სამეცნიერო პროექტი - ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი – აჭარა (FR/541/1-50/14)
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნუგზარ მგელაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - თემურ ტუნაძე, ელდარ ნადირაძე, თამილა ცაგარეიშვილი, ნოდარ შოშიტაშვილი, ჯემალ ვარშალომიძე, ჯემალ მიქელაძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2015 – 2018 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - ლექსიკონების, როგორც საცნობარო-განმარტებითი ხასიათის ფასეულობების დამუშავება და გამოცემა არა მარტო წამეცნიერო, არამედ ზოგადად, ინტელექტუალური სივრცისათვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. ამ მხრივ ეთნოლოგიური ლექსიკონი განსაკუთრებული ღირებულებისა და ხალხური ცოდნის უბადლო გამომხატველიცაა. მისი არსებობა დარგის განვითარების დონეს ასახავს და, ამასთანავე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ისტორიული მეხსიერების მაჩვენებელია.
ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლებმა ამ სკოლის არა მხოლოდ ჩამოყალიბების, არამედ მისი სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისითაც დიდი შრომა გასწიეს. დღეისათვის ნაბეჭდი თუ ხელნაწერის სახით დიდძალი მასალაა დაგროვილი, რომლის გეოგრაფია საქართველოს, კავკასიისა და, საერთოდ, წინა აზიის კულტურულ არეალს მოიცავს. ეს მდიდარი მასალა, რომელიც ქართველი ხალხის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს, საჭიროებს შემდგომ პოპულარიზაციას, რომლის ერთ-ერთი პროდუქტი სპეციალიზებული ლექსიკონის დამუშავება იქნება.
ბოლო პერიოდში ქართული ეთნოლოგიური სკოლის მიღწევებმა გარკვეული ასახვა სალექსიკონო დონეზეც ჰპოვა და ამ გამოცემებმა ეთნოლოგიის დარგში ლექსიკონის შექმნის მნიშვნელობა და, ამასთანავე, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. საგრანტო პროექტის შედეგი - „ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი – აჭარა” არა მხოლოდ მხარის ეთნოგრაფიული სპეციფიკის წარმომჩენი იქნება, არამედ მასში გარკვეული ადგილი აჭარის მოსახლეობის ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ხასიათის მასალასაც დაეთმობა.
აჭარის ეთნოგრაფიის და, საერთოდ, საქართველოს სხვადასხვა მხარის ტრადიციული კულტურის შესახებ მსგავსი ხასიათის ლექსიკონი არ მოგვეპოვება. ამ კუთხით იგი მნიშვნელოვანი სიახლეა. ლექსიკონი არამარტო ნაციონალური კულტურის საგანძური გახდება, არამედ იგი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტებში კი - კულტურის ისტორიის სპეციალისტებისათვის „სამაგიდო წიგნი” გახდება.
სამეცნიერო პროექტის შედეგები - „ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი – აჭარა”ქართული ეთნოლოგიური სკოლის მიღწევებს დაეყრდნობა. თეორიულ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იქნება სათანადო ვიზუალური მასალა. მონოგრაფია გამოსადეგი იქნება დარგის სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოს ეთნო-კულტურული პორტრეტის შესწავლით დაინტერესდებიან.
„ქართველი ხალხის ეთნოგრაფიულ ლექსიკონი - აჭარა” თავს მოუყრის ეთნოგრაფიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის სფეროში არსებულ მდიდარ საცნობარო მასალას. ამ ეტაპზე ლქსიკონის გეოგრაფია მხოლოდ აჭარით შემოისაზღვრება, მაგრამ შემდგომში საქართველოს მასშტაბით ეს იქნება კარგი დასაყრდენი მხარეების მიხედვით თემის განვრცობისათვის.
უკან |