სამეცნიერო კვლევები

ქართველი ემიგრანტების წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ქართველი ემიგრანტების წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ემერიტუსი შუშანა ფუტკარაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, ბსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტი ირინე შერვაშიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: სტამბოლის ქართული სავანე (ქართველ კათოლიკეთა ეკლესია - მონასტერი ბიბლიოთეკით, არქივით, სტამბით, სკოლებით) - ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ერთერთი მნიშვნელოვანი  კერაა.  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია სავანის არქივის შესწავლა. არქივში დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის დღემდე უცნობი მეტად მნიშვნელოვანი წყაროები, კერძო წერილები, ისტორიული ცნობები.  სავანის არქივში დაცული მასალების შესწავლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ისტორიაში.

აქ დაცულია, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრების პირადი არქივები, მიმოწერის ბარათები, რომელიც დღემდე უცნობია საზოგადოებისათვის. პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ წელს სრულდება დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლისთავი. ხოლო გასულ წელს აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით ამ მასალების გამოცემა მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია.

სწორედ, ამ წერილების მოძიება, დამუშავება, სიღრმისეული შესწავლა განაპირობებს საგრანტო თემის აქტუალობასა და სიახლეს. ამ ეტაპზე  აუცილებლად მიგვაჩნია გამოვავლინოთ და  სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანოთ სტამბოლის ქართული სავანის არქივში შემონახული  საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრების პეტრე სურგულაძის, დავით ჩიქოვანის და პოლიტიკური მოღვაწის, აღმოსავლეთის ისტორიის დარგის პროფესორის, საქართველოს ეროვნული გმირის მიხაკო წერეთლის უცნობი წერილები. ეს კი უმნიშვნელოვანესი იქნება საისტორიო საზოგადოებისათვის. უდავოდ დასაჩქარებელია სავანის საარქივო მასალების მეცნიერული შესწავლა.

კვლევის პრობლემაა ამ ისტორიული პიროვნებების საარქივო დოკუმენტების გამოვლენა და შესწავლა.  სამივე მათგანი წლების განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა და საქმიანობდა სტამბოლში, სტამბოლის ქართულ სავანეში. საბედნიეროდ,  პეტრე სურგულაძის, დავით ჩიქოვანის, მიხაკო წერეთლის წერილები დღემდე ინახება სტამბოლის ქართული სავანის არქივში, წერილები გამოუქვეყნებელია და საერთოდ უცნობია ქართველი სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რადგან ბიბლიოთეკა, არქივი ჯერ კიდევ არაა გახსნილი. სტამბოლის ქართული სავანე, როგორც ცნობილია, ექვემდებარება ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის ეკლესიის ფონდს, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ბატონი პავლე ზაზაძე. 1989 წლიდან პროფესორ შუშანა ფუტკარაძეს მოპოვებული აქვს ამ სავანის ბიბლიოთეკასა და არქივში მუშაობის უფლება და ნდობა.   სწორედ მისი კვლევითი საქმიანობით გაეცნო საზოგადოება ამ ბიბლიოთეკას, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ (სტამბოლში) არსებულ ერთერთ კერას.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: მონასტრის არქივში დაცული პეტრე სურგულაძის, დავით ჩიქოვანის, მიხაკო წერეთლის საარქივო მასალების შესწავლა უდიდესი სამეცნიერო ღირებულების მატარებელია. პირველად სამეცნიერო მიმოქცევაში შევა ახალი საარქივო დოკუმენტები და მიმოწერის ბარათები. 

კვლევის პროცესში ცალკეულ საკითხებზე გამოქვეყნდება სტატიები, როგორც ქართულ, ასევე, უცხოენოვან გამოცემებში.  პროექტის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში  გამოსაქვეყნებლად შედეგების შესაბამისი სამეცნიერო პუბლიკაცია იქნება წარდგენილი საერთაშორისო რეცენზირებად/რეფერირებად ჟურნალში. პოპულარიზაციის მიზნით მოეწყობა რადიო და ტელე -გადაცემები,  პრეზენტაციები, ფოტოგამოფენები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა