განყოფილების შესახებ
2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება - ბათუმის ბოტანიკური ბაღი გადავიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში, 2007 წელს კი გაფორმდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ).
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის №176 დადგენილების შესაბამისად, სსიპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რეორგანიზაციის გზით, 2010 წლის 1 იანვარს შეუერთდა სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული - ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2011 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რსუ) სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტის ორი სამეცნიერო განყოფილება (მცენარეთა ინტროდუქციის; სელექციისა და მცენარეთა დაცვის განყოფილება) გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილება, რომელიც რსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულების შემადგენლობაში შევიდა სტრუქტურული ერთეულის სახით. ამჟამად, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილება ფუნქციონირებას აგრძელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილებაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია:
ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება, რომელიც მოიცავს:
- კვლევებს რეგიონის აგრობიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავების კუთხით, კერძოდ, ეკონომიკური ღირებულების ისეთი კულტურებისა, როგორიცაა ციტრუსოვანი და სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურები, კენკროვნები, კივი, ფეიჰოა, თხილი და სხვა. მათი სახეობებისა და ჯიშების მრავალფეროვნებით გამორჩეული კოლექციების შექმნა, რასაც გარდა სამეცნიერო მნიშვნელობისა, აქვს სასწავლო, საკონსულტაციო და სხვა, დანიშნულება.
- ზღვისპირა აჭარის ინვაზიური, უცხო წარმოშობის მცენარეული სახეობების ძიების, მათი გავრცელების ინტენსივობის, ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლის მიმართულებით, რის საფუძველზეც დადგენილი იქნება ინვაზიური მცენარეულობის სახეობრივი მრავალფეროვნება, გაანალიზებული იქნება ინვაზიური სახეობების გავრცელების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოსალოდნელი საფრთხეები რეგიონის ველურ ბუნებასა და კულტურულ მცენარეულობასთან მიმართებაში, შეიქმნება მონაცემთა ბაზა.
- აჭარის ფლორისტული რაიონისა და ზღვისპირეთის ადგილობრივ, ინტროდუცირებულ, ინვაზიურ ფლორაში მცენარეების ფარმაკოგნოსტური მიმართულებით კვლევები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი, მაღალი ანტიმიკრობული მოქმედების მცენარეების გამოვლენა; შხამიანი, არომატული, კენკროვანი და სხვა, მცენარეების შესწავლა სამკურნალო პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით; ეთნობოტანიკური კვლევა; ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა კოლექციის შევსება და გამდიდრდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი ახალი სახეობებით.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილებაში მიმდინარეობს შემდეგი გარდამავალი სამეცნიერო-კვლევითი თემები:
- აჭარაში გავრცელებული ხეხილოვნების ბიომრავალფეროვნების შესწავლა, იშვიათი და სამეურნეო თვალსაზრისით პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა, და გენოფონდის შენარჩუნების მიზნით მათი კონსერვაცია.
- საქართველოში არსებული ნარინჯოვნების მრავალფეროვნების შესწავლა, იშვიათი, ქრობადი, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული, სამეურნეო თვალსაზრისით პერსპექტიული ჯიშების, ჰიბრიდების, მუტანტების გამოვლენა, გენოფონდის შენარჩუნებისა და მრავალმხრივი გამოყენების მიზნით მათი კონსერვაცია.
- დასავლეთ საქართველოში გავრცელებული თხილის ჯიშების ბიომრავალფეროვნების შესწავლა, კონსერვაცია და სამეურნეო თვალსაზრისით პერსპექტიული ფორმების გამორჩევა.
- კენკროვანი კულტურების კოლექციის გაშენება და ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა.
- ინვაზიურ მცენარეთა გავრცელების თავისებურებანი ზღვისპირა აჭარაში.
- აჭარის მცენარეულობის (ადგილობრივი, ინტროდუცირებული, ინვაზიური) ზოგიერთი წარმომადგენლის ფარმაკოგნოსტური დახასიათება.
ცალკეული სამეცნიერო-კვლევითი თემა მოიცავს ქვეთემებს.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილება წარმატებით თანამშრომლობს შემდეგ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან:
- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ა(ა)იპ ,,აგროსერვისცენტრი“.
- ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.
- საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს.დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი.
- ბელარუსის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღი.
- ბელარუსის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეხილეობის ინსტიტუტი.
- მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
- CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი).
- EPPO (ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია).
უკან |