გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების შესახებ

სურათი

პროექტიქობულეთურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“ - წარმატებით განხორციელდა. „დედაბრული ხელითშესრულებული ხელნაწერების ციფრული ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეთოდოლოგიით კვლევა, თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია. აღნიშნული პროექტი ახლგაზრდა მეცნიერთა ზრდას მოემსახურება.

გაზეთბათუმის უნივერსიტეტისკითხვებს პროექტის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მზია ხახუტაიშვილი პასუხობს.

_ ქალბატონო მზია, გთხოვთ გვიამბეთ, საიდან წამოვიდა განსახორციელებელი პროექტის იდეა?

_ მოგეხსენებათ, წერილობითი კულტურა კაცობრიობის მიერ შექმნილ ღირებულებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოში ხელნაწერ ტრადიციას თექვსმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უსახური მხედრულით  წერის მანერას „დედაბრულს“ უწოდებენ. ამ ტიპის ხელნაწერები ქალის ხელითაა შესრულებული. „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული  ხელნაწერები უშუალოდ უკავშირდება ოსმალთა ბატონობას და განირჩევა გრაფიკული მახასიათებლებით. აღნიშნული ხელნაწერები გვხვდება ძირითადად ქობულეთსა და აჭარაში, რაც მოწმობს, რომ ამ მხარეში ხელნაწერი წიგნის ტრადიცია ოსმალთა ბატონობის პერიოდშიც არ მოშლილა და მისი შენარჩუნება კვლავ ქალს უკავშირდებოდა.

„დედაბრულით“ შესრულებული ხელნაწერები უპირატესად პირადი წერილები და ავგაროზის ტექსტებია, გვხვდება მინაწერები ნასყიდობის დოკუმენტებზე, ფრაგმენტები, ეპიგრაფიკული ნიმუში და ხელრთვები. „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები სხვა უსახური მხედრულით შესრულებული მანუსკრიპტებისაგან განირჩევა გრაფიკული და ლინგვისტური მახასიათებლებით: ასოთა კუთხოვანი მოხაზულობით, ხმოვანმეტობით, სიტყვების გაუმიჯნაობითა და სასვენი ნიშნების უქონლობით.

მინდა გითხრათ, რომ უკვე დიდი ხანია ვმუშაობ „დედაბრული ხელით“ შესრულებულ ხელნაწერებზე. შევისწავლე ამგვარ ხელნაწერთა როგორც პალეოგრაფიული, ისე ლინგვისტური ღირებულება. 2017 წელს გამოიცა ჩემი მონოგრაფია „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი“. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგაც ბევრი რამ გადაფასდა და სრულიად ახალი ინფორმაციით შეივსო საკვლევი საკითხი.

ცნობილია, რომ XXI საუკუნეს ციფრულ ეპოქას უწოდებენ. ამ ეპოქამ ჰუმანიტარული მეცნიერებები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ინტერ- მულტი და ტრანსდისციპლინური კვლევებისთვის ღია რესურსების და მონაცემების გაცვლის საჭიროებამ, დიდ მონაცემთა ბაზების შექმნის აუცილებლობამ მოითხოვა მათი მოპოვება-დამუშავების პრინციპების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიის დახვეწა და მთლიანად კვლევის პარადიგმის შეცვლა. აღნიშნულმა პრაქტიკამ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული მონაცემები, რესურსები და მათი ციფრული დამუშავების სერვისები ხელმისაწვდომი გახადა მკვლევართა გაცილებით ფართო წრისთვის. აღნიშნული გამოწვევების წინაშე პირველ რიგში ხელნაწერთმცოდნეობა (კოდიკოლოგია) დადგა.

ცნობილია, რომ უცხოეთის საცავებში, სამონასტრო ცენტრებში, მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე წვდომა სიძნელეებს უკავშირდება. დღესდღეობით წყაროს სანდოობის ხარისხის გაზრდისათვის გადაუდებელი ამოცანაა მანუსკრიპტთა მაღალი გარჩევადობის ციფრული ასლების შექმნა, რაც მოიცავს არა მხოლოდ ორიგინალი ხელნაწერის ციფრულ ასლს, არამედ ამ ხელნაწერისა და ასლის სტანდარტულ აღწერას. სწორედ ეს პროცესი დიგიტალიზაციას გულისხმობს. დაბალი გარჩევადობის ხელნაწერები, ფაქტობრივად, „მეორეულ წყაროებს“ წარმოადგენს, „დიგიტალიზებული ხელნაწერები კი პირველწყაროებს უტოლდებიან.“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ტრადიციულისგან განსხვავებით დიგიტალურ რესურსებს ხელმისაწვდომს და მრავალჯერადად გამოყენებადს ხდის.

სწორედ ამის გამო გაჩნდა განსახორციელებელი საგრანტო პროექტის იდეა, შესაბამისად სურვილი და მზაობა სრულიად ახალი მეთოდებით „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების კვლევა. მიზნობრივი პროექტის სახელწოდება გახლდათ „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“ (ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 2 დეკემბერი №01-02/283 ბრძანება; ბსუ-ს აკადემიური საბჭო  დადგენილება   № 06-01/04, 31.01. 2023).

_ გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს გააცანით პროექტის შინაარსი…

_ ვფიქრობთ, პროექტი საკმაოდ საინტერესოდ და შინაარსიანად დავგეგმეთ და შედეგიც საინტერესო აღმოჩნდა. იგი ითვალისწინებდა „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებულ ხელნაწერთა მოძიებას, დიგიტალიზებას და მათ შესახებ ახალი ცოდნის შექმნას: კერძოდ, მათს შესწავლას კვლევის ახლებური მეთოდებით, დაგროვილ მონაცემთა დამუშავებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

მიზნობრივი საგრანტო პროექტის ფარგლებში განისაზღვრა კორპუსის არქიტექტონიკა; უნდა შექმნილიყო სამომხმარებლო ინტერფეისი (რაც მოიცავს მეტამონაცემებისა და ფაქტობრივი მასალის საფუძველზე მარტივი და რთული, გაფართოებული ძიების მექანიზმების შექმნას).

 პროექტის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ კორპუსის რესურსის შესახებ ინფორმაციის განთავსება, ვებგვერდის სტრუქტურის, ციფრული კორპუსის სტანდარტის შემუშავება, რომელიც გულისხმობდა მასზე „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების სპეციფიკის მორგებას.

_ რა ეტაპებისაგან შედგებოდა განსახორციელებელი პროექტი?

_ პროექტის ფარგლებში „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებულ ხელნაწერთა მოძიებისა და შევსების მიზნით განხორციელდა დაგეგმილი მივლინებები თურქეთში (ორდუს ვილაეთი, ფაცა, სოფ. კაბახტარი), ზემო აჭარაში, ქობულეთის სოფლებში: ჭახათში, ვარჯანაულსა და ცხემვანში; ასევე ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობისა და ქობულეთის მუზეუმებში.

პროექტით გათვალისწინებული მივლინების ფარგლებში გაციფრულდა საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სრულიად ახალი დედაბრული ხელნაწერები.

უმნიშვნელოვანესი იყო ხელნაწერთა მაღალი გარჩევადობის ციფრული ასლების შექმნა, რაც დიგიტალურ ეპოქაში აუცილებელია პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევებისთვის. ვერიფიცირებისა და წყაროს სანდოობის ხარისხის გაზრდის მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მათი შესაბამის ბაზებში ინტეგრაციისათვის ორიგინალი ხელნაწერის ციფრული ასლის შექმნის გარდა, უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ხელნაწერისა და ასლის სტანდარტული აღწერა (დიგიტალიზაცია). დიგიტალიზაცია თავისთავად ეტაპობრივი პროცესია და გულისხმობს 1. ხელნაწერის გაციფრულებას (ხელნაწერთა ციფრული ასლების დამზადება); 2. მასში დაცული ტექსტების კოდირებას (ტექსტის ელექტრონული ვერსია); 3. გაციფრულებული ტექსტების შემდგომ დამუშავებას (გამოსაცემად მომზადება, კორპუსის რესურსად ქცევა).

_ გთხოვთ, გვიამბეთ განხორციელებული პროექტის შედეგების შესახებ?

_ ბსუ-ს მიერ ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების მონაცემთა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბაზა. მონაცემთა შეგროვებით, შევსებით, გაციფრულებით, სრულყოფითა და სისტემატიზაციით, დიგიტალიზაციით დასრულდა „დედაბრულ ხელნაწერთა“ კორპუსის შექმნაც. ინტუიციური ინტერფეისი უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ღირებულ მასალებზე, არქივებისა და ბიბლიოთეკების სფეროში სპეციალური ტრენინგის ან გამოცდილების საჭიროების გარეშე. საიტი გთავაზობთ მძლავრ საძიებო სისტემას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად მოძებნოს საჭირო დოკუმენტები საკვანძო სიტყვების, ფრაზების ან პარამეტრების გამოყენებით. ძიება ხორციელდება როგორც დოკუმენტების შიგთავსით, ასევე ხელნაწერთა ამსახველი მეტამონაცემებით.

კორპუსში წარმოდგენილია „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული, მათ შორის, სრულიად უცნობი ხელნაწერების ციფრული ასლები; მოცემულია ამგვარი ხელნაწერების პალეოგრაფიული და კოდიკოლოგიური ანალიზი. კონვერტირებულ ელექტრონულ ტექსტს თან ახლავს ხელნაწერის შესაბამისი გვერდის მაღალი გარჩევადობის მქონე ციფრული გამოსახულება, რომელიც ტექსტის ორიგინალთან შედარების (მასთან წვდომის გარეშე)  და ასევე გაუშიფრავი ადგილების მაღალი ალბათობით გაშიფვრის საშუალებას იძლევა.

მეტამონაცემებში კი დაზუსტებულია, ვინ არის ავტორი, სად შეიქმნა ხელნაწერი, რა შრიფტითა და როგორი ფერის კალმით არის შესრულებული, მითითებულია სვეტების და სტრიქონების რაოდენობაც, დაზიანებულია თუ არა და როგორია დაზიანების ხარისხი; არის თუ არა ის გაცხოველებული. დადგენილია ცალკეული ხელნაწერის ფურცელთა რაოდენობა, ზომა, სისრულე, განსაზღვრულია მელნის ფერი, ქაღალდის სტრუქტურა (კვადრატულად დაკეცილი, გრაგნილი), ხელნაწერის კუთვნილება.

„ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების სტრუქტურირებულ კორპუსში წარმოდგენილია ცალკეული ხელნაწერის მახასიათებელთა (მაგ. ა, ბ, გ-ს წერის მანერა, გრაფიკული თავისებურებანი, ხმოვანმეტობა, ენა და სტილი) ანალიზიც. ხელნაწერის ტრანსკრიპტი თანამედროვე ანბანით პირველწყაროს შემდგომი ანალიზის, ხელნაწერის ტექსტების აღდგენა კი - სხვა ტექსტებთან მიმართების დადგენის საშუალებას იძლევა. ხელახლა წაკითხვა მხოლოდ ამ მიმართების დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი.

დიგიტალიზაციის პროცესში ციფრულ გამოსახულებებთან ერთად მეტამონაცემებიც ჩაერთო, რაც საშუალებას იძლევა კორპუსის ლექსიკონში ხელნაწერები თემატური საძიებლების (ანთროპონიმი, ჰიდრონიმი, გეოგრაფიული სახელი, დაავადების სახელი, წმინდანთა, მოწამეთა სახელები და სხვა) და  ჟანრის (ავგაროზი, კარაბადინი, წარწერა, პირადი წერილი და სხვა) და მათი ფუნქციური  დატვირთვის (რას  წარმოადგენს და რა ფუნქციით გამოიყენებოდა) მიხედვით დალაგებულიყო. ეს მონაცემები შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევის საშუალებას იძლევა.

პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო სტატია ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელითშესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსიმიზნები, პერსპექტივები მზია  ხახუტაიშვილის, ნანა ცეცხლაძის და გრიგოლ კახიანის თანაავტორობით ,,ქართველოლოგიური კვლევების“ მე-7 ტომში დაიბეჭდა (გორი, საქართველო). კრებული ინტეგრირებულია Erih+  -ის  სამეცნიერო ბაზაში.

_ რას გვეტყვით პროექტის მონაწილეების შესახებ?

პროექტის წევრები გახლდათ:

  • მზია ხახუტაიშვილი - ბსუ-ს ასოც. პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი;
  • ნანა ცეცხლაძე - ბსუ-ს ასოც. პროფესორი;
  • გრიგოლ კახიანი - ინფორმატიკის დოქტორი;
  • თამილა დილავეროვა - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი;
  • ელზა მექურიძე - ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის სტუდენტი;
  • ლილია თავდგირიძე - ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის სტუდენტი;
  • ალეკო ხინიკაძე - ბსუ-ს კომპიუტერულ მეცნიერებათა სტუდენტი.

უნდა აღვნიშნო პროექტის თითოეული წევრის გულისხმიერება, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება. ასევე საგანგებო აღნიშვნას საჭიროებს სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა დაგეგმილ ექსპედიციებში, ხელნაწერთა გაციფრულებასა და კორპუსის არქიტექტონიკის შექმნაში. აქვე დავსძენ, რომ ამგვარი პროექტების განხორციელებისას უდავოდ იზრდება ახალგაზრდა თაობის გამოცდილება, ძლიერდება ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის თითოეულ წევრს თანადგომისათვისა და ერთობლივი წარმატებული შედეგისათვის.

_ პროექტზე მუშაობა დასრულდა. დაინტერესებული აუდიტორია იხილავს შედეგებსაც. ამ ეტაპზე, რა არის თქვენი სამომავლო მიზანი?

უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბსუ-ს ამ შესაძლებლობისათვის.

როგორც მოგახსენეთ, დღემდე არ არსებობდა „დედაბრული“ და, მით უფრო, „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების საერთო ბაზა. არაკომპეტენტური, დილეტანტური შეფასებების გამო კი კნინდებოდა აღნიშნული მოვლენის ლინგოკულტუროლოგიური, ფსიქო და სოციოლინგვისტური ღირებულება.

შექმნილი კორპუსი საშუალებას მისცემს მეცნიერებს, გამოიყენონ დაგროვილი მასალა შემდგომი ინტერდისციპლინური  კვლევებისთვის. სამეცნიერო პროდუქტი კი ხელს შეუწყობს „დედაბრული ხელით” შესრულებული ხელნაწერების პოპულარიზაციას, გაზრდის აჭარის რეგიონისადმი ინტერესს, გამოკვეთს მის განსაკუთრებულობას და მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს კონკრეტულად აქაურ თუ ზოგადად ქართულ სულიერ მემკვიდრეობაში. 

მონაცემთა ქართულ-ინგლისური ბაზა შესაბამისი სამომხმარებლო ინტერფეისით მოვლენას საერთაშორისო მნიშვნელობას მიანიჭებს,  გაზრდის ხელნაწერების ცნობადობას, ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას. კორპუსი ასევე აამაღლებს უნივერსიტეტის ცნობადობას. გააძლიერებს რე­გი­ონის გა­ნ­ვ­­ითარებაში უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომლის პრი­ორი­ტ­ეტიც მისიიდან გამომდინარე სამხრეთ-და­ს­ა­ვ­­ლეთი საქართ­ვე­ლოს კულტურის კვლევაა.

ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ კვლევის შედეგების პოპულარიზაციას, რასაც ახლო მომავალშიც გავაგრძელებთ. კვლევის შედეგებს ჩავრთავთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების პროცესში; აღნიშნული პროექტი ასევე  მოემსახურება ახალგაზრდა მეცნიერთა  ზრდას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა