სამეცნიერო კვლევები

ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიის დამუშავება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდისათვის

სამეცნიერო პროექტი - ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიის დამუშავება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდისათვის

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო მხეიძე--ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი.

პროექტის კოორდინატორი : ნინო კიკნაძე-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიზური ქიმიის დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

პროექტის ხანგრძლივობა:  3 წელი (2022-2025)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:

 პროექტის მიზანია ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესის სრული ციკლის შემუშავება, ეფექტური უნარჩენო ტექნოლოგიების დახვეწა,  საცდელი ექსპერიმენტული კომპლექსური მოწყობილობის აწყობა და პრეზენტაცია.

    პროექტის ამოცანა ნავთობპროდუქტებიდან დაბინძურებული წყლის გაწმენდის შესაძლებლობის შესწავლა გაფილტვრის კომპლექსური, უნარჩენო მეთოდით,  სორბციის და  მემბრანული ფილტრაციის გამოყენებით.

ნავთობწყალხსნარის გაწმენდისათვის I საფეხურზე გამოვიყენებთ საწარმოოს ნარჩენ ნედლეულს,  რომელიც უზრუნველყოფს ნავთობწყალხსნარიდან ნავთობპროდუქტის მაღალმოლეკულური ფრაქციის სორბირებას და სორბციის შემდგომ შეიძლება მოხდეს მისი უტილიზაცია საწვავ მასალად. II საფეხურზე მოვახდენთ I საფეხურზე მიღებული ფილტრატის გატარებას ისეთ მეორად პოლიმერულ მასალაზე, რომელიც უზრუნველყოფს დაბალმოლეკულური ფრაქციის ნავთობპროდუქტების  სორბირებას.

III საფეხურზე მემბრანული ტექნოლოგიით ვუზრუნველყოფთ ნავთობპროდუქტებიდან წყლის სრულ გასუფთავებას. მიღებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის მნიშვნელობამდე გაწმენდილი წყალი კვლავ გამოიყენება საწარმოო პროცესებში.

აღნიშნული ეფექტური ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, სადაც მრავლად არის გარემოს ნავთობპროდუქტებით დაბინძურების  პოტენციური წყაროები,  როგორიცაა მაგალითად  ნავთობის მილსადენი და ნავთობისა და  ნავთობპროდუქტების ტერმინალები (ნავთობის მაგისტრალური მილსადენი ,,ბაქო-სუფსა’’.  საზღვაო ტერმინალი სუფსაში, ყულევში- ,,შავი ზღვის ტემინალი’’ (,,Black Sea Terminal’’),  ბათუმში-,,ბათუმის ტერმინალი’’ (,,Batumi Oil Terminal’’) და ფოთში ,,ჩენელ ენერჯის’’ (,,Channel Energy’’) ტემინალი).

გარემოს გაბინძურების საფრთხეს ქმნიან აგრეთვე ტანკერები  და ნავთობბაზები, ნავთობპროდუქტების საცავები, ავტოგასამართი კომპლექსები და სადგურები. ისინი წარმოადგენენ გარემოს გაჭუჭყიანების ერთერთ ძირითად წყაროს, რადგანაც მათი ფუნქციონირება დაკავშირებულია ნავთობპროდუქტების მიღება- შენახვასთან და და გაცემასთან.

გარემოსდაცვითი ღონისძიებებიდან გაჭუჭყიანების პრევენციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა და ჩამდინარე წყლების გაწმენდა.

ნავთობისგან ჩამდინარე წყლების გაწმენდა სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც ნ/პ იმყოფება ემულგირებულ მდგომარეობაში და წარმოადგენს საკმაოდ მდგრად ემულსიას.

დღეისათვის ნავთობპროდუქტებიდან წყლის გასუფთავების მეთოდების ნაკლია დანადგარების არაეკოლოგიურობა, სორბენტის და გამფილტრავი მასალის უტილიზაციის პრობლემა. გაწმენდის შედეგად მიღებული სორბენტი იწვევს წყლების და ნიადაგის შემდგომ დაბინძურებას, ე. ი. ხდება გარემოს მეორადი დაბინძურება.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი კონცეფცია, დაფუძნებული  სორბციასა და ბარომემბრანულ კომპლექსურ პროცესებზე. სორბენტებად გამოყენებულია აგროინდუსტრიული მცენარეული ნარჩენები და მეორადი პოლიმერულ მასალა (საწარმოს ნარჩენი). მცენარეული ნარჩენები მაღალი ფრაქციის ნავთობპროდუქტების სორბციის შემდეგ დაიპრესება და გამოიყენება, როგორც საწვავი. ფოროვანი პოლიმერული მასალა გამოწურვის შემდეგ კვლავ გამოიყენება, ხოლო სორბირებული დაბალმოლეკულური ნავთობის ფრაქცია გადამუშავდება საწვავად. ამიტომაც ტექნოლოგია არის უნარჩენო და ეკონომიურად მომგებიანი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა