სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო პროექტი - საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი № SP-22-1007 უსაფრთხო სკოლის ოპტიმალური მოდელის გამოვლენა საქართველოს სოციალურ კონტექსტში

გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლელა თავდგირიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ნატო შეროზია, ლელა თავდგირიძე

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე (2022 დეკემბერი - 2023 მაისი)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:

   საზოგადოების განვითარების ყოველ ახალ ეტაპზე  ახლებურად განისაზღვრება განათლების მეცნიერებათა ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. თანამედროვე ეპოქაში საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა ბავშვთა სოციალური სტაბილურობისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განსაზღვრულია, რომ სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

პიროვნების ფორმირება და სოციალურ ურთიერთობებში მისი ჩართვა მიმდინარეობს როგორც ორგანიზებულ პედაგოგიურ, ასევე სტიქიურ გარემოში, ისინი ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე, რაც შეიძლება ერთ შემთხვევაში ხელის შემწყობ, მეორე შემთხვევაში კი დამაბრკოლებელ ფაქტორად მოგვევლინოს. თანამედროვე ეპოქა ხასიათდება ბავშვთა აღზრდის, სწავლებისა და განვითარების პროცესებზე სოციალური სფეროს დიდი გავლენით. მწვავედ დგას ბავშვთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის პრობლემები. გაძლიერდა ამ მიმართულებით მიღებული საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნებისადმი ყურადღება. მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, რათა დაეხმარონ ბავშვებს საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.

        საქართველოს სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2007 წელს ამოქმედდა პროგრამა ,,უსაფრთხო სკოლა’’, რომლის ერთ-ერთი მიზანია სკოლის საქმიანობაში დისციპლინის განსამტკიცებლად ყველა არსებული რესურსის გამოყენება. ,,უსაფრთხო სკოლის’’ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ,,მანდატურის სამსახური’’ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციას. დებულების მიხედვით, სამსახურის ამოცანაა „საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა“.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ძალადობის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, კვლავინდებურად მაღალია ძალადობის ჩადენის მაჩვენებელი. საჭიროა კომპლექსური მიდგომა სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან, რათა ძალადობა ავიცილოთ თავიდან.

მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში   ძალადობის ფორმების და გავრცელების დადგენა. სკოლაში ძალადობის პრობლემის მასშტაბის განსაზღვრა.  პოზიტიური კლიმატის შექმნა, პრევენციისა და დროული ჩარევის ეფექტიანი პროგრამების   შემუშავება - განხორციელება. უსაფრთხო სკოლის ალტერნატიულ კონცეფციების თეორიული ანალიზის შესწავლის, შეფასების საფუძველზე ოპტიმალური მოდელის გამოვლენა საქართველოს სოციალურ კონტექსტში.

კვლევის ამოცანები:

1.უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული კონცეფციების შესწავლა, გაანალიზება;

2. უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული კონცეფციების შესწავლა-გაანალიზების საფუძველზე ოპტიმალური მოდელის შექმნა

კვლევის მეთოდები: შერჩეულ საკვლევ პრობლემაზე არსებული წყაროების ანალიზი, პედაგოგიური და მეთოდური ლიტერატურის და გამოცდილების შესწავლა,  ცხრილების ანალიზი,  ანკეტირება (კითხვარების შემუშავება და გამოყენება),  შედარებითი ანალიზი, მოპოვებულ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ინტერნეტრესურსების მოძიება - დახარისხება, შედეგების შეჯამება, მათზე მსჯელობა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა