გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

სურათი

უცხოელ მკვლევრებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა შავი ზღვის დაბინძურებისა და მასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის შესწავლა დაიწყეს. პროექტი, რომელშიც საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, თურქეთი და რუმინეთი მონაწილეობს, ორწლიანია. კვლევით საქმიანობასთან ერთად, დაგეგმილია მონიტორინგი, ეკოლოგიური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტოლფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი იზოლდა მაჭუტაძე პასუხობს.

_ ქალბატონო იზოლდა, ვინ იღებს პროექტში მონაწილეობას და რა შედეგებს ელოდებით?

_ „თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა ზღვა“ CARE SEA პროექტი შემოთავაზებულია 5 უმაღლესი განათლების და/ან კვლევითი ორგანიზაციის პარტნიორობით. წამყვანი პარტნიორია LP1 - BSU - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოდან. სხვა პარტნიორები არიან მოლდოვადან (PP2 - USPEE, ევროპული სწავლებისა და განვითარების  უნივერსიტეტი კიშინიოვიდან), თურქეთიდან (PP3 - KTU - ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი ტრაპიზონში), საბერძნეთიდან (PP4 - AUTH - არისტოტელეს უნივერსიტეტი სალონიკში) და რუმინეთიდან (PP5 - DDNI - ეროვნული R&D ინსტიტუტი დუნაის დელტასთვის ტულჩეაში). პარტნიორებს აქვთ როგორც წინა პროექტებში მუშაობის, ასევე  ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება, სხვა პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის საერთო მიზანია, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების გაღრმავება თემებში სხვადასხვა სახის დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებით და 24-თვიანი პერიოდის განმავლობაში უფრო მწვანე და სუფთა შავი ზღვის რეგიონისთვის მოქმედების პრაქტიკული საშუალებების მიწოდებით. 

_პროექტში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზეც რომ გვესაუბროთ...

_ პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველოდა ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტემენტში განხორციელდება ერთი სადოქტორო შრომა: „კოლხეთის სანაპირო ზონის ჰაბიტატების ბიომრავალფეროვნება და მათზე პლასტიკითა და მიკროპლასტიკით დაბინძურების ზეგავლენა’. ასევე სამი სამაგისტრო თემა, რომელიც მძიმე მეტალებით, მიკროპლასტიკით დაბინძურებას ეხება.

_  ზაფხულის დღეებში  შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურება უფრო მეტად ხდება, როგორია გზა ნარჩენებიდან ზღვის დაბინძურებამდე?

_ პრობლემა ძალიან დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერებაა და ასევე ნარჩენებების გადახარისხების საწარმოების არარსებობა. ნარჩენების უმეტესობა მდინარეებიდან ჩამოტანილია.

_როგორია ნარჩენების მართვის სისტემა აჭარაში?

_ მინდა აღვნიშნო, რომ  შპს „აჭარის სანდასუფთავების“  ძალიან კარგი მუშაობა, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება დაბალი ცნობიერებად. ნაგავსაყრელები ყველგანაა დიდი და მცირე.  აუცილებელია ნარჩენების განსაკუთრერბით პლასტიკით გადახარისხება და საწარმოების აშენება, რომელსაც ახორციელებს კიდევაც ქ. ბათუმის მერიის სამსახური და განხორციელდა ასევე გაეროს დაფინანსებით პატარა პროექტი „პლასტიკი არაა ნაგავი“.

_ ამ ეტაპისთვის, რა ღონისძიებები ტარდება შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის მიზნით?

_ დასუფთავების აქციები მუდმივად ხორციელდება. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის  სააგენტო მუდმივად აწარმოებს კვლევებს ზღვის წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პრობლემას ვერ წყვეტს. აუცილებელია სკოლამდელი ასაკის და შემდგომი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რომ ყველა ნარჩენი ბუმერანგივით ისევ უკან გვიბრუნდება და სავალალო მდგომარეობაშიც კი შეიძლება აღმოვჩნდეთ.  განსაკუთრებულია მძიმე მეტალებით დაბინძურების საკითხი ატმოსფერულ ჰაერში. პროექტის ფარგლებში ამ კვლევას  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარების და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნათია ტეტემაძე შეასრულებს.

_ როგორია შავი ზღვის ბოლო, ზოგადი კვლევები და მათი შედეგები?

_ შავი ზღვის ირგვლივი ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი, გარემოსდაცვითი დაწესებულებების , არასმათავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მრავალი კვლევა ხორცილდება. პრობლემა გლობალურია. Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ამ გრანტის: თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა ზღვისათვის“  სწორედ შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის მენეჯმენტის გეგმების შემუშავებას გულისხმობს ტრანსსასაზღვრო ქვეყნებში როგორიცაა: საქართველო-თურქეთი და მოლდოვა-რუმინეთი.

_  წარსულში არაერთხელ გვინახავს ბათუმის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინები. ამ მხრივ რა მდგომარეობაა, მიმდინარეობს თუ არა შავი ზღვის დელფინთა კვლევა?

_ დიახ, მიმდინარეობს კვლევები ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარების და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ერთ-ერთ სამეცნიერო თემატიკას სწორედ „ზღვის ძუძუმწოვრების კვლევა“ წარმოადგენს რომელსაც   მთავარი მეცნიერთანამშრომელი  რეზო გორაძე ხელმძღვანელობს. კვლევებმა აჩვენა, რომ გამორიყული მკვდარი დელფინების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მიზეზი სიკვდილიანობისა თევზჭერის დროს მათი ბადეში მხვედრა სახელდება.

_ თქვენი რჩევები  _ როგორ გავუფრთხილდეთ შავ ზღვას?

_ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შავი ზღვა მარტო ზღვა არაა, რომ ის მისი  სანაპირო ზოლია. ეს ის გარემოა, სადაც ჩვენ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ და მომავალი თაობა იცხოვრებს. სწორედ შავ ზღვა მიუძღვის უდიდესი წვლილი კოლხეთის განსაკუთრებული თბილი და რბილი კლიმატის ჩამოყალიბებაში. ახლოვდება შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე - 31 ოქტომბერი.  ეკოლოგიური გარემოა მნიშვნელოვანი. დღის წესრიგი 21 ის მთავარი დევიზიც ხომ „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“  არის. ყველას ვალდებულებაა სათუთად მოეპყროს გარემოს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა