25 ივლისი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. ინოვაციების ლაბორატორია ბსუ-ს სტუდენტებს დაეხმარება, მოამზადონ და განახორციელონ ინოვაციური პროექტები მრეწველობის და ბიზნესის სექტორისთვის, ასევე შესთავაზებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას ორმხრივად სასარგებლო სერვისებს, მრეწველობის სექტორს - მოკლევადიან სასწავლო კურსებს, პერსონალის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის; სტუდენტებს - სხვადასხვა პროგრამულ პაკეტებს და სივრცეს პროექტების შემუშავებისა და მათი რეალიზაციისთვის.
ინოვაციების ლაბორატორია პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ გაიხსნა. ლაბორატორიისთვის მაღალი წარმადობის კომპიუტერები, ტელევიზორი და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები შეძენილია „ერაზმუს+“-ის HEIn4 პროექტის ფარგლებში.
პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ მიზანია უნივერსიტეტის როლის გაძლიერება მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პროცესის განხორციელებაში.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს აღნიშნულ ლაბორატორიასა და სააგენტოს ფაბრიკალურ ლაბორატორიებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ლაბორატორიის ვებგვერდზე (https://hein4.bsu.edu.ge) განთავსებულია პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლევადიანი კურსების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელიც პერიოდულად შეივსება და განახლდება პარტნიორი დაწესებულებების ინტერესების შესაბამისად.