გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ყოველი დღე იწყება სიტყვით - დე“

სურათი

გაზაფხულის დადგომისთანავე დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ ხოლმე. გაზაფხული წელიწადის სიცოცხლის საწყისია, ისევე როგორც დედა. გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიმკითხველს მრავალშვილიანი დედის ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ უამბობს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ხათუნა ხაბაძე და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული ბატონი გულადი ფარტენაძე სამშობლოს ხუთ შვილს უზრდიან. შვილების აღზრდა ყველაზე დიდი გმირობა და გამბედაობაა. ჩვენი რესპონდენტია ქალბატონი ხათუნა.

_ თქვენ შესახებ...

_ ვარ 43 წლის, 5 შვილის დედა, მთარგმნელ-რეფერენტი და ამასთანავე, ინგლისური ენის მასწავლებელი. 19 წელია რაც ვმუშაობ იმ უნივერსიტეტში, სადაც დავეუფლე ჩემს პროფესიებს და წლების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული სტუდენტებისა და პერსონალის საზღვარგარეთ მობილობის პროექტებში. ჩემი საქმაინობა ძალიან მიყვარს, თუმცა მხატვრული ნაწარმოებების თარგმანი უფრო მეტად მიყვარს და მაბედნიერებს. სამწუხაროდ, ბოლოს დროს დიდად დროს ვერ ვუთმობ ამ საქმიანობას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კვლავ მივუბრუნდები

_ გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ...

_ მყავს მეუღლე და 5 შვილი. მეუღლე გულადი კერძო სექტორის ოფისში გავიცანი, სადაც ერთად ვმუშაობდით. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთის მიმართ ცნობისმოყვარეობამ უცებ დაგვაახლოვა. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა და რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ. ასე დავარღვიეთ მათემატიკის კანონი და 1+1 გახდა 7: მე, გულადი და 5 შვილი: უფროსი მარიამი 17 წლის არის, გიორგი 13, სალომე 11, ანა 10 და სულ პატარა ნინო ახლახანს 6 წლის შესრულდა და წელს სკოლაში მივდივართ.

_ ხათუნა ხაბაძე - როგორც  ქალი, დედა, რომელმაც ხუთჯერ იმღერა იავნანა...

_ დედობა - ეს იმდენად ამოუწურავი თემაა, რომ საათობით შეიძლება ისაუბროს ადამიანმა. ზოგჯერ არც არის საჭირო ამ ქვეყნად სიცოცხლე მოავლინო, რომ გერქვას დედა, ზოგჯერ კიდეც რომ მოავლინო სიცოხლე ეს დედად ვერ გაქცევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხოლოდ ამას ვიტყვი, ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ხუთივე მოვავლინე ამ ქვეყნად და ვიმედოვნებ, რომ მუდამ ვიამაყებ მათით.

_ რამდენად მარტივია მრავალშვილიანი დედის სტატუსის ტარება?

_ არ ვიცი ეს სტატუსი რამდენად არის, მაგრამ დედობა, არ აქვს მნიშვნოლობა 1 შვილი გყავს თუ 5, ძალიან საპასუხიმსგებლო სოციალური როლია, ასევე მამობაც. ვფიქრობ, რომ ჩვენს სოციუმში მშობლის როლსა და პასუხიმსგებლობას ყველაზე მეტად დედებს ჰკიდებენ მხრებზე. ეს არასწორია, ორივე მშობელმა თანაბრად უნდა იკისროს მშობლის პასუხისმგებლობა. ოჯახი ორის საზიდი უღელია, ამიტომაც არის მადლიან ქართულში „მეუღლის“ ცნება.. მშობლობის უღელი დედებმა და მამებმა ერთად თუ არ ეზიდეს, უღელი შეიძლება გატყდეს...

_ რაში მდგომარეობს თქვენეული აღზრდის ხელოვნება?

_ ერთი ციტატა ამოვიკითხე სადღაც და ძალიან მომეწონა: მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ შვილები მათთვის უფლისგან მიბარებული სათუთი სულებია, მათი საკუთრება კი არა, მათზე მინდობილი სულები, რომლებსაც უნდა გაუფრთხილდნენ. მე სწორედ ამ ჭრილიდან ვუყურებ ჩემ შვილებს. ისინი ჩემი საკუთრებები არ არიან, ხუთივე ინდივიდუალური პიროვნებაა და მე მაქსიმალურად ვცდილობ მათი პირად სივრცე არ დავარღვიო. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერევი, თუ რაიმე გარემოება მათ ფზიკურ თუ ფსიქოლოგიურ საფრთხეს უქადის. სხვა მხრივ, ისინი თავისუფალნი არიან თავიანთ არჩვანსა და თვითშემეცნების პროცესში...

_ დროის მენეჯმენტი დედისთვის...

_ ეს ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია. დროის მენეჯმენტი არის ის, რაშიც  ბავშვობიდანვე მოვიკოჭლებ. 5 შვილის და ამასთანავე მოსამსახურე დედისთვის დროის მენეჯმენტი წარმოუდგენლად დიდი უტოპიაა. ამ მხრივ მეუღლე ძალიან მეხმარება. ის უკიდურესად პუნქტუალურია და ძალიან მოხერხებული დროის მენეჯმენტის კუთხით.

_ დედის ერთი ჩვეულებრივი დღე...

_ მიუხედავად იმისა, რომ  საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, მაინც სჭირდებათ ხოლმე დედის დახმარება თუნდაც წინდისან კალმის საპოვნელად და ა.შ. ამდენად, ყოველი დღე იწყება სიტყვით „დეეე“... ალბათ ყველა დედისთვის ნაცნობი სიტუაციაა, არა?!

ჩვეულებრივ, ისევე როგორც ყველა ოჯახში, ბავშვები სკოლაში, მშობლები კი სამსახურში მივდივართ. დღის ბოლოს კი ყველა ერთად ვიკრიბებით. დედის „რუტინაში“ უპირობოდ ბევრო ჩახუტება და ხვევნა კოცნაა. ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვების გულში ჩაკვრა. ყველაზე დიდ „წინააღმდეგობას“ ამ მხრივ უფროსები მიწევენ. გიორგის ასეთი  პოზა აქვს - „გავიზარდე უკვე, ბავშვივით ნუ მეფერებიო“.

_ დედა დღის ბოლოს...

_ დღის ბოლოს, როცა ბავშვები დასაძინებლად მიდიან, სამზარეულოს ლაგებას ვუნდები, შემდეგ ძილის წინ ან ფილმს ჩავრთავ ხოლმე, ან წიგნს ვკითხულობ. ძილის წინ კი - აუცილებლად პირჯვარს გადავწერ ხოლმე შვილებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა