გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მომავალი ფილოლოგის სამეცნიერო ინტერესის სფერო

სურათი

მომავალი ფილოლოგის სამეცნიერო ინტერესის სფერო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი თათია პაქსაძე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურობით გამოირჩევა. სამეცნიერო კონფერენციაზე, უკვე მეორედ, მისი ინტერესის სფერო პოემა „ვისრამიანით“ შემოიფარგლება. ამბობს, რომ საკითხით მეორე კურსიდან დაინტერესდა და პრობლემების სიღრმისეულ ანალიზსაც ეტაპობრივად შეუდგა. თათიას თემის ხელმძღვანელი პროფესორი რამაზ ხალვაში გახლდათ.

_   ვცდილობ,  რომ ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება იყოს აქტიური, შემეცნებითი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი. ბსუ შესაძლებლობას გვაძლევს ფორმალურ განათლებასთან ერთად მივიღოთ არაფორმალური განათლებაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის. ლექცია-სემინარების პარალელურად ხშირად ვესწრები ბსუ-ში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებს, აქტივობებსა და ფორუმებს. ასევე ვარ სტუდენტური თვითმართველობის წევრი და წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტი წევრი, სადაც პროფესორებთან ერთად განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ  ამ ფორმატში  შესაძლებლობა გვაქვს მესამე პირის ჩარევის გარეშე კომუნიკაცია გვქონდეს  რექტორთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან, პირდაპირი კომუნიკაციით განვიხილოთ არსებული პრობლემა.

  • მონაწილეობა მაქვს მიღებული  სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურში;
  •  სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და  სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, მეათე სამეცნიერო კონფერენციში „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“;
  •  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სეზონურ სკოლაში, რომელიც   მიეძღვნა თემას  ,,ქართველოლოგია ციფრულ ეპოქაში“;
  •  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით 2022 წელს გამართულ ჯომარდობაში, რომელიც გაიმართა ფასანაურში;
  •    ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული ბსუ- სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, მაგალითად დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოს დასუფთავების ღონისძიებაში, ასევე ამავე ორგანოს მიერ ორგანიზებულ ბავშვთა სახლში ბავშვების მონახულების ღონისძიებასა და სხვ.
  •  ასევე ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის  მეორე კურსი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ თემატურ სპეცსემინარში, რომელიც ომისა და თავისუფლების ბრძოლის პოეზიას ეხებოდა.
  •  გამოვარჩევ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის აქტიური მონაწილეც ვიყავი.
  • ასევე ჩემი საგანმანათლებლო მიმართულებიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მომცა მქონოდა პრაქტიკული გამოცდილება  და ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ბათუმის ,,ქართულ-ამერიკული კერძო სკოლა პროგრესის“ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ამ გამოცდილებამ კი ბევრი რამ მომცა და უკეთ მივხვდი  თუ რა მინდა? რა მიმართულებით უნდა გავაგრძელო შემდგომ სწავლა,  როგორ უნდა მივაღწიო სასურველ შედეგს და რა მჭირდება ამისთვის.

_ თათია, რატომ აირჩიეთ საკვლევად ,,ვისრამიანის“ ქართული თარგმანი?

_  ,,ვისრამიანით“ ჯერ კიდევ მეორე კურსზე ლექციის მსვლელობისას  დავინტერესდი. როდესაც ლექტორმა სასწავლად მოგვცა,  ტექსტის  მოცულობამ ცოტა შეგვაშინა, მაგრამ სემინარამდე მაინც წავიკითხეთ და უამრავი კითხვა გამიჩნდა. რა თქმა უნდა, სემინარზე მისულმა ეს ყველა კითხვა ბატონ რამაზ ხალვაშს დავუსვი და ისიც თანმიმდევრობით ყველა კითხვაზე ამომწურავად მცემდა პასუხს. როდესაც ბატონი რამაზი მიხვდა, რომ ჩემი ინტერესი დიდი იყო ამ თემისადმი შემომთავაზა, რომ შემეძლო ეს თემა საკონფერენციოდ დაგვემუშავებინა მისი ხელმძღვანელობით და უფრო სიღრმისეულად გაგვეცა პასუხს ჩემს კითხვებზე, რადგან ერთ სემინარზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო თემის ამოწურვა.

   დასაწყისში, ტექსტის ერთი წაკითხვით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის საერთოდაც არ იყო მოსაწონი. მისი შინაარსით ნამდვილად არ მოვიხიბლე, განსაკუთრებით დედის მიერ  უშობელი შვილის გათხოვებით, 30 წლის შემდეგ დაბადებული გოგონას საკუთარ ძმაზე დაქორწინებითა და სხვა უამრავი დეტალით, მაგრამ მივხვდ,ი რომ სწორედ ამ პროტესტმა აღმიძვრა ინტერესი ტექსტის  სრული შესწავლისა, მისი წარმომავლობისა და შინაარსისადმი.

    სემინარზე ბატონმა რამაზმა აღნიშნა, რომ ,,ვისრამიანი“ გალექსილი ჰქონდა არჩილ მეორეს, ამიტომ ჩემთვის ეს თემა უფრო საინტერესო გახდა. მაინტერესებდა ქართული მენტალობის მეფე როგორ გალექსავდა მას და თუ  გადმოგვცემდა საკუთარ პოზიციას ტექსტისადმი ტექსტშივე, ასევე თუ შეცვლიდა რაიმეს   ან დაამატებდა. ასევე დავინტერესდი  როგორ, რატომ და რა ვითარებაში  ჰქონდა არჩილ მეფეს ეს გალექსილი. ამიტომ  პირველი საკონფერენციო თემის სათაურიც  ,,ვისრამიანის“ არჩილისეული ვერსია იყო.  როცა  უკვე  თავად ტექსტი წაკითხული მქონდა  და   შენიშნული მნიშვნელოვანი დეტალები  ტექსტსა და არჩილისეულ გალექსილ ვერსიაში მივხვდი, რომ ამ თემამ უფრო დამაინტერესა, თუმცა საკონფერენციო თემის ფორმატიდან გამომდინარე, ასე ვრცლად ვერ ვისაუბრებდი ყველაფერზე. წარდგენისას, კომისიის წევრებმა მკითხეს ჩემი აზრით, - თუ რა არის ტექსტის თარგმნის ზოგადი მნიშვნელობა, მე კი პასუხი მოკლედ გავეცი და წელს გადავწყვიტე, რომ მესაუბრა უფრო ვრცლად ამ საკითხზე ,,ვისრამიანის“ ჭრილიდან, თან მსურდა, რომ წინა წელს აღმოჩენილ დეტალებზეც მესაუბრა და შემესწავლა - თუ რა გავლენა იქონია ,,ვისრამიანის“ ტექსტმა ქართულ ლიტერატურაზე და  სათაურად ამიტომ შევარჩიეთ ,,ვისრამიანი“ და მისი ქართული თარგმანის მნიშვნელობა.

_ რამდენად დაინტერესებულია ქართველი მკითხველი ,,ვისრამიანით“?

_   ,,ვისრამიანით“ ქართველი მკითხველის დაინტერესება ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნიდან ჩანს. ის სპარსულად ითარგმნა ფახ ად-დინ ასად გორგანის მიერ, ხოლო ქართული თარგმანი სარგის თმოგველს ეკუთვნის. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სარგის თმოგველს ის 1119 წლის შემდეგ უნდა ეთარგმნა, რადგან მან სწორედ 1119 წლის შემდეგ მიიღო თმოგველობა და ეს ტექსტი თარგმნიდან მალევე გამხდარა პოპულარული.

   „ვისრამიანი“,  სპარსული პოეზიის შედევრი და ფაქტობრივად, პირველი ძეგლია, რომელმაც  უკვე მოძველებული, მისტიკური თემებისგან განსხვავებით, ლიტერატურაში ამქვეყნიური სიყვარულის თემა შემოიტანა. ამ სიახლემ დიდი ინტერესი აღძრა   მკითხველ საზოგადოებაში, მათ შორის ქართველებში,  რომელიც საუკუნეების შემდეგაც არ განელებულა. ამას  ადასტურებს „ვისრამიანის“ ქართული პროზაული თარგმანის შექმნა XII საუკუნეში და პოემის პერსონაჟების ხშირი ხსენება ქართული კლასიკური მწერლობის ძეგლებში, მაგალითად ,,ფატმანს ჰკვლიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა“, - წერს შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“. ,,რამინს უშენოდ, სტკივის უშენოდ, შვრებოდა ვისის ნამიჯნურევად“, - ვკითხულობთ ,,თამარიანში“.

  ასევე „ვისრამიანის“ პოპულარობას ადასტურებს XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში მისი განახლებული სახით წარმოდგენა. განსაკუთრებით საინტერესოა „ვისრამიანით“ არჩილ მეორის დაინტერესება, რომელიც ლიტერატურაში „მართლის თქმის“ პრინციპის დამცველია და ემიჯნება სპარსული ზღაპრული სიუჟეტებით გატაცებას. „მართლის თქმის პრინციპის“ ფუძემდებელი და ,,სპარსოფილობის“ მოწინააღმდეგე მეფე-პოეტი იმდენად გაუტაცებია „ვისრამიანს“, რომ მისი პოეტური ვერსია შეუქმნია.

_ ნაწარმოების ისტორიულ მნიშვნელობასა და მის პერსონაჟებზეც რომ გვესაუბროთ...

_ ვისრამიანის პირველწყარო ფალაურია, რომელიც ჩვენამდე არ არის მოღწეული.   მისი  ისტორიულობის საკითხი მეტად საინტერესოა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ  ამბავი მოგონილია. ა.ქრისტენსენი  აღნიშნავდა: ,,ვისრამიანის“ ამბავი მოგონილია და ისტორიულად არ შეიძლება ჩაითვალოსო, მაგრამ ვ.მინორსკის შენიშვნისა არ იყოს, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს გორგანისეულ ვერსიაში პართული სურათები მაინც არ იყოს შემორჩენილი .

  ,,ვისრამიანის“ ტექსტს ხშირად ადარებენ ,,ტრისტანისა და იზოლდას“ ამბავს. რ. შტაკელბეგი ,,ვისრამიანის“ ფაბულად ინდურ ამბავს თვლის და ამის არგუმენტად მას სიუჟეტის მსგავსებასთან ერთად მოჰყავს ის, რომ მსგავს ამბავს ძველ ირანულ მოთოლოგიასა და თქმულებებში არ ვხვდებით,  ხოლო ვ. მინორსკი ,,ვისრამიანს“ პართული ყოფის შესწავლის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს, ამიტომ მის ფაბულად ფალაურს ასახელებს, მაგრამ ე.ბერტელის თქმით, თემა ისეა დამუშავებული, რომ ამგვარად გააზრება ძველ პართელ ავტორებს არ შეეძლოთ და თან პართულ ხანაში ვერ გაბედავდნენ მეფე გამოეყვანათ ასეთი ბრიყვი, როგორიც მოაბადია და ისეთი მატყუარა პრინცესა და უფლისწული, როგორებიც ვისი და რამინია.

  ე. ბერტელს თავისი მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად მოჰყავს ,,შაჰნამეს“ სიუჟეტი და ამბობს, რომ  ავტორები ერთი პერიოდის წარმომადგენლები არიან და იქ უფრო მეტი ,,კეთილშობილი“ და  ,,კეთილგონიერი“ პერსონაჟია, ვიდრე მოღალატე და მატყუარები, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ,,შაჰნამე“ არ არის ფალაური  ძეგლი და მისი გმირებიც არ გამოირჩევიან აღმატებული კეთილსინდისიერებით. ტექსტში კარგად ჩანს, თუ რა ხრიკებს მიმართავს მთავარი გმირი როსტომი და როგორ ჭკუასუსტობას იჩენს  ხოლმე ირანის მეფე ქაიქაოსი.

  ე.ბერტელს ,,ვისრამიანის“ ვერსია  სკანდალური ამბების შემცვლად მიუჩნევია და  გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თითქოს რუსთაველს საგანგებოდ დაეწეროს ,,ვეფხისტყაოსანი“ ქართულ ფეოდალურ წრეებში „ვისრამიანის“ გავლენის გასანელებლად, მაგრამ არ შეიძლება ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან  რუსთაველის პოემა იმდენად დიდია, რომ მას  ამ დონემდე ვერ დავიყვანთ. თანაც აღსანიშნავია, რომ რუსთაველი სამჯერ ახსენებს ვისრამიანის“ პერსონაჟებს და ეს მხოლოდ იმ პერიოდში ,,ვისრამიანის“ ტექსტის პოპულარობაზე მიუთითებს. 

   რაც შეეხება პერსონაჟებს, მე უკვე ვახსენე დედა, რომელმაც ჯერ კიდევ უშობელი შვილი გაათხოვა და ეს, ფაქტობრივად, ფულის სანაცვლოდ გააკეთა. 30 წლის შემდეგ კი გაუჩნდა გოგონა, რომლის დაქორწინებას საკუთარ ვაჟზე აპირებდა. მაგრამ გამოჩნდა ,,ძველი სასიძო’’, მოაბადი და გოგონას წაყვანა მოინდომა, მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხი იჩენს თავს და მოაბადის ძმას უყვარდება ძმის საცოლე ვისი. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია რაიმე დადებითი ვთქვა პერსონაჟებზე. ასევე ტექსტში არიან პერსონაჟები, რომლებიც ამ ყველაფერს უფრო ამრავალფეროვნებენ.

_ როგორია ,,ვისრამიანის“ ქართული თარგმანის ხელოვნება?

_ უნდა აღინიშნოს, რომ ,,ვისრამიანის“ ტექსტი, ფაქტობრივად, ზუსტად არის გადმოტანილი როგორც ქართულ პროზაულ ტექსტში, ასევე არჩილ მეორისეულ გალექსილ ვერსიაში, მაგრამ მასში მაინც ვხვდებით მცირედ ცვლილებებს და ეს სწორედ ქართული სულისკვეთების წარმოჩენას ემსახურება, ამასვე ადასტურებს მის თარგმნილ ვერსიაში დადასტურებული ქრისტიანული ჩანართები.

  ,,ვისრამიანი“ რომანტიკული ეპოსია. გორგანს ხელთ ჰქონია მისი პროზაული ვერსია და უთარგმნია, როგორც თვითონ ამბობს ,,სიტყუაშეწყობით“ ესე იგი ლექსად. მისი შრომა შეიცავს 8000 ორმუხლედ ტაებს.

,,ვისრამიანის“ ქართული თარგმანი ერთ-ერთი და ამავე დროს, ერთადერთი უძველესი თარგმანია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  სპარსული ტექსტის გასათვალისწინებლად, გასაგებად და თუ გნებავთ, აღსადგენად. ,,ვისრამიანის“ ტექსტი ჯერ კიდევ გორგანის ეპოქაში ყოფილა საქართველოში პოპულარული. ამის თქმის უფლებას კი გვაძლევს  მისი ნაწარმოებებში ხშირი ხსენება.

აღსანიშნავია „ვისრამიანის“ ქართული თარგმანის როლი დედნის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც. ევროპელმა მკითხველმა გორგანის თხზულების სრული ტექსტი პირველად სწორედ ქართული ვერსიის მეშვეობით გაიცნო, როდესაც ლონდონში გამოქვეყნდა ამ ვერსიის ო. უორდროპისეული ინგლისური თარგმანი  და ეს იყო 1914 წელს.

_ნაშრომზე კვლევისას, რა დეტალებზე გააკეთეთ აქცენტები?

_  ჩემთვის საინტერესო იყო თავად  ქართულად თარგმნილი და გალექსილი  ტექსტების მსგავსება-განსხვავება და ასევე სპარსულ ტექსტთან მიმართება, რაც სხვადასხვა მეცნიერის შრომებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით გავაანალიზე.

_ რა როლი შეასრულა ,,ვისრამიანის“ ქართულმა თარგმანმა ჩვენს ეროვნულ ლიტერატურაში?

_ „ვისრამიანი" ქართული მწერლობისთვის უმნიშვნელოვანესი თარგმნილი ძეგლია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პროზის შემდგომ განვითარებასა და ჩვენამდე ამ სახით მოღწევაში. უკვე აღვნიშნე, რომ ის, ფაქტობრივად, პირველი ძეგლია, რომელიც ამქვეყნიურ სიყვარულს მიეძღვნა.

 „ვისრამიანი“ იმთავითვე იქცა ქართული ლიტერატურის ორგანულ ნაწილად და სიტყვაკაზმული მწერლობის იმ კლასიკურ ფონდს შეუერთდა, რომელმაც სათავე დაუდო ქართულ საერო ლიტერატურას. „ვისრამიანით“ ქართველი მკითხველის დაინტერესება აიხსნება სწორედ  ხსენებულ ხანაში ქართულ მწერლობაში საერო ტენდენციების მომძლავრებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ძვრების კანონზომიერი შედეგი იყო.

_ და, ბოლოს თქვენი სამომავლო გეგმები...

_  მომავალზე ხმამაღლა საუბარი არ მიყვარს, თუმცა გაგიმხელთ გეგმებს. რა თქმა უნდა, მსურს სწავლის გაგრძელება და აკადემიურად უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა ჩემთვის საინტერესო მიმართულებით, რათა შევძლო საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და  რეალიზება იმ სივრცეში, რომელიც მხიბლავს და შესაძლებლობას მომცემს  სასიკეთოდ ვიმუშაო საზოგადო საქმისთვის.

დიდი  ამბიცია და ბევრი მიზანი მაქვს. ამიტომაც  ყოველთვის ვეცდები, რომ მოვინდომო,  ვიშრომო და ამ შრომის შედეგით ვიყო ბედნიერი.  არასდროს მქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც იმიტომ არ გამომივიდა, რომ დამეზარა, არ გავაკეთე და რაღაცებზე უარის თქმა ვერ შევძელი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა