სამეცნიერო კვლევები

კლარჯეთი

სამეცნიერო პროექტი - კლარჯეთი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მამია ფაღავა

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2013 -2016 წწ.


სამეცნიერო პროექტის მიზანი - დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოქცეული ისტორიული ქართული კუთხის, კლარჯეთის კომპლექსურ შესწავლა. ჭოროხის ხეობა დღეს კულტურათა დიალოგის ასპარეზადაა ქცეული, ამ დიალოგის შედეგად თანდათან იშლება ქართველი კაცის ნაკვალევი ჭოროხის ქვეყნებში. რაც უფრო სათავეებისაკენ მივუყვებით ჭოროხის ხეობას, ქართული კულტურის კვალი ფერმკრთალდება. გამომდინარე თქმულიდან, ჭოროხის ქვეყნების კვლევა საშური საქმეა. სამეცნიერო პროექტი ,,კლარჯეთი“ ნაწილია ქართველოლოგიის ცენტრის ვრცელი პროგრამისა ,,ჭოროხის ხეობა“.

რამდენიმე საუკუნეა ისტორიული კლარჯეთი (საქართველოს შემადგენლობაში მოქცეული სამი სოფლის – მირვეთი, ქვემო მარადიდი, კირნათი – გამოკლებით)  ჯერ  ოსმალეთის, შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან გასული საუკუნის 90–იან წლებამდე ქართველ მკვლევარს ამ კუთხეში მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა. არადა კლარჯეთი, თურქეთის საქართველოს სხვა ,,ქვეყნებთან“ ერთად, მკვლევართა ცხოველ ინტერესს აღძრავდა.

კლარჯეთის კვლევა გულისმობდა არსებული საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზთან ერთად კომპლექსური ექსპედიციების მოწყობას ,,კლარჯთა ქვეყანაში“ ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური, ტოპონიმიკური მასალების შესაგროვებლად და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსატანად. საბოლოოდ უნდა შეიქმნას კლარჯეთის მეცნიერული პორტრეტი.

სამეცნიერო პროექტზე მუშაობდნენ: პროფესორი მამია ფაღავა (სამეცნიერო ხელმძღვანელი), პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე (პროექტის მენეჯერი), პროფესორ–ემერიტუსი მერი ცინცაძე, პროფესორი თინა შიოშვილი, პროფესორი რამაზ ხალვაში, პროფესორი ნუგზარ მგელაძე, პროფესორი შოთა მამულაძე, ასოცირებული პროფესორი ზაზა შაშიკაძე, ასოცირებული პროფესორი ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი მაია ბარამიძე, ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი ვარდო ჩოხარაძე. სხვადასხვა დროს პროექტში მოწვეულნი იყვნენ არქიტექტორი ჯემალ მიქელაძე, ეთნოგრაფი რუსლან ბარამიძე, ფოლკლორისტი გიორგი მახარაშვილი.

სამეცნიერო პროექტის შედეგები -ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული კომპლექსური მონოგრაფია ,,კლარჯეთი“. წიგნი შეიცავს 1088 გვერდს (+ 64 გვერდი ტაბულები, რუკები და ფოტომასალა) და შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი (გვ. 5–703) წარმოადგენს გამოკვლევად და შედგება რვა თავისაგან: 1. კლარჯეთის ისტორიიდან; 2. კლარჯეთის მატერიალური კულტურის ძეგლები; 3. ლიტერატურულ–მწიგნობრული კერები კლარჯეთში; 4. კლარჯული სოფლები; 5. კლარჯეთის ეთნოლოგია; 6. კლარჯული ფოლკლორი; 7. კლარჯული კილო; 8. კლარჯეთის ტოპონიმია. მეორე ნაწილში (გვ. 704–1088) შეტანილია კლარჯული დიალექტისა და ფოლკლორის მასალები ლექსიკონითურთ. მონოგრაფიას ერთვის ბიბლიოგრაფია და რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

სამეცნიერო პროექტის ფარგლებში ასევე დაისტამბა 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული იქნა 20-ზე მეტი მოხსენება, გამოიცა მ. ჩოხარაძის მონოგრაფია ,,ხანძთა და ათორმეტ სავანეთა მხარის ძველის სალოცავები“ (2015 წ.), გამოსაცემად მზადაა მ. ფაღავას ,,კლარჯული ჩანაწერები“ და თ. შიოშვილის ,,კლარჯული ფოლკლორი“, სასტამბოდ მზადდება მონოგრაფია ,,კლარჯული კოლო“ (ავტორები: მ. ფაღავა, მ. ცინცაძე, მ. ბარამიძე).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა