ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: ,,ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“, რომელიც ეძღვნება ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 65 წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეობენ მკვლევრები და მეცნიერები საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, ნიდერლანდების, კანადის, შვეიცარიის და იტალიის წამყვანი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებიდან. ორდღიანი კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიება გახსნა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტის 65-წლიანი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე და მის მომავალ პერსპექტივებზე, ასევე, ხაზი გაუსვა სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. მან მადლობა გადაუხადა მეცნიერებსა და პარტნიორებს, რომელთა წვლილმაც ხელი შეუწყო ინსტიტუტის წარმატებას და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო – შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა. კონფერენციის ფარგლებში, ინსტიტუტის მეცნიერები: გურამ მემარნე, მარიამ მეტრეველი, ზოია სიხარულიძე, იზოლდა მაჭუტაძე, ავთანდილ მესხიძე და გალინა მეფარიშვილი ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელებით დააჯილდოვეს.
მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართეს და საიუბილეო თარიღი მიულოცეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია: მცენარეთა მავნებელ - დაავადებები, თანამედროვე გამოწვევები და გადაჭრის გზები; მცენარეულ პათოგენთა პოპულაციურ-გენეტიკური კვლევები; მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება; მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები; ჭარბტენიანი ჰაბიტატები - ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემური სერვისები, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.
საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი 1991 წლის 22 მაისს დაარსდა ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე, რომელიც ქობულეთში 1959 წლიდან ფუნქციონირებდა.
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტში ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება მცენარეთა დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება. ინსტიტუტის მეცნიერების მიერ პირველად იქნა საქართველოში აღმოჩენილი და შესწავლილი კარტოფილის, ბზის, კივის, თხილის, ლურჯი მოცვის და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების საკარანტინო, საშიში დაავადებები და მავნებლები. მათი კვლევებით დაინტერესებულია მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაციები, კვლევის შედეგები კი ქვეყნდება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში. კოლხეთის ტორფნარების კვლევების შედეგად, კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიან ეკოსისტემებს იუნესკომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსტიტუტმა შავი ზღვის დაბინძურებისა და მისი გავლენის შესახებ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი CARE SEA - ,,თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვა“ დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრობლემის შესწავლას, შავი ზღვის დაბინძურების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობას.
ღონისძიების მეორე დღე: გასვლითი ტურები
8 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილეები ეწვევიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ლაბორატორიებს და სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს; დაათვალიერებენ ციტრუსის, კივის, ფეიჰოას, თხილის, ხეხილ-კენკროვანი კულტურების, ენდემური ვაზის ჯიშების, სამკურნალო მცენარეების კოლექციებს; ფიტოპათოლოგიურ ცდებს საველე პირობებში. მოეწყობა გასვლითი ტური ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე - ისპანის ტორფნარსა და ბათუმის ბოტანიკური ბაღში.
უკან |