სამეცნიერო კვლევები

„ფშატის (Elaeagnus umbellata) ნაყოფებისა და ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქრომატოგრაფიული კვლევა’’

სამეცნიერო პროექტი - ,,ფშატის (Elaeagnus umbellata) ნაყოფებისა და ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქრომატოგრაფიული კვლევა’’

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელინონა სურმანიძე

დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია ვანიძე

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე (19.12.2022 - 19.04.2023)

 

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:  ფიზიკურ - ქიმიური და თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით უკვე შევისწავლეთ აჭარაში გავრცელებული ჭალაფშატის Elaeagnus umbellata ნაყოფისა და ფოთლის შემადგენლობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები (კაროტინოიდები, გლიკოზიდები, ფენოლური ნაერთები, ფლავონოიდები, მინერალური ნივთიერებები, ორგანული მჟავები, ნახშირწყლები და სხვა.), ასევე შევისწავლეთ მათი დაგროვების დინამიკა, რამაც საშუალება  მოგვცა დაგვედგინა ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობები.  პროექტის მიზანია სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გაწერილი კვლევითი ნაწილის სისრულეში მოყვანა და დარჩენილი კვლევების შესრულება, კერძოდ, ნაყოფის თესლისაგან (რომელიც მთელი ნაყოფის 20–30% წარმოადგენს) ზეთის და ჰიდროფილური პრეპარატის მიღების  ტექნოლოგიური სქემის შექმნა და მიღებული ზეთის პრაპარატების ბიო აქტიური კომპლექსის შესწავლა.

პროექტის მიზნების მისაღწევად გადასაჭრელია შემდეგი ამოცანები: 

  1. ნაყოფის თესლისაგან (რომელიც მთელი ნაყოფის 20–30% წარმოადგენს) ზეთის და ჰიდროფილური პრეპარატების  მიღების ტექნოლოგიური სქემის შექმნა; ექსტრაქტების, პრეპარატებისა და ზეთის მიღება სუპერკრიტიკული ფლუიდური (supercritical fluide extraction-SFE), ულტრაბგერითი (Ultrasonic Extraction -USE), სუბკრიტიკული წნევისა და  ტემპერატურის წყლით (Subcritical pressure and temperature Water Extraction-SWE) ექსტრაქციის, მაღალი წნევით ზემოქმედების, წნევის მყისიერი დავარდნა-უჯრედის გარსის „აფეთქების“ ეფექტის გამოყენებით.
  2. მიღებული ზეთის და ჰიდროფილური პრეპარატების ბიო აქტიური კომპლექსის შესწავლა აირ–სითხური ქრომატოგრაფიით, UPLC-PDA,MS  და ინფრა–წითელი სპექტროსკოპიით.
  3. მიღებული ზეთის და ჰიდროფილური პრეპარატების ანტიოქსიდანტური აქტიურობის დადგენა;
  4. პუბლიკაციების მომზადება;
  5. საბოლოო ანგარიშის (დისერტაციის და მონოგრაფიის) მომზადება;

აქტუალობა – ფლორისტული თვალსაზრისით აჭარა ერთ-ერთი მდიდარი რეგიონია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში, და დღეს როდესაც აგრარული სექტორისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება  მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე საერთოდ ქვეყნისთვის მეტად აქტუალურია რეგიონის ბუნებრივი რესურსების კვლევა და ბიოქიმიური მრავალფეროვნების დადგენა.

 თანამედროვე ეკოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, კაცობრიობის მიერ მიმდინარე კვლევათა შორის მნიშვნელოვანია იმ პერსპექტიული მცენარეული ნედლეულის პოვნა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც პროფილაქტიკური, პრევენციული ასევე სამკურნალო საშუალება. მცენარეები, რომლებიც შემოდიან ადამიანის რაციონში გამოირჩევიან არა მარტო საკვები, არამედ სამედიცინო - პროფილაქტიკური ღირებულებებით. ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემა, რომელიც მეცნიერების წინაშე დგას, არის გაამდიდროს ადამიანის რაციონი ახალი მცენარეული ნედლეულით, რომლის ბაზაზე  შეიქმნება ეფექტური  სამკურნალო, პროფილაქტიკური და ფუნქციური პროდუქტები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია Elaeagnus L. ოჯახის სხვადასხვა სახეობები. ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებულია  ფშატის (ჭალაფშატი) Elaeagnus umbellata სახეობა. აგრეთვე არ არსებობს ინფორმაცია საქართველოში ამ გვარის სხვა სახეობების გავრცელების შესახებ. ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში  სამეცნიერო ლიტერატურა ძალიან მწირია ამ  მცენარის ბიოქიმიური შედგენილობისა და გამოყენების თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით ხალხურ მედიცინას, სადაც გამოიყენებენ მას კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელ, ბრონქიტის დროს ამოსახველებელ, ანტიჰელმითურ საშუალებად და ვიტამინების შემავსებლად. ნაყოფების ნაყენს გააჩნია ჰიპოტენზიური და მსუბუქი ანალგეზიური ეფექტი. ფშატის ნაყოფებისაგან მიღებულია მთრიმლავი კოლოიდური ნივთიერებების კონცენტრატი - ფშატნი. უცხოურ ლიტრატურაში არსებობს ინფორმაცია ამ ოჯახის მცენარეთა ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა კვლევების შესახებ. Elaeagnus umbellata  არის ყველაზე კულტივირებული სამკურნალო მცენარე პაკისტანში, ჩინეთში, იაპონიაში და კორეაში, ავღანეთში, ინდოეთში, აშშ -სა და კანადაში, განსაკუთრებით მისი ხილის გამო, მისი კენკრის მაღალი სამკურნალო და კვების ღირებულებიდან გამომდინარე. თურქეთში გავრცელებულია elaeagnus- ის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის elaeagnus umbellata, სადაც მას აქვს როგორც დეკორატიული ისე კვებითი ღირებულება.

მცენარის შესწავლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საკმაოდ დიდია სანედლეულო ბაზა, როგორ დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ის გავრცელებულია, როგორ ველურად ტყეებში, ასევე კულტურაში. ფშატს თაფლოვან მცენარესაც უწოდებენ. მის ნაყოფს იყენებს მოსახლეობა მხოლოდ ნედლი სახით, ამიტომ დიდია მოსავლის არარაცინალურად გამოყენების ხარისხი. ფშატი ჩვეულებრივი ჭალის მცენარეა და ნესტიან ადგილებში იზრდება. მაგრამ ამავე დროს დიდ სიმშრალესაც იტანს ხანგრძლივი გვალვების დროს. სწორედ ამიტომ  დიდია მისი გავრცელების  პერსპექტივა, რაც კიდევ უფრო გაზრდის სანედლეულო ბაზას. 

სამედიცინო თვალსაზრისით მცენარე მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. მისი სამკურნალო მოქმედება განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობით, როგორიცაა: ალკალოიდები, კაროტინოიდები, გლიკოზიდები, ტერპენოიდები, სტეროიდები, ფლავონოიდები, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და სხვა. ეს ნაერთები ფლობენ თერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს. ნაყოფის ბიოლოგიურ აქტიობას ძირითადად განსაზღვრავს კაროტინოიდების, კერძოდ ლიკოპენის შემცველობა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიურობით და ნაკლებად ტოქსიკურია. მისი რაოდენობრივი შემცველობა მერყეობს 40-50 მგ/100გ-ში.

ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში ინფორმაცია ჭალაფშატის საქართველოში კვლევების შესახებ პრაქტიკულად არ იძებნება. კვლევები ინტენსიურად ტარდება მეზობელ თურქეთში, შავი ზღვის პირა და ბალკანეთის ქვეყნებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა