გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბიომრავალფეროვნების გლობალური გამოწვევები და ფიტოპათოლოგიის აქტუალური საკითხები საერთაშორისო კონფერენციიდან

სურათი

ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ჩატარდა, რომელიც  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 65 წლის იუბილეს მიძღვნა.  კონფერენციაში საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, ნიდერლანდების, კანადის, შვეიცარიის და იტალიის წამყვანი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების მკვლევრები მონაწილეობდნენ. ორდღიანი კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიება  ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა. თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტის 65-წლიანი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე და მის მომავალ პერსპექტივებზე, ასევე, ხაზი გაუსვა სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. მან მადლობა გადაუხადა მეცნიერებსა და პარტნიორებს წარმატებული თანამშრომლობისათვის და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო – შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა. კონფერენციის ფარგლებში, ინსტიტუტის მეცნიერები: გურამ მემარნე, მარიამ მეტრეველი, ზოია სიხარულიძე, იზოლდა მაჭუტაძე, ავთანდილ მესხიძე და გალინა მეფარიშვილი ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელებით  დააჯილდოვეს.

კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები გახლდათ:  მცენარეთა მავნებელ - დაავადებები, თანამედროვე გამოწვევები და გადაჭრის გზები; მცენარეულ პათოგენთა პოპულაციურ-გენეტიკური კვლევები; მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება; მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები; ჭარბტენიანი ჰაბიტატები - ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემური სერვისები, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.

გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელს ნანა კონცელიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ნანა, რა აქტუალური პრობლემები გამოიკვეთა კონფერენციის თემის კვლევის ფარგლებში?

_ როგორც ვიცით ცოცხალი ორგანიზმების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და რაციონალური გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გახლავთ მსოფლიოს მოსახლეობის  სიცოცხლისუნარიანობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სწორედ აქედან გამომდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემის აქტუალობა, რომელიც მიეძღვნა ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების 65 წლისთავის იუბილეს.

ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციას (BDC), რომელსაც 1992 წელს ხელი მოაწერა 170 ქვეყანამ, 1999 წელს პარლამენტის დადგენილებით საქართველოც შეუერთდა. კონვენცია უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას.

_ რა სტრატეგიები შეიძლება განხორციელდეს მაღალი ვირუსული პათოგენების გლობალურად გავრცელებისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების შესამცირებლად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში?

_ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ზოგიერთი მაღალი მავნებლობით გამორჩეული პათოგენის გავრცელებამ შესაძლებელია ძალიან ფართო საერთაშორისო და საკონტინენტთაშორისო მასშტაბები მიიღოს და მოერგოს სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს მრავალ რეგიონში. ეს კი განსაკუთრებით საშიშია განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც სასურსათო უსაფრთხოების გარანტიები შესუსტებულია.

 _ მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად, უპირველესია მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების გატარება, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლებებს წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად. სამწუხაროდ, კლიმატური ცვლილებებიდან, რასაც გლობალურ დათბობას ვუწოდებთ და სხვა უამრავი მიზეზებიდან გამომდინარე, დაავადებათა რიცხვი თანდათან იზრდება, რაც დაკავშირებულია ამ კულტურების არეალის გაფართოებასთან.

_გენეტიკურ კვლევაში  სწრაფი დიაგნოსტიკური ტექნიკის მიღწევებმა როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ფიტოპათოგენების კონტროლის უნარი და გააძლიეროს საკვების უსაფრთხოება მათი მუდმივი გენეტიკური ვარიაციის ფონზე?

_ ფიტოპათოგენთა კონტროლი ძალიან ძნელია მათი გამუდმებული გენეტიკური ცვალებადობის გამო. იმისათვის, რომ დაავადებების მიერ გამოწვეული დანაკარგები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია წარმოქმნილი პრობლემის დადგენა. კერძოდ, ბიოლოგიური თვალსაზრისით საჭიროა სწრაფად, დროულად და ზუსტად იქნას იდენტიფიცირებული დაავადების გამომწვევი, განსაზღვრული იქნას მისი მოქმედების მექანიზმი და  მავნებლობის ხარისხი, რაც ჩვენი საქმიანობის ანუ სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რეკომენდაციები გვაქვს გაცემული მცენარეთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, როგორც კერძო პირებზე და ფერმერებზე, ასევე შესაბამის დაწესებულებებზე.

_ პოლიტიკური გადმოსახედიდან კი აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მცენარეთა მავნებელ-დაავადებები საფრთხეს უქმნიან სურსათზე ადამიანების მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და აუცილებელია სისტემატური კვლევა მათი კონტროლის ახალი და უფრო ეფექტური საშუალებების ძიების მიმართულებით.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტში ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება მცენარეთა დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება.  ინსტიტუტის მეცნიერების მიერ პირველად იქნა საქართველოში აღმოჩენილი და შესწავლილი კარტოფილის, ბზის, კივის, თხილის, ლურჯი მოცვის და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების საკარანტინო, საშიში დაავადებები და მავნებლები. მათი კვლევებით დაინტერესებულია  მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაციები, კვლევის შედეგები კი ქვეყნდება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში. კოლხეთის ტორფნარების  კვლევების შედეგად,  კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიან ეკოსისტემებს იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა