სამეცნიერო პროექტის დასახელება: ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება (1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში)
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი//მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ისტორიის დოქტორი როინ მალაყმაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგის განყოფილების უფროსი//უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილი, ამავე ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი//უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თამილა ლომთათიძე, ახალგაზრდა მეცნიერი ისტორიის დოქტორი ირინე შერვაშიძე და დოქტორანტი დავით ჯიშკარიანი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2024-2027
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები
პროექტი ითვალისწინებს აჭარაში 1951-1952 წლების უსაფუძვლო რეპრესიების შესწავლას. აჭარაში ამ დეპორტაციების შესახებ მოქმედებს დამალული, ართქმული ისტორიის კონცეფცია. პროექტში ჩართულ მეცნიერები რეპრესიების შემდეგ პირველად შეეცდებიან დეპორტირებულების, მათი ოჯახის წევრებისა და შთამომავლების ზეპირი ისტორიების შეგროვებას, შესწავლას და გამოცემას. რეპრესიების ლოკალური გეოგრაფიული არეალის მიუხედავად, პროექტის მიზანია ლოკალური ისტორია განვიხილოთ საბჭოთა კავშირში დეპორტაციების პოლიტიკის და მისით გამოწვეული სოციალური და პოლიტიკური შედეგების კონტექსტში. აღნიშნული მიდგომა დაგვეხმარება გლობალურ პროცესში საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, ლოკალურ, 1951-1952 წლის დეპორტაციებს, რომელიც, მართალია, რაოდენობრივად (მოცულობით) უფრო მცირე იყო, ვიდრე სხვა დეპორტაციები, მაგრამ თვისობრივად იგი იყო არანაკლებ პრობლემური და ადამიანური ტრაგედიების მომცველი.
აღნიშნული კვლევა, შეავსებს 1951-1952 წლების რეპრესიების შესახებ სამეცნიერო და საჯარო სივრცეში არსებულ სიცარიელეს, ხელს შეუწყობს მის მიმართ სამეცნიერო ინტერესის ზრდას და საჯარო დისკუსიების წახალისებას.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგები გამოიცემა მონოგრაფიის სახით. პროექტის ფარგლებში ჩაწერილი ზეპირი ისტორიები უნიკალური პირველ-წყარო გახდება 1951-1952 წლების სტალინური რეპრესიების შესახებ. ბევრი დეპორტირებული უკვე ცოცხალი აღარაა, მათი მოგონებები სამუდამოდ დაკარგულია. ამიტომ, ჩვენს გვერდით მყოფ დეპორტირებულთა მიმართ ყურადღების გაძლიერება და მათი დახმარებით რეპრესიებთან დაკავშირებული ზეპირი ისტორიების მოძიება და ჯგუფური მეხსიერების არქივის შექმნა საშური საქმეა. იგი მომავალ მკვლევარებისთვის მნიშვნელოვანი წყარო გახდება.
პროექტი ერთგვარი მორალური კომპენსაცია იქნება რეპრესირებულ ადამიანთა მიმართ – საბჭოთა სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული არ ჩაიკარგება წარსულში, არამედ დარჩება ისტორიაში.
აღნიშნული კვლევა დაეხმარება საზოგადოებას მეტად გაიაზროს საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარე რეპრესიები. ეს იქნება არა სტატიკური რიცხვები, არამედ უშუალოდ მონაწილეს მიერ დანახული და მოყოლილი რეალობა. ეს კი დაეხმარება საზოგადოებას წარსულის ტრამვების გადააზრებაში, ხოლო საკუთრივ რეპრესირებულებს მოუხსნის წარსულთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ კომპლექსებს.
უკან |