სამეცნიერო პროექტის დასახელება: პეტრა-ციხისძირის ნუმიზმატიკური საგანძური
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ირინე ვარშალომიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო ინაიშვილი, ბსუ მოწვეული მასწავლებელი ნინო ძნელაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი ანდრია როგავა
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2025-2028
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები:
ციხისძირი, ნუმიზმატიკური თვალსაზრისით, აქ გამოვლენილი მასალის ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონისა (ძვ. წ. V - ახ. წ. XIX სს) და სამონეტო ცენტრების სიმრავლიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია. საკვლევ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს შემთხვევითი თუ არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილია: პირველი ქართული ფულის – კოლხური თეთრის მცირე ნომინალი-ნახევარდრაქმები (138 ცალი). კლასიკური და ელინისტური პერიოდის უცხოური მონეტები (ამისო, სინოპე, პტოლემაიოსების სამეფო), პართული დრაქმები, რომაული ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, სასანური ირანის (მათ შორის, 95 მონეტისაგან შემდგარი განძი) დრაქმები, ბიზანტიური სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს მონეტები, ქუფური დირჰემები, საქართველოს მეფის თამარის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები, მცირე აზიის სახელმწიფო კონიის-რუმის სასულთნოს (მათ შორის, 100 მონეტისაგან შემდგარი განძი), ილდეგიზიდების საფასეები, ტრაპიზონის ასპრები, მისი ქართული მინაბაძი კირმანეულები და ოსმალური მონეტები. სულ 700-მდე მონეტა. აქედან გამოუქვეყნებელია კოლხური თეთრები, ბიზანტიური და რომაული მონეტების ნაწილი, სასანური და სელჩუკური მონეტების განძები, ასევე არაბული და სელჩუკური ფულის ნაწილი, ოსმალური მონეტები. ისინი დაცულია აჭარის მუზეუმებში.
კვლევის მიზანია, პეტრა-ციხისძირში გამოვლენილი მონეტების განსაზღვრა, აღწერა, ზარაფხანების და ემისიის წლების დადგენა, უკვე გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი საფასეების კატალოგის შედგენა, მონეტების ლითონის XRF ( რენდგენული ფლუორესცენცია) მეთოდით შესწავლა. კატალოგს თან დაეთვის გამოკვლევა. ახსნილი და შესწავლილი იქნება საკვლევ ტერიტორიაზე მონეტების გამოვლენისა და მიმოქცევის მიზეზები. კვლევის მიზნების შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ერთ ნაშრომში გავაერთიანოთ საკვლევ არეალში გამოვლენილი მონეტები, რომლებიც დაცულია აჭარის მუზეუმებში. სამეცნიერო მიმოქცევაში შევიტანთ სრულიად ახალ მასალას. შეიქმნება წყაროთმცოდნეობითი ბაზა პეტრა-ციხისძირის (და არა მარტო) ისტორიის შესასწავლად. კვლევის განხორციელებას უზრუნველყოფს შემდეგი ამოცანების შესრულება: 1. მონეტების ფოტოფიქსაცია; 2. ზომა-წონის პარამეტრების დადგენა; 3. მონეტების ნაწილის XRF შესწავლა. 4. საკვლევი ნუმიზმატიკური ძეგლების შესახებ ლიტერატურის დამუშავება; 5. მონეტების განსაზღვრა, აღწერა, ზარაფხანებისა და ემისიის წლების დადგენა; 6. კატალოგის შედგენა; 7. მონეტების გავრცელების ისტორიულ-გეოგრაფიული მიზეზებისა და გარემოებების კვლევა;
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მეცნიერულ სიახლეს განსაზღვრავს საკვლევი ობიექტის უნიკალური ხასიათი, ესაა ერთადერთი ძეგლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, სადაც თავს იყრის დიდი ქრონოლოგიური დიაპაზონის მქონე მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ნუმიზმატიკური მასალა. პროექტის ინტელექტუალური შედეგი იქნება: მონეტების თავმოყრა, გამოუქვეყნებელი ეგზემპლარების განსაზღვრა, შესწავლა, სრული საკვლევი მასალის ქრონოლოგიურად დალაგება და ქართულ-ინგლისურენოვანი კატალოგის შექმნა. პირველად მოხდება აქ აღმოჩენილი მონეტების XRF (x-ray fluorescence) ანუ რენტგენული ფლუორესცენციის მეთოდით შესწავლა, რაც განსაკუთრებით ეფექტური იქნება ადგილობრივი წარმომავლობის საფასეების შესწავლის საკითხში. საფუძველი ჩაეყრება ადგილობრივი თუ უცხოური მონეტების სინჯადობის ბაზის შექმნას, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართულ ნუმიზმატიკაში. წიგნში განხილული იქნება საკვლევი არეალის ისტორია წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. ყოველივე ამას შევაჯერებთ აღნიშნული ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლის შედეგად მიღებულ ინფორმაციასთან.
უკან |