სამეცნიერო პროექტის დასახელება: XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლელა თავდგირიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ლელა თავდგირიძე, იმერი ბასილაძე, კოორდინატორი მაია ბოლქვაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 6 თქვე, 2024
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები:
ქვეყნის, მისი ხალხის განათლების ისტორიის ცოდნა გვარწმუნებს იმაში, რომ კაცობრიობის ცივილიზაციის ხანგძლივ და რთულ გზაზე განათლება იყო და რჩება უტყუარ საზომად იმისა, თუ როგორ შეძლო ამა თუ იმ სახელმწიფომ, მისმა ხალხმა განათლებულთა მეშვეობით, განათლების მოვლა-პატრონობით სიკეთის მიღწევა და ზოგჯერ კი, მისდამი უყურადღებობით ან უპატივცემულობით თავისი ქვეყნის ჩამორჩენა. ამ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება პედაგოგიკის ისტორია.
ნაშრომში განხილულია მეოცე საუკუნის ქართული პედაგოგიური აზროვნების გამოჩენილი წარმომადგენლების: დ. უზნაძის, ლ. ბოცვაძის, გ. თავზიშვილის, შ. სიხარულიძის, მ. ორახელაშვილის, გ. ჯიბლაძის, დ. ყიფშიძის, გ. გოგუაძის, დ. ლორთქიფანიძის და სხვათა შეხედულებები, კვლევები განათლების, აღზრდისა და სწავლა/სწავლების საკითხებზე და შედარებულია ქვეყანაში მიმდინარე განათლების პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებთან. მომავალი თაობის განვითარებისა და სრულქმნის პროცესი უპირობოდ ეყრდნობა მემკვიდრეობის პრინციპს, რაც ეროვნული ინტერესების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ღრმა პატივისცემას გულისმობს. მონოგრაფიაში განხილული მასალები, იდენტიფიცირებული პრობლემები, პრობლემების გადაჭრის გზები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული დიდაქტიკის აზრის განვითარებაში, წარმოაჩენს ქართული პედაგოგიკის წვლილს დიდაქტიკური თეორიისა და ისტორიის სრულყოფის საქმეში.
კვლევის მიზანს წარმოადგენს შესწავლილი, კრიტიკულად გაანალიზებული და შეფასებული იქნას მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში (1900-1960 წწ) ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორია; განხორციელდეს განათლებისა და პედაგოგიკური აზროვნების კვლევა და კვლევის საფუძველზე მოპოვებული მასალების მიხედვით შეიქმნას მონოგრაფია. საკვლევი თემატიკის აქტუალობისა და მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ მონოგრაფიაში გაანალიზებულ საკითხებს აქვს უფრო ვრცლად წარმოდგენის პერსპექტივა.
ნაშრომის ამოცანაა:
- მეოცე საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის წარმოჩენა, რაც პირველ რიგში, დაადგენს ისტორიულ სიმართლეს აღზრდის, სწავლებისა და განათლების პროცესის განვითარებაში და საფუძველს მოამზადებს სრულყოფილად გაანალიზებულ იქნას დიდაქტიკური აზრის ისტორია და განათლების პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე;
- საქართველოში განათლებასა და პედაგოგიურ აზროვნებასთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა და პრობლემატური საკითხების კვლევა-ძიება, რათა აღნიშნულ საკითხებზე დადგინდეს სრული ობიექტური რეალობა, კერძოდ:
1. მე-20 საუკუნის სწავლა/სწავლების ახალი იდეების, თეორიების შესწავლა-გაანალიზება. პედაგოგიურ ლიტერატურასა და დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოაჩინოს მისი როლი მეოცე საუკუნის განათლების სისტემის ფორმირებაში;
3. საბჭოთა პედაგოგიკის სახელმძღვანელოების ანალიზი. შესწავლილი იქნება საბჭოთა მემკვიდრეობა და წარმოვადგენთ თანამედროვე გამოწვევებს.
4. ისტორიულ, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით აჩვენოს ქართველ განმანათლებელთა, საზოგადო მოღვაწეთა როლი, რაც მათ შეასრულეს მეოცე საუკუნის ქართული პედაგოგიური აზროვნების გაფართოებაში, სწავლების ახალი მიდგომების დანერგვაში, სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემაში, იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ განათლების ეროვნული სისტემის შექმნისათვის.
მოსალოდნელი შედეგები
სამეცნიერო ნაშრომი, მასში წარმოდგენილი საკითხები, თეორიული და პრაქტიკული რესურსები, ინფორმაცია, ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება განათლების სფეროსა და მის სისტემაში შემავალი ფართო აუდიტორიისათვის. მონოგრაფია საინტერესო და სასარგებლოა პედაგოგიკის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის, მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისა და განმახორციელებლებისათვის, კვლევის პროცესში მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას პედაგოგიკის ისტორიისა და განათლების სასწავლო კურსებში, პედაგოგიკის სპეცკურსების შემუშავებაში, სამაგისტრო და სადიპლომო ნამუშევრების მომზადებაში, პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.
ნაშრომის ნაბეჭდი ვერსიის პარალელურად მოხდება მისი ელექტრონული ვერსიის გავრცელება, იმდენად, რამდენადაც კვლევის სამიზნე აუდიტორია დიდია და მოიცავს სტუდენტებს, სამეცნიერო წრეებს და სხვა ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას. მიგვაჩნია მონოგრაფია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიის სახით, რომლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი და პროექტის სამეცნიერო გუნდი.
უკან |