სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,შხამიანი მცენარეები აჭარის ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ფლორაში (ეთნო-ბოტანიკური შესწავლა)”.
გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ მეტრეველი, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:
მარიამ მეტრეველი - ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.
თამილა ლომთათიძე - ბსუ-ს ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის აკადემიური დოქტორი.
გიული ქათამაძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრანტი.
სულხან მამულაძე - ბსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: ცნობილია, რომ მცენარეები, რომლებიც გამოიმუშავებენ და აგროვებენ შხამიან ნივთიერებებს. ე.წ. ფიტოტოქსინებს, შხამიანი მცენარეების სახელწოდებითაა ცნობილი. ისინი საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული მცენარეთა სამყაროში. შხამიანი ნივთიერებები მცენარის ყველა ნაწილში ან ცალკეულ ორგანოში შეიძლება დაგროვდეს, სხვადასხვა რაოდენობით. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში მთლიანად მცენარეა შხამიანი, ამ მხოლოდ მისი ცალკეული ორგანო. ბევრი მათგანი ტოქსიკურია ადამიანისა და ცხოველებისთვის.
დასაფიქრებელია და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მცენარეული შხამით მოწამლვა ხდება სასუნთქი გზებით, კანზე შხამის მოხვედრისას, პირის ღრუთი და ა.შ. ხშირად იწამლებიან ბავშვები შხამიანი მცენარეების მიმზიდველი ნაყოფებით და სხვა ორგანოებით, უბრალოდ შეხებითაც კი. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ზოგ შემთხვევევაში მოწამლვა შეიძლება გამოვლინდეს მყისიერად, რამდენიმე წუთში, საათში და დღეში, მაგრამ არის ისეთი მცენარეები, რომელთა გავლენითაც მოწამლვა ვლინდება რამოდენიმე კვირისა და თვის შემდეგაც კი, ვინაიდან ორგანიზმში გარკვეული სახეობის შხამი არ იშლება და არ გამოიყოფა, არამედ გროვდება. შხამი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, მაგრამ უმეტეს შემთხევაში, რომელიმე ორგანო განსაკუთრებით მძიმედ ზიანდება, მაგალითად, ლენცოფა, კონიო, ფრინტა და სხვა, აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ფუტკარა, ღვედკეცი და სხვა, გულს, თავყვითელა, ხანჭკოლა და სხვა, სასუნთქ სისტემას, საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და სხვა. ძლიერი მოწამლვის შემთხვევები, სამწუხაროდ, ზოგჯერ ლეთალური შედეგებით მთავრდება.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცალკეული სახეობის შესახებ ზოგადად საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა, საქართველოში, და კერძოდ, აჭარის ფლორისტულ რაიონში მრავლად არის ისეთი მცენარეები, რომელთა გარკვეული ნაწილები შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათგან ზოგიერთის ამოცნობა მოსახლეობამ იცის, თუმცა, ამას საყოველთაო ხასიათი არ აქვს, ბევრისა არ იცის, განსაკუთრებით კი უცხო წარმოშობის, ინტროდუცირებული, ეგზოტიკური ფლორის სახეობებზე, რომლებიც უფრო მეტად აჭარის ზღვისპირეთშია კონცენტრირებული და ამ მცენარეებმა ხელსაყრელი ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, თითქმის მეორე სამშობლო ჰპოვეს. მათ შესახებ ინფორმაციას ძირითადად მხოლოდ სამეცნიერო მიმართულებით მომუშავე პერსონალი ფლობს და გარკვეულწილად, ზოგიერთი სახეობის პრაქტიკულ მაგალითებს, ის პირები, რომელთაც საკარმიდამო ნაკვეთებზე თუ ეგზოტიკურ მცენარეთა კოლექციებში საველე სამუშაოების დროს ჰქონდათ შეხება და თავად გამოცადეს მათი ტოქსიკური მოქმედების შედეგები (Anacardiaceae, Polygonaceae, Rutaceae და სხვა ბოტანიკური ოჯახების სახეობები).
საქართველოს ადგილობრივ ფლორაში შხამიან მცენარეებზე მასალები ქართულ ისტორიულ და სამეცნიერო წყაროებშიც მოიძებნება, ნაწილობრივ ამა თუ იმ მეცნიერს აქვს ფიტოტოქსინების შემცველ ცალკეულ სახეობასა, გვარსა თუ ოჯახზე სამეცნიერო ნაშრომი, ზოგ მცენარეზე კი საინტერესოა მოსახლეობაში არსებული ცოდნა და გამოცდილება, თუმცა, ყოველივე ეს, არასრულყოფილია.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გვესახება, აჭარის ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ფლორაში შხამიან მცენარეებზე (ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეები) არსებული თეორიული და პრაქტიკული მასალების დამუშავება, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების პარალელურად, სამეცნიერო ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობითა და საველე, ეთნო-ბოტანიკური კვლევების საფუძველზე. მიზნის მისაღწევად, 10 ეტაპად გვაქვს გაწერილი შესასრულებელი ამოცანები.
მომზადდება და გამოიცემა აჭარაში მოზარდი ადგილობრივი და ეგზოტიკური შხამიანი მცენარეული სახეობების შესახებ ფერადილუსტრირებული, ქართულ-ინგლისურენოვანი საცნობარო ნაშრომი.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის შედეგად შესწავლილი, მოძიებული და ჩამოყალიბებული იქნება მონაცემები აჭარაში მოზარდი ადგილობრივი და ინტროდუცირებული შხამიანი მცენარეების შესახებ, რომელთაგან გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ მოსახლეობას არასრულყოფილი ცოდნა აქვს ან თითქმის არ აქვს. ეთნო-ბოტანიკური კვლევის შედეგად გაანალიზებული იქნება მოსახლეობაში არსებული ცოდნა და გამოცდილება, რასაც დაემატება მოსახლეობისთვის უცნობი, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მასალები და მომზადდება სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ქართულ-ინგლისურენოვანი ფერადილუსტრირებული ნაშრომი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს, მოიძიოს ინფორმაცია აჭარაში მოზარდი შხამიანი ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეების შესახებ, გაეცნოს მათ ზუსტ ბოტანიკურ დასახელებას, ასევე, ადგილობრივი ფლორის წარმომადგენლებიდან, მათ კუთხურ სახელწოდებებს; გაეცნოს მათ ბოტანიკურ-მორფოლოგიურ აღწერილობას თეორიულად და ფოტომასალითურთ, მათგან გამოწვეული მოწამლვის საფრთხეებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.
კვლევის პროცესში მომზადდება სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამომცემლობაში გამოსაქვეყნებლად. პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობას მივიღებთ რადიო და ტელე-გადაცემებში, ჩატარდება პრეზენტაციები.
მიღებული შედეგები საინტერესო იქნება სრულიად საქართველოსა და სხვა რეგიონების მოსახლეობისთვისაც, სადაც ასევე იზრდება აღნიშნული სახეობები.
სამომავლოდ საინტერესო იქნება კვლევის გაგრძელება უფრო ფართო მასშტაბით, მათ შორის, აჭარის ტრანსასაზღვრო რეგიონებში, თურქეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქართულ მოსახლეობაში.
აქტუალური იქნება შხამიანი მცენარეების დღემდე შეუსწავლელი სახეობების სამკურნალო, ვეტერინარული, ანტიმიკრობული და სხვა სამეცნიერო მიმართულებით სამომავლო შესწავლა, რისი ბაზაც ბსუ-ს კვლევით ინსტიტუტებს გააჩნია, ამასთან, კვლევასთან მიმართებაში, აღსანიშნავია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.
უკან |