ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ ვლადიმერ ბალაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბსუ-ში ცნობილი მათემატიკოსის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წევრისა და გეომეტრიული ტოპოლოგიის ცნობილ მკვლევრის  ვლადიმერ ბალაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა. ცნობილ მათემატიკოსს იუბილე მიულოცეს და სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. საიუბილეო საღამოს  პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საზოგადოების წარმომადგენლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე მრავალმხრივი სამეცნიერო ინტერესების და საერთაშორისო აღიარების   მქონე მათემატიკოსია. მან გამოიკვლია სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა თვისებები გეომეტრიული ტოპოლოგიის თვალსაზრისით, ააგო მათი განზომილებისნაირი, ჰომოლოგიური, ჰომოტოპიური და შეიპური ინვარიანტები და შეისწავლა სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა კლასიფიკაციის პრობლემები, რომლებთანაც დაკავშირებული სამეცნიერო შედეგები  მოხსენებულია მრავალ საერთაშორისო მათემატიკურ ფორუმზე და გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ  უცხოურ და ქართულ ჟურნალებში.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აკადემიურ დარგში რექტორის მოადგილედ, ხოლო 2006-2007 წლებში რექტორად, 2008 წლიდან დღემდე მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ბატონი ვლადიმერისა და მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ერთერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად. იგი მუდმივად ინარჩუნებს სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის მათემატიკურ ცენტრებთან და საზოგადოებებთან. არის მრავალი საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის ორგანიზატორი. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში შექმნილმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა, სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა ექსპერტთა აღიარება და მხარდაჭერა.

პროფესორ ვლადიმერ ბალაძის აქტიური სამეცნიერო მუშაობის შედეგია ისიც, რომ ბათუმის უნივერსიტეტში მოქმედებს  სამეცნიერო სემინარი ,,გეომეტრიული ტოპოლოგია და გამოყენებანი’’ და მისი მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის  ამ მიმართულებას.

ვლადიმერ ბალაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო განისაზღვრა უნივერსიტეტის ალგებრა–გეომეტრიის კათედრაზე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრა–გეომეტრიის განყოფილებაში, სადაც აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა და განვითარდა ცნობილი ქართული აბსტრაქტული მათემატიკური სკოლა. ახალგაზრდა მათემატიკოსის სამეცნიერო კვლევის სფეროდ იქცა ტოპოლოგიის კლასიკური და თანამედროვე დარგები – განზომილების თეორია, რეტრაქტების თეორია, ჰომოლოგიის თეორია, ჰომოტოპიის თეორია, შეიპების თეორია, უწყვეტ გარდაქმნათა ჯგუფების თეორია და კატეგორიათა თეორია. ამ თეორიების კვლევას მიეძღვნა მისი საკანდიდატო დისერტაცია – სივრცეთა და კომპლექსთა გამოყოფილ კლასებზე დაფუძნებული განზომილებისნაირი ფუნქციების შესახებ და სადოქტორო დისერტაცია – ტოპოლოგიური სივრცეებისა და უწყვეტი ასახვების რეზოლვენტები და მათი გამოყენებანი სპექტრალურ ჰომოტოპიურ თეორიაში.
 
პროფესორ ვლადიმერ ბალაძის სამეცნიერო მუშაობა განუყოფელია მისი პედაგოგიური მოღვაწეობისაგან, რომელიც დაიწყო 1976 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2005 წლიდან გააგრძელა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე გაიარა აკადემიური საქმიანობის ყველა საფეხური, კათედრის ლაბორანტიდან კათედრის პროფესორამდე და მიყავდა მრავალნაირი სპეციალური კურსი. მას წილად ხვდა პატივი გაეგრძელებინა თანამედროვე გეომეტრიის კურსის - ტოპოლოგიის წაყვანა, რომელსაც წლების განმავლობაში კითხულობდა კათედრის გამგე, ქართული ტოპოლოგიის სკოლის ფუძემდებელი აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი. ბატონი ვლადიმერი 1991 წლიდან შეთავსებით იწყებს მუშაობას ახლად დაარსებული ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე, სადაც დიდი ენთუზიაზმით ბათუმელ სტუდენტებს გადასცემს იგივე საუნივერსიტეტო კურსებს და ზრუნავს საუნივერსიტეტო სამეცნიერო კადრების გაზრდაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა