2 ივნისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი შოთა როდინაძე „Erasmus+“-ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვიგოს უნივერსიტეტში (ესპანეთი).
მობილობის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორი შოთა როდინაძე მონაწილეობდა უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში, რომლის მთავარი თემა იყო ინტერნაციონალიზაცია, როგორც უნივერსიტეტის მისიისა და ფუნქციონირების ფუნდამენტური კომპონენტი. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი აქტუალური საკითხები:
-
ინტერნაციონალიზაცია კომუნიკაციის კვლევებში: შესაძლებლობები და გამოწვევები;
-
ასაკობრივი დისკრიმინაცია თანამედროვე საზოგადოებაში: ასაკობრივი სტერეოტიპების აღქმა და მათი დაძლევის გზები;
-
ინტერკულტურული კომპეტენცია, როგორც ინკლუზიური უმაღლესი განათლების განვითარების საფუძველი;
-
ქალთა როლი მეცნიერებაში: ინკლუზიურობისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კვლევით საქმიანობაში;
-
კეთილდღეობისა და ინკლუზიის თანამედროვე მიდგომები აკადემიურ სივრცეში.
ვიზიტი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური და პრაქტიკული მნიშვნელობით. სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მობილობის პროგრამების კოორდინატორებთან, ასევე მრგვალი მაგიდა თემაზე - „ინსტიტუციური ცვლილებების საერთაშორისო პერსპექტივები“. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვიგოს უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პარტნიორული შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.