სამეცნიერო პროექტის დასახელება: ხორბლის ღეროს ჟანგას, ფოთლის ჟანგას და ყვითელი ჟანგას პოპულაციის ვირულენტობის ფენოტიპური და გენეტიკური მრავალფეროვნება საქართველოში
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზოია სიხარულიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: კოორდინატორი - ქეთინო ნაცარიშვილი,
ცისანა ცეცხლაძე, ქეთინო სიხარულიძე, რუსუდან დუმბაძე, გულნარი ჩხუტიაშვილი (სოფლის მეურნეობის სამეცნ. კვლევითი ცენტრი)
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2023- 20 დეკემბერი, 2026
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები:
წარმოდგენილი პროექტის მიზანია საქართველოს მეხორბლეობის ყველა ზონაში ხორბლის ღეროს ჟანგას, ყვითელი ჟანგას და ფოთლის ჟანგას გავრცელების და განვითარების მონიტორინგი, ჟანგა პათოგენთა პოპულაციების ვირულენტობის, ფენოტიპური და გენეტიკური სტრუქტურის დადგენა, ხორბლის ღეროს ჟანგას პოპულაციის ფორმირებაში კოწახურის სახეობების როლის შესწავლა. წარმოდგენილი პროექტის საბოლოო მიზანია ხორბლის ჟანგების მართვის ახალი და უფრო ეფექტური საშუალებების ძიება, რისთვისაც აუცილებელია ჟანგების გამომწვევ მიკროორგანიზმთა პოპულაციებში მუდმივად მიმდინარე ცვლილებების იდენტიფიცირების შედეგად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. პროექტის მიზნების მისაღწევად კვლევა განხორციელდება შემდეგი კონკრეტული ამოცანების მიხედვით;
ამოცანა 1. ხორბლის ღეროს ჟანგას, ფოთლის ჟანგას და ყვითელი ჟანგას გავრცელებისა და განვითარების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში.
ამოცანა 2. ხორბლის ღეროს ჟანგას (Puccinia f. sp. graminis), ფოთლის ჟანგას (Puccinia f. sp. triticina) და ყვითელი ჟანგას (Puccinia f. sp. striiformis) ვირულენტური და პათოტიპური სტრუქტურის იდენტიფიკაცია შესაბამისი დიფერენციატორთა ნაკრებების გამოყენებით.
ამოცანა 3. კოწახურიდან გამოყოფილი ეციოპოპულაციის ვირულენტური და პათოტიპური სტრუქტურის დადგენა ღეროს ჟანგას დიფერენციატორთა ნაკრების გამოყენებით.
ამოცანა 4. ხორბლის ჟანგების მოლეკულური დახასიათება.
ამოცანა 5. ჟანგების შიდაპოპულაციური ცვლილებების მონიტორინგი საველე პირობებში საერთაშორისო „ხაფანგი“ სანერგეების გამოყენებით.
ამოცანა 6. ჟანგების პათოტიპთა კოლექციის შევსება-შენახვა.
ცალკეული ამოცანის განხორციელებისათვის კვლევებში გამოყენებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოპულაციური გენეტიკის, ფიტოპათოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდები.
მოსალოდნელი შედეგები
მოცემული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება მავნეობით გამორჩეული დაავადებების - ჟანგების გავრცელებისა და განვითარების ხარისხის დადგენა საქართველოს მეხორბლეობის ყველა ზონაში, ჟანგების გამომწვევთა პოპულაციების ვირულენტური, პათოტიპური და გენეტიკური შემადგენლობის იდენტიფიცირება კლასიკური და მოლეკულური მეთოდებით, პირველად იქნება დადგენილი ჟანგების პოპულაციების ფორმირებაში შუამავალი მასპინძელი მცენარის-კოწახურის სახეობების გავლენის შესწავლა, პროექტის განხორციელების შედეგად ფბ ინსტიტუტში არსებული ჟანგების პათოტიპთა კოლექცია შეივსება ახალი რასებით. კოლექციაში შენახული დომინირებული და იშვიათი რასები მომავალში გამოყენებული იქნება ჟანგების მართვის ახალი, ეფექტური საშუალებების (სასელექციო მასალის, ქიმიური და ბიოლოგიური ფუნგიციდების) სკრინინგის და ძველი ქართული ჯიშების გენოტიპირების მიზნით. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდება საერთაშორისო კონფერენციის მასალებში და მაღალრეიტინგულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში.
წარმოდგენილი პროექტის მოსალოდნელი შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში პასუხობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნებსა და ამოცანებს ქვეყანაში ხორბლის წარმოების გაზრდის მიმართულებით.
უკან |