გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ყველა სანთელი საკუთარ ისტორიას ატარებს“

სურათი

ნათია მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის კურსდამთავრებულია. განათლებით ფილოლოგმა, პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, ჰობი პროფესიად და ბიზნესადაც აქცია. ქალბატონი ნათია დეკორატიური სანთლების ქართული კომპანიის -  „world candle”- დამფუძნებელია.

_ მიყვარს, როდესაც ხატის წინ

ანთია წმინდა სანთელი

და საიდუმლო პარპალით

ბნელს ჰფანტავს მისი ნათელი”, _ აკაკი წერეთლის ლექსით - ხატის წინიწყებს გაზეთბათუმის უნივერსიტეტისმკითხველთნ დიალოგს ქალბატონი ნათია.

_ გთხოვთ, გაიხსენეთ სტუდენტობის წლები. თქვენ წარმატებით დაამთავრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა...

_ ამჟამად ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. სტუდენტობის წლები განსაკუთრებული სიყვარულით მახსენდება. ვთვლი, რომ  სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა სწავლობ და აკეთებ იმ საქმეს, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში უკვე გააზრებული მქონდა, რომ ჩემი მომავალი აუცილებლად ლიტერატურას დაუკავშირდებოდა. ის, რაც გვაახლოვებს სულიერებასთან და განახვავებულად გვანახებს სამყაროს, ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ლიტერატურაა. უნივერსიტეტმა და კონკრეტულად იმ ლექტორ-მასწავლებელთა გუნდმა, რომელიც მასწავლიდა, მომცა ძალიან ბევრი რამ - პირველ რიგში ჩემი, როგორც პიროვნების სუსტი და ძლიერი მხარეები დამანახვა.

არსებობს რაღაც, რაც ღრმად რჩება ხოლმე ჩვენს მეხსიერებაში, ასეთი სიღრმეები ახასიათებდა ჩემი პროფესორ-მასწავლებლების ლექციებსაც. იყო მეგობრობაც, სიყვარულიც და იუმორიც… კარგად მახსოვს ბატონი გურამ ბახტაძე, გასაოცარი ადამიანი. ხანდახან ვფიქრობ, რომ მის მიერ ახსნილ  ქართულ რომანტიზმს დიდი წვლილი მიუძღვის შემდგომ ჩემი ახალი საქმის წამოწყებაში. თერგის ხმაური გვესმოდა, მყინვარის სიცივეს ვგრძნობდით... პირველ კურსზე აუდიტორიაში დავემალეთ, როგორ უხაროდა, რომ გავეხუმრეთ, ვერ წარმოიდგენთ. მახსენდება ბატონი ნოდარ ჭყონია _  ეს ადამიანი ლექციას არ კითხულობდა… ეს 50 წუთში ჩატეული ხელოვნება გახლდათ და ასეთი ბევრი რამ მახსენდება…

_ რას უკავშირდება დეკორატიული სანთლებით თქვენი დაინტერესება?

_  გაგიკვირდებათ და, ჩემი სანთლებით დაინტერესებაც ლიტერატურას უკავშირდება. ყოველთვის მიყვარდა ის საქმე, რომელიც ასოცირდებოდა მშვენიერებასთან. გემოვნება ინდივიდიალურია, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ყველა გემოვნების ადამიანს აერთიენაბს. თავიდან ამ ყველაფერს ჰობის სახე ჰქონდა. იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა მოსწავლეებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ცისა ფერს” ავუხსენი. ცისფრის ბარათაშვილისეული განმარტება, განცდა, ლექსით გამოწვეული ემოცია, ჩემი სანთლების მთვარ ჩანაფიქრად იქცა. ეს ლექსია ჩემთვის ინსპირაციის წყარო… თითოეული ხელნაკეთი ინდივიდუალური ნივთი, თავის ემოციას ქარგავს, ყველა სანთელი საკუთარ ისტორიას ატარებს… გავაერთიენე ორი საყვარელი საქმე და გაჩნდა სასაჩუქრე ბარათებიც. გალაქტიონის ,,თოვლი” ჩვენი თეთრ-იისფერი შეფუთვისა და ლოგოს მუზად იქცა. სურნელოვანი სანთლების დამზადება სულ რაღაც ერთი წელია დავიწყე.  დავამზადეთ ცისფერი სანთლები  სასაჩუქრე ბარათებით ,,ცისა ფერს” , რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ უკვე დავამატეთ ჯანსუღ კახიძის ,,მოვა მაისი” და ასე გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა. ეს საქმიანობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც არის, რომ მომხმარებლისთვის გასაგებია ჩვენი გზავნილი, - უყვარდეს მშვენიერება, რომელსაც უპირველესად ლიტერატურაში იპოვის.

რას ნიშნავს თქვენთვის ლიტერატურა?

_ ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ წლებს ლიტერატურას დავუთმობდი. ლიტერატურა ჩემთვის სიტყვით ტკობაა, რომელიც საქმედ შეიძლება აქციო.

აკაკის ლექსიდან ამონარიდს გავიხსენებდი:

„მყუდროდ, უხმოდ და უძრავად

დნება, თვით მსხვერპლი დიადი,

რომ მადლით გაასპეტაკოს

თვალუწვდომელი წყვდიადი”.

ან კიდევ:

„სანთელი ჩემი ხორცია,

სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,

ნათელი - ჭკუა-გონება,

იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო

სახატე - მთელი ქვეყანა,

და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,

არ შემიძლია მეც, განა?”

_ გთხოვთ, გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები…

_ ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ გალაქტიონზე, სიახლე ბევრი გვაქვს, ერთ-ერთი განსაკუთრებული კი ის პროექტია, რომელსაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ. მოსწავლეთა ჩართულობა, მეწარმეობის უნარების განვითარება, ლიტერატურული თვალსაწიერი - წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება. ყველას  მშვიდობიან, ძლიერ, წარმატებულ საქართველოში ცხოვრებასა და საქმიანობას გისურვებთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა