მეათე სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, მეათე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში უნივერსიტეტებისა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების 300-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობდა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარატამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.
ამჯერად გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს გაგაცნობთ, რომელმაც თანამედროვე სასკოლო განათლების ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ პრობლემებზე სამეცნიერო ნაშრომები წარადგინა.
თეონა ქარცივაძე ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. აღნიშნულ კონფერენციაზე თეონა ორი მოხსენებით: ,,მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში“ და ,,ინტერკულტურული განათლება სკოლაში“ წარსდგა.
თეონა ამბოს, რომ სტუდენტური ცხოვრება მისთვის აღმოჩენებით სავსეა და შემეცნების ეს გზა, აქტიურად პირველი კურსის მეორე სემესტრიდან დაიწყო.
_ პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების გზით, სხვადასხვა ტრენინგებით და ვებინარებით დაინტერესება იყო, რომლებიც რა თქმა უნდა ჩემი მომავალი პროფესიის თემატიკით იყო გაჯერებული. აქტიური სტუდენტური ცხოვრება დავიწყე, როდესაც სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ-ს წევრი გავხდი. აღნიშნულ კლუბში გაწევრიანება დამეხმარა სხვადასხვა ინტერესების აღმოჩენასა და თვითრეალიზაციაში, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი კონფერენციების მიმართ ინტერესიც. საკონფერენციო თემების ხელმძღვანელი ამავე ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე გახლდათ.
_ თეონა, საინტერესოა კვლევებით რა შედეგებზე გახვედით, რამდენად ჩართულია მშობლები სკოლის სასწავლო პროცესებში?
_ საკითხის სრულად შესასწავლად ჩავატარეთ კვლევა. კვლევის მიზანი იყო გაგვეგო და გამოგვევლინა რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, რა დადებითი მხარეები აქვს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას და გამოგვევლინა შესაძლო მიზეზები, თუ რატომ ვერ ახერხებენ მშობლები სასწავლო გარემოში აქტიურად ჩართვას, ასევე ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა მშობელთა ჩართულობის ალტერნატიული გზები…
კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები ძირითადად დაწყებით კლასებში არიან აქტიურად ჩართულები. ასევე დავინტერესდით ამ მდგომარეობით და ვკითხეთ მასწავლებლებსა და მშობლებს, მათი აზრით, აქტიურდ უნდა იყვნენ თუ არა ჩართული საგაკვეთილო პროცესში მშობლები? გამოკითხულთა 95 პროცენტი თვლის, რომ აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი და მათი არგუმენტების ნაწილს წარმოგიდგენთ: „კი, იმიტომ რომ მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანს და მშვიდს ხდის“, „დიახ, რადგან მშობელთა ჩართულობით უზრუნველყოფილი ხდება მათი ინფორმირება“, „კი, მშობელთა ჩართულობით სასწავლო პროცესში მეტად ადვილია მოსწავლეებთან ურთიერთობა და არსებული პრობლემების მოგვარება“, „მშობლები ნამდვილად უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულნი სასწავლო პროცესში, რადგან ამ ჩართულობით ხდება მოსწავლეების მხრიდან როგორც მაღალი აკადემიური მაჩვენებლის ჩვენება, ასევე დისციპლინის გაუმჯობესება და პოზიტიური სასწავლო პროცესის შექმნა“, „მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ამგვარად ხდება ვალდებულებების გადანაწილება და სწორად აღქმა“…
_ სასკოლო აქტივობებიდან გამომდინარე, სად იკვეთება მშობლის ჩართულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
_ მშობლების ჩართულობა გულისხმობს შვილების განათლების მიღებაში მონაწილეობას როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ამას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა, როგორიცაა: საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება, სკოლის ღონისძიებებზე დასწრება და კონფერენციებში მონაწილეობა, ინტელექტუალურ თამაშებში ჩართულობა, მშობელთა და შვილთა საერთო ღონისძიებების მოწყობა, თავისუფალ ლიტერატურულ საათში მონაწილეობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ან ბავშვის მასწავლებელთან რეგულარული კომუნიკაცია. მშობლების ჩართულობა გადამწყვეტი ფაქტორია ბავშვების წარმატებისთვის. როდესაც მშობლები ჩართულნი არიან შვილების განათლებაში, ბავშვები უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში და აქვთ უკეთესი სოციალური და ემოციური განვითარება და სხვა მრავალი დადებითი მხარე. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ ჩაერთონ შვილების განათლებაში. როდესაც მშობლები ჩართულნი არიან თავიანთი შვილის განათლებაში, ბავშვს უფრო მეტად აქვს პოზიტიური დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის მიმართ.
_ რა არის ინტერკულტურული განათლების პრინციპები და ღირებულებები?
_ ინტერკულტურული განათლება არის სწორედ ის საყრდენი, რითაც მოსწავლეებს განუვითარდებათ მიმღებლობა, პატივისცემა, გახდენენ მეტად ტოლერანტულები, მეტად ემპათიურები … ინტერკულტურული განათლების ზოგადი პრინციპები იუნესკოს მიერ არის ჩამოყალიბებული და ასე გამოიყურება: ინტერკულტურული განათლება პატივს სცემს მოსწავლის კულტურულ იდენტობას, ყოველი მათგანისთვის კულტურის თვალსაზრისით სათანადო და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით. ინტერკულტურული განათლება თითოეულ მოსწავლეს უზრუნველყოფს კულტურის შესახებ იმ ცოდნით, უნარებითა და დამოკიდებულებით, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში აქტიური და სრულყოფილი მონაწილეობისათვის. მათ საშუალება ეძლევათ ეთნიკურ, სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ჯგუფებსა და ერებს შორის ურთიერთგაგებასა და სოლიდარობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
_ როგორ უნდა დაინერგოს ინტერკულტურული განათლების პრინციპები პედაგოგიკაში და რა არის ინტერკულტურული აღზრდის მიზანი?
_ 21-ე საუკუნის განათლების სისტემაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი დღესდღეობით სასწავლო პროცესში ინტერკულტურული განათლების დანერგვაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ისეთი საგნები სადაც ინტერკულტურული განათლების საკითხების ჩაქსოვა მარტივია (მე და საზოგადოება, სამოქალაქო განათლება და მოქალაქეობა), დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს ინტერკულტურული განათლების სხვა ძირითად საგნებშიც (საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ჰუმანიტარული) დანერგვას. ფართოდ გავრცელებულია ცნება, რომ ინტერკულტურული განათლება მხოლოდ -კულტურულ, ეთნიკურ და რასობრივი მცნებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებას მოითხოვს, მაგრამ არსით ინტერკულტურული განათლება ბევრად მეტია, ის ითვალისწინებს - სოციალურ ჯგუფებს, გეოგრაფიულ მდებარეობის მიხედვით მახასიათებლებს, ასაკს, საზოგადოებრივ როლს და სხვა.
ინტერკულტურული განათლების პრინციპების დანერგვა ბევრად მარტივი იქნება ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესშიც კი, თუ გავიაზრებთ და მივიღებთ მის მნიშვნელობას და აუცილებლობას.
ინტერკულტურული განათლების მიზანი ინტერკულტურული მგრძნობელობისა და ცნობიერების განვითარება, პრობლემების კულტურული განსხვავებების პერსპექტივიდან შეხედვის, ანალიზისა და გადაჭრის სწავლაა, რაც თავის მხრივ მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს. ინტერკულტურული დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოიცავს: ტოლერანტობას, პატივისცემას, ცნობისმოყვარეობას და სხვა კულტურების მიმართ თანაგრძნობას. შეიძინოს კულტურული ცოდნა, როგორც ზოგადი კულტურის, ასევე კულტურის სპეციფიკურ ნიშნებზე და მახასიათებლებზე, რაც მეტად მრავალფეროვანს ხდის მოსწავლეების თვალსაწიერს.
_ თეონა, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა?
_ სტუდენტისთვის სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა მნიშვნელოვანი და უკვე აუცილებელიც კი არის, რადგან ამ კომპონენტის გარეშე ვერ შეძლებენ სამაგისტრო თემის დაცვას. კვლევებში ჩართულობა ვფიქრობ, ის გამოცდილებაა რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა მიიღოს, რადგან პროცესში ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები და კომპეტენციები რომლებიც ყოველი პროფესიისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.
_ როგორ ფიქრობ, რა გამოწვევების წინაშეა დღეს პედაგოგის პროფესია?
_ 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. დღევანდელ რეალობაში, საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს ცვლილებები, შემოდის ახალი სტანდარტები, მკვიდრდება ახალი შეფასების სისტემები, იცვლება გაკვეთილის წყობაც, პროფესიაში შესასვლელად ემატება მისაღები გამოცდები, ეს დადებითი მხარეა, მაგრამ ბევრი მასწავლებლისთვის დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, საგანმანთლებლო სივრცეში აღსანიშნავია შემდეგი გამოწვევები: მასწავლებლების სიჭარბე და ამავდროულად დეფიციტი... საჭიროა მასწავლებლის რესურსის ეფექტური გამოყენება კომპეტენციის მიხედვით.
_ პროფესიული თვალსაზრისით, რას შეცვლის მომავალში ბსუ-ს კურსდამთავრებული თეონა ქარცივაძე?
_ სკოლაში აქტიური მოღვაწეობის გარდა, ასევე შეეცდება არაფორმალური განათლების მიწოდებას მოსწავლეებისთვის, იმუშავებს საკუთარ თავზე და აქტიურად აუბამს ფეხს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ცვლილებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გააგრძელებს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას და მეტად გაიღრმავებს კვლევით უნარ-ჩვევებს.
„თეო მასწავლებელი“ - ორი სიტყვა რომელიც სრულიად იტევს ჩემს სამომავლო გეგმებს, ბავშვობის ოცნებას და დღევანდელობის მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ მეოცნებე ადამიანი ვარ, არ მიყვარს მომავლის დაგეგმვა, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ უნდა ვიყო ისეთი მასწავლებელი რომელზეც მესამე კლასელი თეო ოცნებობდა. დედის პროფესიაში დანახული მასწავლებლის იდეალით დაწყებული ოცნება, შემდეგ სასკოლო სივრცეში არაჩვეულებრივმა მასწავლებლებმა გაამყარეს, იყო ისეთებიც ვინც „შემაშინა“, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს უფრო დიდი მიზეზია ოცნების ასრულებისთვის. დღეს აქტიურად ვადევნებ თვალს საუკეთესო მასწავლებელს, ისევ მყავს ჩემი ოცნების მასწავლებელი, ვაკვირდები მის გაკვეთილებს და უნარებს. ყოველდღიურად ვცდილობ განვითარდე და იქნებ ერთ დღეს მეც ვიყო ვინმესთვის ოცნების მასწავლებელი...
უკან |