გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

თაობებზე ზრუნვასა და ფიქრში

სურათი

ხულოს მუნიციპალიტეტის აბესალომ აბაშიძის  სახელობის სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, ქალბატონი ნაზი მიქელაძე, იმ თერთმეტ გამარჯვებულ პედაგოგს შორისაა, რომელთაცმასწავლებლის ეროვნული პრემიაგადაეცათ. აღმზრდელი მაღალმთიანი აჭარიდან, არაერთი სასიკეთო საქმის ორგანიზატორია. სხალთის ხეობაში, ნაზი მასწავლებლის ინიციატივით, არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების შესახებ გიამბობენ

ქალბატონი ნაზი მიქელაძე 1975-1980 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მაშინდელი პედაგოგიური ინტიტუტის) სტუდენტი იყო. წარმატებული კურსდამთავრებული, თავადაც არაერთი წარმატებული თაობის აღმზრდელია.

_ ქალბატონო ნაზი, პირველ რიგში გილოცავთ ამ აღიარებას და შემდეგ წარმატებებს გისურვებთ. გთხოვთ გაიხსენოთ, როგორ აღმოჩნდით შესარჩევ კონკურსში?

_ მადლობა მოლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის. „ეტალონში“ გამოქვეყნებული კრიტერიუმები რომ ვნახე, მივხვდი, რომ შემეძლო საკუთარი ისტორიის და მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მეძლეოდა. პრინციპში, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.  ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ორმოცდათერთმეტი წლის განმავლობაში კრიტერიუმების შესაბამის ჩემს ხელში არსებულ დოკუმენტაციას მოვუყარე თავი და წარვადგინე. აქვე გამოგიტყდებით, იმდენი კარგი მასწავლებელი მეგულება ჩემს ირგვლივ, გამარჯვების ილუზია არ მქონდა.

_ რას ემოცია დაგეუფლათ, როცა თქვენი სახელი და გვარი გამოაცხადეს?

_ ეს იყო ენით გამოუთქმელი ემოცია... გამოგიტყდებით, მოულოდნელობისგან დაბნევა ვერ მოვასწარი, რომ ზღვა ემოცია დამატყდა თავს: ეს იყო უდიდესი სიხარულის და ბედნიერების განცდა და ენით აღუწერელი გრძნობა აღიარების, დაფასების და იმ დამსახურების დანახვის გამო, რამაც უზომო სიხარული მომანიჭა.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ნაზი მასწავლებელი...

_ ეს მეტად საინტერესო შეკითხვაა, რომელსაც მე კი არა, განათლების სამინიტრომ უპასუხა. მე მხოლოდ დოკუმენტაცია წარვადგინე მოთხოვნისამებრ, დასკვნა კომპეტენტურმა კომისიამ დადო. ეს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. კომისიაში  საქართველოში ცნობილი ოცდაათი პროფესიონალი და ექსპერტები იყვნენ წარმოდგენილნი. მათი ურყევი გადაწყვეტილების თანახმად, განათლების სფეროში უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გავხდი. ემოციები და მადლიერების გრძნობა ჯერაც არ გამნელებია... ჩემი აზრით, „მაინცდამაინც“ მე იმიტომ გამომარჩიეს, რომ ჩემს ბიოგრაფიაში არის ასეთი ფაქტები:

მაქვს დიდი გამოცდილება თემსა და მუნიციპალიტეტთან აქტიური საქმიანი თანამშრომლობისა. ასევე, გახლავართ თემის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორულ ჯგუფ „სხალთას“ ხელმძღვანელი და სოლისტი, ჯგუფის მუშაობაში ჩართული მყავს როგორც სხალთის, ასევე ძმაგულის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მონაწილეობა გვაქვს მიღებული არაერთ ფესტივალში, ოლიმპიადასა და სხვა დიდი მნიშვნელობის ღონისძიებებში, რომელიც მიძღვნილი იყო სახალხო დღესასწაუულებისადმი, ეს იყო - „ტბელობა“, „სელიმობა“, „შუამთობა“ და ბევრი სხვა.

როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ორგანიზაციის წევრი, აქტიურად ვარ ჩართული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში რაიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ჩემი უშუალო მონაწილეობით გარემონტდა და კეთილმოეწყო სხალთის საჯარო სკოლა; გაკეთდა სკოლამდე მისასვლელი ხიდი; აშენდა სოფელ გურძაულის დაწყებითი სკოლის კაპიტალური შენობა.

ვფიქრობ, ჩემ მიერ წარდგენილ ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ე.წ. „საუკუნის პროექტში - ზემო აჭარაში ჰესების მშენებლობის პროექტი“. როგორც სხალთის თემის კონკურსში გამარჯვებულმა საინფორმაციო ცენტრის ოფიცერმა, ვიაქტიურე კომპანიის მიერ დაგეგმილი სოციალური პროექტების განხორციელებაში. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ჩემი უშუალო თხოვნითა და ძალისხმევით ხსენებული პროექტებით მოპოვებული საშუალებები მოხმარდა სხალთის თემის საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამრავალფეროვნების საქმეს. კერძოდ: კეთილმოეწყო სხალთის საჯარო სკოლის ეზო, გაკეთდა საზაფხულო სცენა, სკოლის პირველი სართულზე დამონტაჟდა რკინის სამაგრები, რომელიც შენობას ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან იცავს. კეთილმოეწყო სკოლის ბიბლიოთეკა, საჩუქარად გადაეცა პროექტორი, მოწესრიგდა წაბლანისა და ყიშლის სპორტული  მოედნები, ბიბლიოთეკები და სხვა. ასევე, ჭერის დაწყებით სკოლას საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი და ქსეროქსის მოწყობილობა.

ამავდროულად, საქართველოს პედაგოგთა ბოლო მოწვევის ყრილობის დელეგატი და ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე პედაგოგი ვარ.

პროფკავშირის ხაზით არაერთხელ ვიყავი საქართველოს პედაგოგთა და  მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ყრილობებისა და კონფერენციების დელეგატი და მომხსენებელი.

აქტიურად ვმონაწილეობ პედაგოგთა შემოქმედებით კონფერენციებში. გახლავართ ათი პედაგოგიკური ნაშრომის ავტორი; ნაწილი ნაშრომებისა გამოქვეყნებულია გაზეთ „სკოლა და ცხოვრებაში“ და ჟურნალ „დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდაში“.

პედაგოგიურ საქმიანობაში მოპოვებული საქმიანობისათვის მიღებული მაქვს მთავრობის სხვა ჯილდოებთან ერთად „მეთოდისტი და ლაურეატი მასწავლებლის წოდება“; დაჯილდოებული ვარ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორდენითა და დიპლომით - საქართველოს ი. გოგებაშვილი საზოგადოების მიერ.

ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ პროექტებში ვმონაწილეობდი და  გამარჯვებული ვარ კერძოდ „ეთვინინგის“ პროექტში, სახელწოდებით: „ჩვენი უცხოპლანეტელი მეგობრები“. ასევე საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ გამარჯვებული ვარ. ასევე გავიმარჯვე აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საკლუბო მუშაობის პროექტში, კერძოდ „ლიტერატურული პროექტი“ „ჩვენი საუნჯე“ და მის ფარგლებში მოსწავლეები ჩართული მყავს საბიბლიოთეკო მუშობაში, მთაში გაბნეული მარგალიტების, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვების საქმეში და ასევე, ხეობაში თავს უყრიან ხანდაზმულთა მიერ შემორჩენილი ლეგენდების ჩაწერის საქმეში და რაც მთავარია, ხეობაში მოღვაწე გმირი წინაპრების სელიმ ხიმშიაშვილის, ტბელ აბუსერისძის ცხოვრებისა და დოკუმენტაციის შეგროვება-შესწავლის საქმეში.

_ მასწავლებელი და მოსწავლე - როგორია თქვენეული ურთიერთობის ხელოვნება?

მიმაჩნია, რომ მასწავლებელს პირველ რიგში გულწრფელად უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა აგნებდეს მათი სულის გასაღებს; მასწავლებელი სანთელივით უნდა იწვოდეს და იფერფლებოდეს, რათა მათ გულებში ცოდნის, სწავლისა და შრომის სიყვარულის ალი აანთოს.

_ რას გვეტყვით თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემის შესახებ, როგორ შეაფასებთ მას?

_ გეტყვით, რომ თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემა მოიცავს ყველა პრობლემურ საკითხს და თავმოყრილია ეროვნულ გეგმაში, რომლის განუხრელი შესრულება საბოლოო შედეგამდე - განათლებული ახალგაზრდობის მიღებამდე მიგვიყვანს, რადგან ის ეფუძნება ახალი სკოლის რეფორმას, მესამე თაობის ეროვნულ გეგმას. მისი საფუძველია სწავლებაში კონსტრუქტივისტული მიდგომები, დიფერენცირებული სწავლება, სწავლა-სწავლების პროცესში ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა. თანამედროვე სწავლების სტრატეგიებისა და აქტივობის გამოყენება სწავლა-სწავლების ეფექტიანობისთვის. ყველაფერი ეს მხოლოდ სასიკეთო საქმეს ემსახურება.

_ რაში მდგომარეობს თქვენეული ხედვა მომავლის განათლებასთან მიმართებაში?

მომავალში განათლება უფრო მაღალ საფეხურს მიაღწევს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩვენი სისტემის მინისტრის ღვაწლი. ბატონი გიორგი ამილახვარის ახლებური ხედვები უკვე დადასტურებულია და ეჭვი არ მეპარება, რომ უფრო მეტი წარმატება წინაა.

_ როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე იწყებდა და მთავრდება ჩემს მოსწავლეებსა და სკოლაზე ფიქრსა და ზრუნვაში, უფრო ეფექტური მეთოდების დანერგვაზე სწავლა-სწავლების პროცესში.

_ რას ურჩევთ აღსაზრდელებს?

_ ვურჩევ იყვნენ გაცილებით ბეჯითები, ჰქონდეთ მაღალი პასუხისმგებლობა, მტკიცე ნებისყოფა და უყვარდეთ სკოლა, შრომა და სწავლა. უყვარდეთ წიგნი და არ დაიზარონ წინსვლა წარმატებებისაკენ. რაც მთავარია, უყვარდეთ სამშობლო და იზრუნონ ქვეყნის ნათელი მომავლისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა