ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამედ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”. სიახლე და მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის, რომ მიმდინარე წლიდან გამოცემა „Erihplus”-ის სამეცნიერო ბაზაშია ინდექსირებული. კონფერენციაში 14 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართლის და სხვა მიმართულების სექციებს მოიცავდა. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი როინ მალაყმაძე პასუხობს:
_ ბატონო როინ, გთხოვთ ისაუბროთ ტრადიციადქცეული კონფერენციის მნიშვნელობაზე...
_ უკვე მესამედ ჩატარებული კონფერენციის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ფაქტობრივად, იგი იქცა შავიზღვისპირეთის თემატიკით დაინტერესებულ მკვლევართა გამაერთიანებლად. კარგად განხორციელებულმა მენეჯმენტმა, მეცნიერული სიახლითა და აქტუალობით წარმოდგენილმა ნაშრომებმა, უფრო მეტად გაზარდა კონფერენციის პოპულარობა და მნიშვნელობა. იგი ყოველწლიურად თავის განსხვავებულ ნიშას ატარებს. წელს კონფერენციის ფარგლებში მოეწყო პანელური მუშაობა თემაზე „წაშლილი, დავიწყებული და ტრანსფორმირებული მეხსიერება (მეხსიერების კვლევა ბიოგრაფიული ინტერვიუების- ზეპირი ისტორიების საფუძველზე)“, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური იყო ჩვენი თანამემამულის, ფერეიდანში მცხოვრები ქართველის, ქალბატონ ჰელენ იოსელიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა და სხვა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ კონფერენცია წარმატებით ასრულებს თავის დანიშნულებას - აერთიანებს სხვადასხვა დარგის მკვლევრებს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობასა და ახალი პროექტების დაბადებას. ასევე განსაკუთრებულად უნდა გავუსვათ ხაზი ახალგაზრდა მეცნიერების (მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტრანტების) ჩართულობას. შემთხვევითი არაა, რომ ინსტიტუტმა ამ სამეცნიერო აქტივობის ჩატარება ახალგაზრდა მეცნიერებს მიანდო, სწორედ, მათმა დაუღალავმა შრომამ მოგვცა ასეთი აღიარებული შედეგი. მადლობა ახალგაზრდა მკვლევარებს გაწეული შრომისა და ინტერესისათვის.
კონფერენცია ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ჩვენი უნივერსიტეტის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა.
მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყოველწლიურად ელოდება და მონაწილეობს კონფერენციაში „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“.
ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ – მოწვევა მომავალშიც გაგრძელდება და ეს წამოწყება კარგ ტრადიციად დამკვიდრდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებაში. იგი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა ურთიერთდაახლოებასა და კულტურათაშორის დიალოგს.
_ მიმდინარე წლიდან, „შავიზღვისპირეთი - ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ „Erihplus”-ის სამეცნიერო ბაზაშია ინდექსირებული. ეს არამარტო ინსტიტუტისთის, არამედ ბსუ-სა და ზოგადად, წლების მანძილზე კონფერენციაში ჩართული ასობით მეცნიერისთვის, აღსანიშნავია. გთხოვთ, ისაუბრეთ ამ უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის შესახებ...
_ დიახ, ცალკე აღნიშვნის ღირსია სამეცნიერო ჟურნალის ასეთი აღიარება. კონფერენციის დაფუძნებისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა სამეცნიერო ჟურნალის ბაზებში განთავსება, რომ იგი ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ამის საჭიროება დაგვანახვა კონფერენციისადმი გაზრდილმა ინტერესმა. ინსტიტუტის მკვლევართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეს შევძელით. ვფიქრობ, საქართველოში პირველად მოხდა, რომ მესამე წელს ანუ ორი ნომრის შემდეგ “Erihplus”- ბაზში განთავსდა ჟურნალი. ეს დიდი აღიარებაა. ჩვენ ეს იმ მკვლევრებისთვის გავაკეთეთ, ვინც ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და მაღალი აკადემიური მოხსენებებით გამოდია. ამიტომაც, თითქოსდა საგანგებოდ, სწორედ კონფერენციის ჩატარების წინ მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს, საერთაშორისო თვალსაზრისით, უნივერსიტეტის, ინსტიტუტის და ჩვენის სამშობლოს დიდი აღიარებაა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით…..
გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” მკითხველს კონფერენციის მონაწილეების, პროფესორ ემზარ მაკარაძის, პროფესორ მაია ჭიჭილეიშვილისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის გამგეობის წევრ გიორგი ახალკაციშვილის ნაშრომთა თეზისებს სთავაზობს.
თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები XXI საუკუნეში
ემზარ მაკარაძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორი.
emzar.makaradze@bsu.edu.ge
https://orcid.org/0000-0002-8499-9258
აბსტრაქტი
XXI საუკუნის დასაწყისი თანამედროვე თურქეთის საშინაო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, რადგანაც, სწორედ ამ პერიოდში, ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად იჩინა თავი საერო და ისლამური მიმართულების წრეთა დაპირისპირებამ.
XXI საუკუნის დასაწყისში ისლამისტური მიმართულების სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმატება მოულოდნელი არ იყო. მას ნიადაგი მოუმზადა XX საუკუნის 90-იანმა წლებმა, როდესაც ისლამურმი ორიენტაციის კეთილდღეობის პარტიამ საერო მიმართულების პარტიების გვერდით დაიკავა ლიდერის პოზიცია და თურქეთის ისტორიაში პირველად მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში.
XXI საუკუნის დასაწყისში მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შოკური ეფექტი მოახდინა, როგორც რესპუბლიკური თურქეთის საერო ხელისუფლებაზე, ისე დასავლელ პოლიტიკოსებზე. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა, ისტორიული არჩევანის წინაშე დადგა: კვლავ გადაიქცეოდა ისლამურ სამართალსა და ფასეულობებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ თუ დარჩებოდა როგორც საერო სახელმწიფო.
2000-2024 წლებში საერო ხელისუფლება (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) გვერდს უვლის ქვეყანაში შექმნილი სოციალურ – პოლიტიკური ვითარების ნამდვილ მიზეზებს და არ ავლენს რეალობას. თუმცა ბევრი მათგანი მათ მიერვე არის ხელოვნურად შექმნილი.
ჩვენი ნაშრომის მიზანია, ნათლად ავსახოთ 2000 – 2024 წლების თურქეთის საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, კერძოდ, ისლამური სამართლიანობისა და განვითარების პარტიის და მისი ლიდერის - რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი ქვეყნის ცხოვრებაში.
ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 2000-2024 წლებს. ეს უმთავრესად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სწორედ ამ დროს თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ისლამის შემდგომი აღმავლობით ქვეყნის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში, რამაც ისლამური სამართლიანობისა და განვითარების პარტიას და მის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი წარმატებები მოუტანა და ნათელი გახდა მათი პოზიციები და დამოკიდებულება საერო მმართველობასა და დემოკრატიულ ღირებულებებისადმი თანამედროვე თურქეთის საშინაო პოლიტიკაში.
ამგვარად, წარმოდგენილ ნაშრომში აღნიშნული საკითხების შესწავლა ნათელს მოფენს 2000 – 2024 წლების თურქეთის საშინაო პოლიტიკის ზემოაღნიშნულ საკითხებს.
დისკუსია
XXI საუკუნის დასაწყისში, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც შედგა 2000 წლის 27 აპრილს, აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა მიიღო დეპუტატთა 281 ხმა და 220 ხმით გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ ნევზათ იალჩინთაშს, რომელმაც მხოლოდ 61 ხმა მოიპოვა. 2000 წლის 1 მაისს გამართულ მეორე ტურში, სეზერს 314 ხმა ჰქონდა და ეჭვს არ იწვევდა, რომ 5 მაისს გამართული არჩევნების მესამე ტურში გაიმარჯვებდა. ასეც მოხდა, მესამე ტურში სეზერმა მოახერხა 330 დეპუტატის მხარდაჭერა და გახდა თურქეთის რესპუბლიკის მეათე პრეზიდენტი (მაკარაძე, 2019:225).
2000 წლის 16 მაისს სულეიმან დემირელმა ოფიციალურად მოიხსნა პრეზიდენტის უფლებამოსილება. აჰმეთ ნეჯდეთ სეზერმა კი მეჯლისის წინაშე ფიცის დადებისას ჩამოაყალიბა თავისი პოლიტიკური კურსის ძირითადი დებულებები. მან რესპუბლიკურ თურქეთში კვლავ აღიარა ლაიციზმი ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ხელშეუხებელ პრინციპად, რომლის გარეშე დემოკრატიულ თურქეთში სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრების მოწესრიგება წარმოუდგენელი იქნებოდა.
აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა თავის გამოსვლაში, ფაქტობრივად, დააფიქსირა მუსტაფა ქემალ ათათურქის პრინციპებზე დაფუძნებული რესპუბლიკური თურქეთის არსებობა, რომელსაც, მისი აზრით, ვერანაირი ძალა ვერ დაშლიდა.
2001 წლის ივლის-აგვისტოში თურქეთში ჩამოყალიბდა ისლამური ორიენტაციის - ბედნიერების, რომლის თავმჯდომარე გახდა რეჯაი ქუთანი და სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომლის ლიდერი გახდა სტამბოლის ყოფილი მერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
2002 წლის მიწურულიდან თურქეთის პოლიტიკურ წრეებში დაიწყო საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარებაზე. ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამგვარი შესაძლებლობის უარყოფის მიუხედავად, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მოვლენების ამგვარი განვითარების რეალურ საფუძველს იძლეოდა.
2002 წლის 3 ნოემბერს თურქეთში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 80%–მა. შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე 19 პარტიიდან, 10%–იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სამართლიანობისა და განვითარების და სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიებმა.
2002 წლის არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ სამართლიანობისა და განვითარების პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მომავალი პრემიერ-მინისტრის საკითხი. ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში აბდულაჰ გიული განიხილებოდა, რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სეზერი არჩევნების შემდეგ სიმპათიებით იყო განმსჭვალული თურქეთის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ვეჯდი გიონულის მიმართაც. პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატურად იმ პერიოდში სახელდებოდნენ აგრეთვე ცნობილი თურქი სახელმწიფო მოღვაწეები: აბდულქადირ აქსუ და ბიულენთ არდინჩი, თუმცა პოლიტიკოსთა აზრით, ახალი პრემიერის მოღვაწეობა მოკლევადიანი იქნებოდა, რადგან ერდოღანის პოლიტიკურ აკრძალვებს ვადა 2003 წლის იანვარში გასდიოდა.
2002 წლის 18 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ა. სეზერმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და 58-ე მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა ერდოღანის პირველ მოადგილეს - აბდულაჰ გიულს (მაკარაძე, 2019:228).
აბდულაჰ გიულის პრემიერად დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა პარლამენტს მოკლე დროში მიეღო ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა შედეგად რ.თ.ერდოღანის პრემიერ-მინისტრად გახდომას სამართლებრივი წინაღობა აღარ ექნებოდა.
2003 წლის 14 მარტს ერდოღანი გახდა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა სეზერმა ოფიციალურად დაავალა 59-ე მთავრობის ჩამოყალიბება.
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მმართველობა პოზიციონირებდა როგორც ზომიერი ისლამური და კონსერვატიული ძალა.
2007 წელს მთავრობამ წამოაყენა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესახებ.
2007 წლის აპრილში თურქეთის პოლიტიკურ საქმიანობაში ერთ მხარეს იდგნენ - მოქმედი პრეზიდენტი (აჰმედ ნეჯდეთ სეზერი), ჯარი, პროფკავშირები, უნივერსიტეტის რექტორები, ოპოზიციური პარტიები, ხოლო მეორე მხარეს - მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია.
მხარეთა დაპირისპირების ძირითადი მიზეზი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის დასახელება იყო, რასაც ოპოზიციის მხრიდან 2007 წლის 14-15 აპრილს ანკარაში ნახევარმილიონიანი მიტინგი მოჰყვა.
2007 წლის 22 ივლისს თურქეთში ჩატარდა საპარლამენტო აჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 42.5 მილიონმა ამომრჩეველმა. 10%-იანი ბარიერი გადალახა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ.
პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ხმების რაოდენობა 34,1 პროცენტიდან 46,47 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, პარტიას დეპუტატთა ნაკლები რაოდენობა ეყოლებოდა. რისი მიზეზიც გახლდათ ორი ოპოზიციური პარტიის მიერ ათპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა.
2007 წლის 20 აგვისტოს ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა მეჯლისში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა. შედეგად, არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა აბდულაჰ გიულმა ფარული კენჭისყრით მოაგროვა 367 ხმა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისათვის. თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით, პირველ და მეორე ტურში, 550 ადგილიან მეჯლისში პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა მოეგროვებინა.
2007 წლის 28 აგვისტოს, თურქეთის პარლამენტმა, მესამე ტურში, სახელმწიფოს ახალი მეთაური ხმათა უმრავლესობით აირჩია. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება 56 წლის აბდულაჰ გიულმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისაგან (აჰმედ ნეჯდეთ სეზერი) ანკარაში, ჩანკაიას რეზიდენციაში გადაიბარა.
2007 წლის 21 ოქტომბერს თურქეთში მმართველი პარტიის ინიციატივით ჩატარდა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ (1. პარლამენტის ნაცვლად პრეზიდენტს ირჩევდა მოსახლეობა; 2. საპრეზიდენტო ვადა შემცირდა შვიდიდან ხუთ წლამდე; 3. პრეზიდენტს უფლება ქონდა მეორე ვადით ეყარა კენჭი; 4. საპარლამენტო არჩევნები ხუთი წლის ნაცვლად შემცირდა ოთხ წლამდე; 5. საპარლამენტო ქვორუმი 367-დან შემცირება 184-მდე და სხვა.), ცვლილებებს მხარი დაუჭირა მასში მონაწილეთა 68,95%–მა.(მაკარაძე, 2019:230).
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ამ წარმატებების მიუხედავად, ლაიცისტურად განწყობილ ძალებს არ შეუწყვეტიათ საქმიანობა. მათი ერთ-ერთი ბოლო გაელვება იყო 2008 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საქმის აღძვრა. აღნიშნული საქმე პარტიის სასარგებლოდ დასრულდა.
2011 წლის 21 თებერვალს, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია მეჯლისში შევიდა წინადადებით, რომ მეჯლისის არჩევნები დანიშნულიყო 2011 წლის 12 ივნისს, პარლამენტმა ეს წინადადება 2011 წლის 3 მარტს დაამტკიცა.
2011 წლის 11 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა უმაღლეს საარჩევნო საბჭოში წარადგინეს საკუთარი კანდიდატების სია. 24 პოლიტიკური პარტიიდან ექვსმა განაცხადა უარი მონაწილეობაზე, დანარჩენმა 18-მა კი გამოხატეს სრული მზადყოფნა ბრძოლისთვის.
2011 წლის 12 ივლისს თურქეთში ჩატარდა საპარლამენტო აჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50.2 მილიონმა ადამიანმა. 10%-იანი ბარიერი გადალახა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ.
როგორც ვხედავთ, საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ტრიუმფალურად, დამაჯერებლად გაიმარჯვა. საერთო ჯამში, მმართველმა პარტიამ შეძლო არა მარტო მიღებული ხმების რაოდენობის გაზრდა, არამედ თურქეთის 81 პროვინციიდან გაიმარჯვა 61-ში (მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, ტრაპიზონში, ანტალიაში, ართვინში და ა. შ.).
2011 წლის 12 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თურქეთში ყველაზე აქტუალური საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. წინა წლის სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმის დროს ამ საკითხს მოსახლეობის 58% მიემხრო.
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო იუსტიციის სისტემის რეორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედროების პოლიტიკური გავლენის შესუსტებას.
2011 წლის 12 ივლისის არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერთოღანის პარტიის გამარჯვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის კურსი, რომელსაც სამართლიანობისა და განვითარების პარტია ახორციელებდა და რომელსაც მხარს უჭერდა თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით, კონსტიტუციასა და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სისტემად გარდაიქმნებოდა. ცვლილებების შემდეგ, მოხდებოდა ძალაუფლების კონსოლიდაცია პრეზიდენტის ხელში. პირდაპირი გზით არჩეულ ლიდერს პოსტზე ყოფნა განახლებული 5-წლიანი ვადით შეეძლებოდა (მაკარაძე, 2015:85).
2014 წლის 10 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში. პირდაპირი წესით პირველად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში 51,79%-ით გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოიპოვა, ხოლო იმავე წლის 28 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა აჰმედ დავუთოღლუ.
თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში ერდოღანი აცხადებდა, რომ არჩევის შემთხვევაში, იგი არ იქნებოდა მხოლოდ და მოლოდ სიმბოლური პრეზიდენტი, არამედ მაქსიმალურად გამოიყენებდა მინიჭებულ ძალაუფლებას. მან ხაზი გაუსვა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მიღწევებს და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა „ახალი თურქეთის“ შესახებ.
ერდოღანისა და მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გამარჯვება განპირობებული იყო იმით, რომ თურქული საზოგადოება გადაღლილი და გაწბილებული იყო ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული და კორუფციაში ღრმად ჩაფლული ელიტის მოქმედებით. მის ფონზე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლები უფრო მეტი პატიოსნებით, უბრალოებითა და ხალხთან სიახლოვით, აშკარად, მომგებიანად გამოიყურებოდნენ.
თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ერდოღანმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - მან მნიშვნელოვანწილად შეზღუდა ხელშეუხებელი და ძლევამოსილი სამხედრო ელიტა და ჩამოაშორა ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
გენერალიტეტის შესუსტებასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად გაძლიერდა რელიგიურ ლიდერთა ერთიანობა. რელიგიის საქმეთა სამმართველო თურქეთის სახელმწიფო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სტრუქტურად იქცა. რ.თ.ერდოღანის მმართველობის განმავლობაში თურქეთში აშენდა 7300 მეჩეთი, განათლების სისტემის რეფორმის შედეგად უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში რელიგია აუცილებელ საგნად იქნა შეტანილი, ხოლო საერო სკოლების საშუალო კლასებში შემოიღეს საგანი - რელიგიათმცოდნეობა, ასევე, მოიხსნა სკოლების ტერიტორიაზე მოსწავლე გოგონებისათვის თავსაბურავით სიარულის აკრძალვა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.
2015 წლის 7 ივნისს თურქეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 550 მანდატიან პარლამენტში დაკარგა უმრავლესობა. მან მიიღო 256 მანდატი, მეორე ადგილზე გავიდა სახალხო – რესპუბლიკური პარტია – 132 ადგილი, მესამეზე - ნაციონალური მოძრაობის პარტია – 82 ადგილი და სახალხო - დემოკრატიული პარტია - 80 ადგილი.
არჩევნების შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ, მეჯლისში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ შეძლო, რასაც მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის დათხოვნა და ქვეყანაში რიგგარეშე 26-ე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
2015 წლის 1 ნოემბერს თურქეთში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ერდოღანმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა სახელმწიფო მექანიზმი, რათა სამართლიანობისა და განვითარების პარტიას გამარჯვება მოეპოვებინა, და მან, მართლაც, დაიბრუნა პარლამენტში უმრავლესობა, რომელიც 2015 წლის ივნისში დაკარგა.
არჩევნებში მმართველმა პარტიამ 49.4% დააგროვა, მთავარმა ოპონენტმა, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ კი - 25.4%. 10%-იანი ზღვარი გადალახეს და პარლამენტში ადგილები მოიპოვეს პროქურთულმა და ნაციონალისტურმა პარტიებმა. პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ არჩევნების შედეგს თურქი ხალხისა და დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.
2016 წლის 15 ივლისის საღამოს მსოფლიო მედიის ყურადღება თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა მიიპყრო. ხელისუფლების დამხობის მიზნით ქვეყნის რამდენიმე ადგილზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პარასკევს საღამოს ანკარასა და სტამბოლში ტანკები გამოჩნდნენ, რომლებმაც თურქეთის პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმფრინავებმა დედაქალაქში მდებარე ეროვნულ სადაზვერვო შტაბს ქვემეხები დაუშინეს.
15 ივლისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამბოხების ღამეს, როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი შვებულებიდან სტამბოლში ბრუნდებოდა, მეამბოხეების ორ გამანადგურებელს მისი თვითმფრინავი მიზანში ჰყავდა ამოღებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, თავდასხმა არ განხორციელდა და ის სტამბოლში მშვიდობით ჩავიდა.
გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 150 ათასი პირი დააკავეს, მათ შორის მოსამართლეები და მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცველებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია (მაკარაძე, 2019:293).
თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალური ანკარა ყოფილ იმამს, ფეჰულაჰ გიულენს ადანაშაულებდა, თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები რელიგიური ლიდერი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფდა (2024 წლის 21 ოქტომბერს, ფეჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა).
2017 წლის 16 აპრილს, თურქეთის მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ჩაატარა საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, ასევე საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას.
2017 წლის 16 აპრილს, ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმით, რესპუბლიკური თურქეთი გადავიდა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე, რაც მუსტაფა ქემალ ათათურქის რეფორმების შემდეგ, ერთ-ერთი მტკიცე ნაბიჯი იყო გადადგმული თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2018 წლის 24 ივნისს თურქეთში გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა.
2018 წლის 9 ივლისს ჩატარებული პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ, რ. თ ერდოღანი შეუდგა საპრეზიდენტო საქმიანობას.
2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. უნდა ითქვას, რომ ეს არ ყოფილა რიგითი არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია ძალზე პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობდა, რადგან მხარეები ამ არჩევნებს ერთგვარ ნდობის ვოტუმის თემად მიიჩნევდნენ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პარტიის 17-წლიანი მმართველობის მიმართ.
2023 წლის 14 მაისს თურქეთში გაიმართა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 28 მაისს საჭირო გახდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაც.
2023 წლის 14 მაისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,5% მოაგროვა და მცირე რაოდენობა დააკლდა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თითქმის სრულად განაახლა აღმასრულებელი მთავრობის შემადგენლობა, გარდა კულტურისა და ტურიზმის და ჯანდაცვის მინისტრებისა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ცვლილებებმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, სადაც ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა მეჰმეთ შიმშექმა, ხოლო თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოზიცია კი ჰაფიზე გაიე ერქანმა დაიკავა. ექსპერტების ვარაუდით, ეს ცვლილებები შესაძლოა მიგვანიშნებდეს, რომ თურქეთს არატრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დასრულება და ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელზე გადართვა სურს, რაც განპირობებულია ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურებითა და მზარდი ინფლაციით.
2024 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქვეყნისთვის, რომელმაც გამოავლინა მნიშვნელოვანი ცვლილებები პოლიტიკურ ლანდშაფტში.
არჩევნები ჩატარდა თურქეთის 81 პროვინციაში. აირჩიეს მერები, საქალაქო საბჭოების წევრები და სოფლის ხელმძღვანელები.
ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება. მან შეინარჩუნა კონტროლი სტამბოლზე და ანკარაზე, ასევე მოიგო სხვა მსხვილ ქალაქებშიც.
მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები. სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ კვლავ გაიმარჯვა სტამბოლის მერის არჩევნებში. ეს იყო მნიშვნელოვანი დარტყმა პრეზიდენტ ერდოღანის პარტიისთვის. სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა მანსურ იავაშმა შეინარჩუნა ანკარის მერის პოსტიც.
ეს შედეგები აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებისთვის.
არჩევნებმა აჩვენა ოპოზიციის მზარდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
არჩევნები ჩატარდა თურქეთის ეკონომიკური სირთულეების ფონზე, მაღალი ინფლაციითა და ლირის გაუფასურებით.
ქურთულ-დომინირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში შედეგები იყო უფრო ფრაგმენტირებული, სხვადასხვა პარტიების წარმატებით.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები ძირითადად მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული დარღვევების შესახებ ცნობები.
ეს არჩევნები მიჩნეულია მნიშვნელოვან მოვლენად თურქეთის პოლიტიკურ ისტორიაში, რომელმაც აჩვენა ცვლილებები საზოგადოებრივ განწყობებში და პოლიტიკურ ძალთა ბალანსში.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ რჩება თურქეთის პრეზიდენტად. ის ამ პოსტს 2014 წლიდან იკავებს.
დასკვნა
დასკვნის სახით, შეიძლება გავაკეთოთ ანალიზი XXI საუკუნის 20-იან წლებში თურქეთის საშინაო პოლიტიკის შესახებ.
პირველი და აუცილებელი ფაქტორი გახლავთ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება:
ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. შექმნას პლატფორმები კონსენსუსის მისაღწევად მნიშვნელოვან საკითხებზე.
პრიორიტეტი მიანიჭოს ინფლაციის შემცირებას და ვალუტის სტაბილიზაციას. გაატაროს სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკის გასაძლიერებლად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
გააუმჯობესოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და პლურალიზმი.
გააძლიეროს ანტიკორუფციული მექანიზმები. უზრუნველყოს გამჭვირვალობა სახელმწიფო კონტრაქტებსა და ტენდერებში.
სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება. გააგრძელოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და დიალოგი ქურთულ თემთან. უზრუნველყოს უმცირესობების უფლებების დაცვა და მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.
ითანამშრომლოს ოპოზიციის მიერ მართულ დიდ ქალაქებთან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და სხვა.
თურქეთის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის კულტურის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ხელისუფლების მიერ ხალხისადმი ანგარიშვალდებულების პრინციპებზე გადის. არც სამხედრო გადატრიალება და არც ავტორიტარული პოლიტიკური მმართველობა არ არის ის ხაზი, რომელსაც უნდა გაჰყვეს რესპუბლიკური თურქეთი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ თურქეთის საზოგადოების ევროპიზებული ნაწილი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ის უკვე მეტად გააქტიურებულია პოლიტიკურად და სეკულარიზმის პრინციპებს იოლად არ დათმობს. ამავე დროს, შეიმჩნევა, რომ თურქული საზოგადოების დასავლური მენტალიტეტის მატარებელი ნაწილი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა, თავისი მსოფლმხედველობით და მოთხოვნებით უკვე ათათურქისეულ სეკულარიზმზეც ამაღლდა და იკავებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მაღალი ევროპული სტანდარტების პოზიციებს. რაც შეეხება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მართალია, ის რჩება ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, მაგრამ არ არის გამორიცხული, თურქეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა კრიზისმა, გარკვეული ხნის შემდეგ, შეცვალოს თავისი მიდგომები.
კონსტრუქტივიზმი XX საუკუნის 20-იანი წლების ბათუმის არქიტექტურაში
(საცხოვრებელი სახლების მაგალითზე)
მაია ჭიჭილეიშვილი/Maia Tchitchileishvili
ბათუმი, საქართველო/Batumi, Georgia
აბსტრაქტი: XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ქართული საბჭოთა არქიტექტურის ჩამოყალიბება ახალი ტიპის სახელმწიფოში მიმდინარე იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებს დაუკავშირდა. არქიტექტურის მიზნები და ამოცანები კომუნისტური პარტიის „მონუმენტური პროპაგანდის“ პროგრამის ნაწილად იქცა. კონსტრუქტივიზმი საბჭოთა რუსეთში კომუნისტური მშენებლობის სიმბოლოსთან, ახალი ქვეყნის კონსტრუირების გამოხატვასთან ასოცირდებოდა.
ბათუმის არქიტექტურაში 1920-1930-იანი წლების მიჯნაზე წარმოებული მასობრივი საბინაო მშენებელობა კონსტრუქტივისტული სტილის მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებლებით აღინიშნა. 1920-იანი წლების ბათუმის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში კონსტრუქტივისტული პრინციპების ფართოდ დამკვიდრება შესაძლოა ბათუმისადმი, როგორც თანამედროვე სამრეწველო ქალაქისადმი ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულებით იყო განპირობებული. ბათუმი ამ პერიოდისათვის წარმოადგენდა მუშათა ქალაქს, რომლის იერსახეს, ძირითადად, ქმნიდა ახალი მოდერნისტული არქიტექტურა თავისი კომპლექსური დასახლებებითა და ახლებური ვიზუალის მქონე საცხოვრებელი სახლებით. წარმოდგენილი ნიმუშების მაგალითზე ბათუმის არქიტექტურაში უპირატესობა ენიჭება კონსტრუქტივიზმის იმ ნაკადს, რომელშიც ნაკლებად ჩანს ეროვნული და მოდერნისტული ტენდენციების სინთეზი. ბათუმის შენობებისათვის უპირატესად დამახასიათებელებელია „ინტერნაციონალური“ მიმართულების კონსტრუქტივისტული ტენდენციები, რომელიც ემყარება სადა, ლაკონური, გეომეტრიული, ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მოცულობებისა და ფორმების დინამიკას. ბათუმის საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა კომპლექსური ან ურბანული კვატალური განაშენიანების თვალსაზისით და დიდ როლს თამაშობს ქალაქგეგმარებითი სივრცითი სტრუქტურის შექმნაში. მთელი კვარტლის მასშტაბის განმსაზღვრელი ყველაზე მაღალსართულიანი შენობებიც ამ სტილის პრინციპებითაა გადაწყვეტილი, რაც „ბათუმური კონსტრუქტივიზმის“ ფასეულობას წარმოადგენს. ეს ნაგებობი, ისევე როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების (აბასთუმანი, წყალტუბო, ბორჯომი და სხვ.) ნიმუშები თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებებით ქართული კულტურის საინტერესო ისტორიული ეტაპის განუყოფელი ნაწილია.
დასკვნა: საბჭოთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე ხელოვნების მიზნებსა და ამოცანებს იდეოლოგიურ მოთხოვნებზე მორგებული ინტერნაციონალური კულტურის შექმნის სურვილი განაპირობებდა, რაც სხვადასხვა ტრადიციებზე აღმოცენებული მრავალეროვანი სახელმწიფოსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. არქიტექტურაში ახლებური გემოვნების სტილის მოთხოვნებთან ერთად, სახეზეა წინარე ეტაპიდან მომდინარე რომანტიზირებული, ეროვნული იდენტობის გამომხატველი ტენდენცია, რომელიც ახალ ფუნქციონალურ მიმართულებასთან - „კონსტრუქტუვიზთან“ შედარებით, უფრო ხანგრძლივ პერიოდში განვითარებადი აღმოჩნდა. თბილისის არქიტექტურაში XX საუკუნის მოდერნისტულ მოვლენებთან (ბაუჰაუზი, ინტერანაციონალური სტილი) თანაზიარი და რუსული ფენომენის გამოძახილი კონსტრუქტივიზმი, გავრცელების ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, საყურადღებო შენობების შექმნით წარმოჩნდა (მანია, 2013:238).
1920-1930-იანი წლების მოდერნისტულ არქიტექტურაში გამოირჩევა მსხვილი მასშტაბის, მდიდარი სამკაულის და მკაფიო ინდივიდუალური სახის მქონე, შუა საუკუნეობრივი დეკორით შთაგონებული საზოგადოებრივი შენობები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მთავარი კორპუსი, არქიტ. ნ.სევეროვი, 1929; კინოსტუდიის მთავარი შენობა, არქიტ. მ.ბუზოღლი, 1927 წ.) და წმინდა კონსტრუქტივისტული ნაგებობი, რომელთაც ახასიათებთ მასათა დინამიკური ურთიერთმიმართება, მსხვილი მასშტაბი, გაზრდილი პროპორციები, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმების კონსტრასტი.
1920-1930-იანი წლების „ქართული სტილის“ კონსტრუქტივისტული ნიმუშები, ფუნქციონალური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სადა, მკაცრ ფორმებთან ერთად, შეიცავენ ისტორიული არქიტექტურის ადგილობრივი სივრცითი აზროვნებით განპირობებულ ელემენტებსა და ფორმებს (კოშკის მოტივი, ციხე-სიმაგრეებისათვის დამახასიათებელი ქონგურები, სადა ნახატის მქონე შეკიდული აივნები, სხვადასხვა ფორმის თაღები და სხვ.. ამასთანავე, 1920-1930-იანი წლების მიჯნაზე აშენებული, მხატვრული თვალსაზრისით კონსტრუქტივიზმთან ახლოს მდგომი, დიდი საცხოვრებელი სახლების ჯგუფი (ბანკის მუშაკთა საცხოვრებელი სახლი დ.ჭონქაძის ქუჩაზე, არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი, 1929 წ.; საცხოვრებელი სახლი ქიაჩელის ქუჩაზე, არქიტ. ნ.სევეროვი, 1931 წ.) სიახლოვეს პოულობს ამავე პერიოდის რუსული, უკრაინული თუ ბელორუსული საცხოვრებლების არქიტექტურასთან.
1920-იანი წლების ბათუმის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში კონსტრუქტივისტული პრინციპების ფართოდ დამკვიდრება შესაძლოა ბათუმისადმი, როგორც თანამედროვე სამრეწველო ქალაქისადმი ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულებით იყო განპირობებული. ცხადია, რომ ამ პერიოდის ბათუმში მოღვაწე არქიტექტორების (გაუზნერი, დ. კლიმენჩენკო, ცუკანოვი და სხვ.) მიზანს არ წარმოადგენდა ეროვნული მემკვიდრეობის შემოქმედებითი ათვისება და მოდერნიზაცია, რადგან ბათუმი ამ პერიოდისათვის წარმოადგენდა მუშათა ქალაქს, რომლის იერსახეს, ძირითადად, ქმნიდა ახალი მოდერნისტული არქიტექტურა თავისი კომპლექსური დასახლებებითა და ახლებური ვიზუალის მქონე საცხოვრებელი სახლებით.
წარმოდგენილი ნიმუშების მაგალითზე ბათუმის არქიტექტურაში უპირატესობა ენიჭება კონსტრუქტივიზმის იმ ნაკადს, რომელშიც ნაკლებად ჩანს ეროვნული და მოდერნისტული ტენდენციების სინთეზი. ბათუმის კონსტრუქტივისტულ შენობებში რომანტიზირებული ელემენტები (ნახევარწრიული და ისრულთაღოვანი ღიობები, დაყრდნობილი ხის აივნები) მხოლოდ ერთეულ ნიმუშებში (საცხოვრებელი სახლი წმ.სევერიანე აჭარელის, ა.პუშკინის ქუჩებზე) გვხვდება. ეროვნული მოტივების მოკრძალებულად გამოყენების მიუხედავად, ეს ნაგებობები ეროვნული და კონსტრუქტივისტული ფორმების შერწყმის ექსპერიმეტული ქმნილებებია. ბათუმის შენობებისათვის უპირატესად დამახასიათებელებელია „ინტერნაციონალური“ მიმართულების კონსტრუქტივისტული ტენდენციები, რომელიც ემყარება სადა, ლაკონური, გეომეტრიული, ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მოცულობებისა და ფორმების დინამიკას.
ქალაქის განაშენიანების ჩამოყალიბებული კამერული მასშტაბის გათვალისწინებით, ბათუმის არქიტექტურულ ნიმუშებს გამოარჩევს მეტ-ნაკლებად ზომიერი მასშტაბი, სიმკაცრე, სისადავე, გეომეტრიულობა, ლაკონურობა, ფასადის ტეხილი აბრისებისა და გეომეტირული სეგმენტების დინამიკური სტრუქტურა, კედლის სადა, გლუვი სიბრტყეების ფენესტრაცია სწორკუთხა, თაღოვანი და ისრული ფორმის ღიობებით, სადარბაზოსა და კიბის უჯრედთა მომნიშვნელი ვერტიკალური ღერძის აქცენტირება, აივნების მოქლონიანი შეერთების რკინის სადა ნახატის ან შელესილზედპირიანი მოაჯირები. თითქმის ყველა მათგანის სახასიათო დეტალია ფასადის კომპოზიციური ღერძის აღნიშვნა საბჭოთა სიმბოლოებით (საუწყებო ემბლემები, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ნამგალი, ურო).
ბათუმის ნიმუშებისაგან განსხვავებით, თბილისის კონსტრუქტივისტულ არქიტექტურაში ადგილობრივი ტრადიციების გავლენა, ასევე, გამოხატულებას ჰპოვებს, ძველთბილისური საცხოვრებელი სახლის ფორმებით ნასაზრდოები, ეზოსპირა ხის აივნების კონსტრუქტივისტულ გააზრებაში (მანია:2013:245). ბათუმის საცხოვრებელი ნაგებობებში კი თითქმის უარყოფილია ეზოსპირა აივნებიანი ფასადების ტრადიცია. საცხოვრებელი სახლების ფასადებზე შედარებით იშვიათია ტერაზიტული ლესვის გამოყენების მაგალითები.
ბათუმის საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა კომპლექსური ან ურბანული კვატალური განაშენიანების თვალსაზისით და დიდ როლს თამაშობს ქალაქგეგმარებითი სივრცითი სტრუქტურის შექმნაში. მთელი კვარტლის მასშტაბის განმსაზღვრელი ყველაზე მაღალსართულიანი შენობებიც ამ სტილის პრინციპებითაა გადაწყვეტილი, რაც „ბათუმური კონსტრუქტივიზმის“ ფასეულობას წარმოადგენს. ეს ნაგებობები, ისევე, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების (აბასთუმანი, წყალტუბო, ბორჯომი და სხვ.) ნიმუშები, თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებებით, ქართული კულტურის მეტად საინტერესო ისტორიული ეტაპის განუყოფელი ნაწილია.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი თემურ-ლენგისა და ეგვიპტელი მამლუქების დაპირისპირების პერიოდში (1400-1401 წწ.)
გიორგი ახალკაციშვილი
ახლო აღმოსავლეთში, XIV საუკუნის მიწურულს და XV საუკუნის დასაწყისში, თემურ-ლენგის (1370-1405) დამანგრეველი ლაშქრობები მიმდინარეობდა. ამჯერად, ჩემი მოხსენების მთავარ თემას წარმოადგენს ჯვრის მონასტრის საკითხი თემურ-ლენგისა და ეგვიპტელი მამლუქების კონფესიური ურთიერთობების პერიოდში, 1400-1401 წწ., რომელიც ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცნობია.
ქართულ სამეცნიერო სივრცეში აქამდე არსებობდა მხოლოდ ერთი დაზუსტებული ინფორმაცია, რომ 1400 წელს მუსლიმებმა ჯვრის მონასტერი გადაწვეს, რომელიც ქართველთაგან მიღებული დახმარების შედეგად აღადგინეს, მაგრამ დაუსაბუთებელი რჩებოდა, თუ ვინ იყვნენ მონასტერზე თავდამსხმელი მუსლიმები, რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლები? დასავლურ და აღმოსავლურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, როდესაც თემურ-ლენგის ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ განხორციელებულ ლაშქრობის საკითხზე ვმუშაობდი, გავაკეთე გარკვეული დასკვნები, თუ ვის შეიძლებოდა გადაეწვა ჯვრის მონასტერი 1400 წელს და მივედი თემურ-ლენგის სირია-პალესტინის ლაშქრობებთან.
კვლევისას აღფრთოვანება გამოიწვია ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრებაში“, თემურ-ლენგის ლაშქრობების ნაწილის თხრობისას, გადმოცემულმა ერთ-ერთმა საინტერესო თავმა – „წასვლა თემურისა იელუსარამს და მისრეთს“, სადაც გადმოცემულია თუ როგორ მივიდა თემური „იელუსალემს, სოლომონის ტაძარში ილოცა. რაც დაქცეული მეჩიტები იყო, ააშენა და მრავალი შესაწირავი მისცა. ქრისტიანთ საღდრები დააქცია, მეჩიტები ააშენა“. ამ ცნობამ მიიქცია ჩვენი ყურადღება. ფაქტის გაანალიზებით, როგორც ჩანს, ჯვრის მონასტერი მართლმადიდებლების ხელში იყო, რადგან კათოლიკებს და მათ ქონებას თემური არ შეეხებოდა, დასავლეთ ევროპის დიდ სახელმწიფოებთან კარგი დიპლომატიური ურთიერთობების გამო. აქვე ჩამივარდა ხელში იტალიელი მოგზაურისა და ვაჭრის, ბერტრანდო დე მინიანელის ჩანაწერები, სადაც ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ სირია პალესტინაში თემურის გალაშქრებაზეა საუბარი. ამ წყარომ კიდევ უფრო შეავსო ინფორმაცია და მიგვიყვანა გარკვეულ დასკვნებამდე, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჯერ მოხსენების სახით, ხოლო შემდეგ სტატიის სახით.
ჩემი მოხსენება ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიისთვის, რადგან საინტერესო მასალებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი დასკვნები გაკეთდა ჯვრის მონასტრის ისტორიასთან დაკავშირებით და გამოითქვა მოსაზრება, რომ 1400/1401 წელს მისი გადაწვა მხოლოდ თემურ-ლენგს შეეძლო, რომელიც იქ ლაშქრობდა.
The issue of the Jerusalem Cross Monastery during the conflict between Tamerlane and the Egyptian Mamluks in 1400-1401
In the Middle East, at the end of the 14th century and the beginning of the 15th century, the destructive campaigns of Tamerlane (1370-1405) were taking place. This time, the main topic of my report is the issue of the Cross Monastery in the period of confessional relations between Tamerlan and the Egyptian Mamluks, 1400-1401, which is unknown to Georgian historiography.
Until now, there was only one confirmed information in the Georgian scientific space, that in 1400, Muslims burned down the monastery of the Cross, which was rebuilt as a result of the help received from Georgians, but it remained unsubstantiated as to who the Muslims who attacked the monastery were, representatives of which state? Based on Western and Eastern literature, while working on the issue of Tamerlan’s campaign against the Egyptian Mamluks, I made some conclusions about who might have burned the Monastery of the Cross in 1400.
During the research, one of the interesting chapters in Farsadan Gorgijanidze's "Life of Georgia", narrating part of Timurs campaigns, was narrated - "Temur's departure to Jerusalem and Misreti", where it is narrated how Temur "came to Jerusalem, prayed in Solomon's temple. He built what were converted mosques and gave many offerings. He destroyed Christian temples and built mosques."This notice caught our attention. Analyzing the facts, it seems that the Cross Monastery was in the hands of the Orthodox, because Temur would not touch the Catholics and their property, due to good diplomatic relations with the countries of Western Europe. Here, I got hold of the notes of the Italian traveler and merchant, Bertrand de Mignanelli, where they talk about Timur's campaign against the Egyptian Mamluks in Syria-Palestine. This source further supplemented the information and led us to certain conclusions, which will be presented first in the form of a report, and then in the form of an article.
My report is truly a novelty for Georgian historiography, because based on interesting materials, important conclusions were made regarding the history of the Cross Monastery and the opinion was expressed that only Tamerlane, who was marching there, could burn it down in 1400/1401.
უკან |