სამეცნიერო კვლევები

ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი

სამეცნიერო პროექტი - ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ მგელაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა, მკვლევრები: თემურ ტუნაძე, იაშა თანდილავა, ციალა ნარაკიძე, მზია ჯღარკავა.

პროექტის ხანგრძლივობა: 2022-2025წწ.

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა: კვლევის მიზანია დასურათებული „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის” შედგენა და გამოცემა. მასში გათვალისწინებული იქნება ლაზთა ტრადიციული ყოფა – მატერიალური, სამეურნეო, სოციალური და სულიერი ცხოვრების ამსახველი კულტურის ყველა ელემენტი. ეთნოგრაფიული ტერმინი განმარტებების სახით იქნება წარმოდგენილი, სადაც ნივთის ანდა მოვლენის ძირითადი არსი და თავისებურება, ეთნოკულტურული ურთიერთობები და სოციოკულტურული გავლენები წარმოჩნდება. იქვე მოცემული იქნება ფერადი ფოტო, ჩანახატი თუ გრაფიკული ჩანახაზი და სხვა სახის ვიზუალური მასალა. განსაკუთრებული მნიშვნელობის შემცველი ვიზუალური მასალა წარმოდგენილი იქნება შედარებით დიდი ფორმატით. ლექსიკონს დაერთვება სათანადო ბიბლიოგრაფია.

„ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის” კვლევის ობიექტი ლაზების ტრადიციული კულტურული ფასეულობებია. ლექსიკონი ქართული ეთნოლოგიური სკოლის მიღწევებთან ერთად, ძირითადად, იმ საველე-ეთნოგრაფიულ მასალებს დაეყრდნობა, რომელსაც ჯგუფი ექსპედიციების დროს მოიპოვებს.

ამდენად, კვლევის სიახლეს და აქტუალობას განსაზღვრავს ის მდგომარეობა, რომ ლაზეთის ეთნოლოგიის შესახებ მსგავსი ხასიათის ლექსიკონი არ მოგვეპოვება. ამ კუთხით იგი მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე იქნება. ლექსიკონი არამარტო ნაციონალური კულტურის საგანძური გახდება, არამედ იგი ხელს შეუწყობს ლაზური ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო კუთხით კი იგი კულტურის ისტორიის სპეციალისტებისათვის „სამაგიდო წიგნი” გახდება.

ინტერდისციპლინარული კვლევის კუთხით ლექსიკონი ახლოსაა ფოლკლორთან, დიალექტოლოგიასთან და ენათმეცნიერებასთან. ლექსიკონში აისახება ტერმინები ლაზური ფოლკლორიდან. ეთნოგრაფიული ტერმინები ლინგვისტური კუთხითაც იქნება დახასიათებული, კერძოდ ყურადღება დაეთმობა სიტყვის წარმომავლობას, ტრანსკრიფციით ჩაწერას, სიტყვის მოკლე გრამატიკულ აღწერას.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი. თეორიულ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიზუალური მასალა.
მონოგრაფია გამოსადეგი იქნება დარგის სპეციალისტებისათვის. განსაკუთრებით – მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებიც საქართველოს ეთნოკულტურული პორტრეტისა და ქართველური წარმომავლობის ეთნიკურ გაერთიანებათა კულტურული ფასეულობების – კულტურული მემკვიდრეობის შესწავლით არიან დაინტერესებულნი.

„ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი” თავს მოუყრის ეთნოლოგიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის – ლექსიკოლოგიის სფეროში არსებულ მდიდარ საცნობარო მასალას. ამ ეტაპზე ლექსიკონის გეოგრაფია თურქეთსა და საქართველოში მხოლოდ ლაზთა განსახლების არეალით და ამ არეალში ლაზურიმოსახლეობის ეთნოლოგიით შემოისაზღვრება, მაგრამ შემდგომში საქართველოს მასშტაბით ეს იქნება კარგი დასაყრდენი თემის განსავრცობად და სხვა კუთხის ეთნოგრაფიული ჯგუფების მაგალითზე ანალოგიური ლექსიკონების მოსამზადებლად.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა