა.   

_ ვენერა მასწავლებლის ერთი ჩვეულებრივი დღე?

_ ჩემი დღე იწყება და მთავრდება ჩემი მოსწავლეებით - ჯერ მათთან ერთად საოცარი, ხალისიანი გაკვეთილები, შემდეგ კლუბი. კლუბზე წესით თვეში ორჯერ ვიკრიბებით, მაგრამ ბავშვები ყოველდღე მაკითხავენ, მოაქვთ იდეები, ვმსჯელობთ, ვიმუშავებთ კონკრეტულ რესურსს, ტესტირებას ვუტარებთ რომელიღაც ხელსაწყოს, რომელიც ხვალ გაკვეთილზე უნდა გამოვიყენოთ. სახლში მწერენ მთელი საღამოს განმავლობაში და მეც მუდმივად ვპასუხობ: ზოგმა ამოცანა ვერ გაიგო, ზოგი ახალ ექსპერიმენტს მიგზავნის და თეორიული ახსნა ვერ მოუძებნა, ზოგი Tinkercad-ში ვერ შედის და ჩემი დახმარება სჭირდება...  ესენი რომ აღარ მომწერენ, მეც აღარ ვიმასწავლებლებ...

_ რას ურჩევთ აღსაზრდელებს?

_ იყვნენ ყურადღებით გაკვეთილებზე, ჩვენ მაღალი აკადემიური დონის მასწავლებლები გვყავს და გამოიყენონ მოსწავლეობის პერიოდი, მათგან საფუძვლიანი განათლების მისაღებად.  ვეუბნები, რომ ჩვენი მომავალი მათ განათლებაშია. ჰქონდეთ მადლიერების გრძნობა, უყვარდეთ მამული, ენა და სარწმუნოება...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა