ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ევროპეისტიკის დეპარტამენტი

ხელ-ი პროფ. თამარ სირაძე

ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის შექმნა დაკავშირებული იყო რუსული ენისა და ლიტერატურის პროფილის გაფართოებასთან. 1958 წელს შეიქმნა რუსული ენის, ლიტერატურისა და უცხოური ენების სპეციალობა, რაც რესპუბლიკის სკოლების უცხოური ენების მასწავლებლებით დაკომპლექტების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, ამიტომ 1958 წელს რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრას გამოეყო უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრა, რომელიც ამზადებდა რუსული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების სპეციალისტებს.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაიხსნა საღამოს განყოფილება, სადაც სპეციალისტების მომზადება ხდებოდა მხოლოდ უცხოურ ენებში. უნდა აღინიშნოს, რომ კათედრაზე 1956 წლიდან მუშაობდნენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები: მარია ხუციევა, ლარისა მუატი, ნინა ლუპმანი, ფება ვასილევა, ოთარ ფარეიშვილი, მინიკო ჩიჯავაძე, ქეთევან ჯაველიძე, ციალა მდინარაძე, პავლე ჯორბენაძე, გულნარა ომიაძე, რუსუდან ბეჟანოვა, ნათელა პაპავა.

კათედრის პირველი ხელმძღვანელი იყო დავით ჩავლეიშვილი. 1949 წლიდან ის მუშაობდა უცხოეთთან საქართველოს კულტურული ურთიერთობის საზოგადოების რეფერენტად. 1950 წელს ჩაირიცხა საკავშირო აკადემიის მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1954 წელს მუშაობა დაიწყო ბპი-ში უფროს მასწავლებლად. 1958-1962 წლებში ის ხელმძღვანელობდა უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრას.

1962-1972 წლებში კათედრის გამგედ მუშაობდა ოთარ ფარეიშვილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის კათედრის დაკომპლექტების, კაბინეტის შექმნისა და მოწყობის, სწავლების სრულყოფისა და მართვის საქმეში. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საზღვარგარეთის ლიტერატურაში და ასწავლიდა ინგლისურ ენას. ო. ფარეიშვილს გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან აღსანიშნავია მის მიერ თარგმნილი და გამოქვეყნებული მონოგრაფია ,,ჰემინგუეი’’ (1973) და ,,ჩარლზ დიკენსი’’ (1962).

1972 წელს უცხოური ენებისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრის გამგედ არჩეული იქნა ფილოლოგიის მ/კ, დოც. პავლე ჯორბენაძე, რომელმაც თსუ-ს დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1958 წლიდან დაიწყო მუშაობა უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებლად, 1970 წელს აკად. გ. ჯიბლაძის ხელმძღვანელობით ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,რომანის პრობლემა’’. ის თავდაპირველად ასწავლიდა გერმანულ ენას, ხოლო შემდეგ კითხულობდა ლიტერატურათმცოდნეობისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კურსს. დოც. პავლე ჯორბენაძე წლების განმავლობაში იყო გერმანიასთან საქართველოს მეგობრობის აჭარის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის მწერალთა კავშირის კრიტიკოსთა საბჭოს წევრი, არჩეული იყო მეცნიერებათა აკადემიის ესთეტიკის საბჭოს წევრად. აკადემიკოს გ. ჯიბლაძის რედაქტორობით გამოაქვეყნა ორი მონოგრაფია: ,,რომანის თეორიის საკითხები’’ (1970) და ,,რომანტიზმის სათავეებთან’’ (1984). ის ავტორია, ასევე, 40-მდე სამეცნიერო სტატიისა.

წლების განმავლობაში დოც. პავლე ჯორბენაძე აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესაში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სტატია სოციოლოგიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის საკითხებზე. მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე ,,რომანტიზმის მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპები’’.

უ/მასწ. ციალა მდინარაძე 1957 წლიდან მუშაობდა ბპი-ში გერმანული ენის მასწავლებლად. ამ ხნის მანძილზე ის ეწეოდა, როგორც პედაგოგიურ, ასევე მეთოდურ და სამეცნიერო მუშაობას: წლების მანძილზე იყო მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი. ის არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1989 წელს მან კვალიფიკაცია აიმაღლა იენის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანისტთა საერთაშორისო კურსებზე ქ. ვაიმარში.
1983-1985 წლებში უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრას სათავეში ჩაუდგა უ/მასწ. მინიკო ჩიჯავაძე. მან 1955 წელს დაამთავრა მ. ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1956 წლიდან მუშაობა დაიწყო ბპი-ს უცხოური ენებისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრაზე. 1982 წელს მიენიჭა აჭარის ა/რ დამსახურებული მასწავლებლის წოდება. მას გამოქვეყნებული აქვს 13 სამეცნიერო ნაშრომი.

1983-1988 წლებში კათედრის გამგედ მუშაობდა უ/მ გულნარა ომიაძე, ხოლო 1989-1991 წლებში - დოც. ნოდარ ჭყონია, რომლის დროსაც მოხდა კათედრის შევსება ახალგაზრდა კადრებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის უცხოური ენებისა და რუსული ენის კათედრების ჩამოყალიბების საქმეში.

1991-1996 წლებში უცხოური ენებისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა დოც. ირინე გოშხეთელიანი. 1996 წელს კათედრა გაიყო ინგლისური ფილოლოგიისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის (გამგე _ დოც. ი. გოშხეთელიანი), გერმანული ფილოლოგიის (გამგე _ მ/კ ა. აბუსერიძე), ფრანგული ფილოლოგიის (გამგე _ მ/კ ვ. დიასამიძე) კათედრებად. კათედრის ლაბორანტი იყო ნინო კორტავა.

1997 წელს საუნივერსიტეტო რეფორმის შედეგად სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) გადასვლამ ახალი ამოცანები დაუსახა კათედრას, რომელიც აქტიურად მუშაობდა სალექციო კურსების დამუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

ამ პერიოდიდან დეპარტამენტში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები: დოცენტი პავლე ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორები: ნინო დვალიძე, ანზორ აბუსელიძე, ნანა სტამბოლიშვილი, ნატალია სურგულაძე, ვიქტორია დიასამიძე, ხათუნა ბერიძე; ფილოლოგიის დოქტორები: ზურაბ ბეჟანოვი, ნანა ბოლქვაძე, დინარა ფაღავა; უფროსი მასწავლებლები: რუსუდან ბეჟანოვა, ნელი კუხალეიშვილი, ცირა გამცემლიძე, ციალა მდინარაძე, მანანა ჩიტაიშვილი, მასწავლებლები: თამარ სირაძე, ნათელა პაპავა, გულნარა ომიაძე, ნანა სოსელია, ოლეგ ფრუიძე, მანანა მითაიშვილი, ნანა ახალაძე, ლამარა მიმინოშვილი, ცისანა რუსიძე, რეზო ფარცვანია, ვენეცია ფილოშვილი, ჟანა ფაღავა, და სხვები. მათ დიდი წვლილი შეიტანეს უცხოური ენის სწავლების საქმეში, მთელ გამოცდილებას, ცოდნასა და უნარს ახმარდნენ განათლებული სპეციალისტების აღზრდას.

მოგვიანებით კათედრაზე მუშაობა დაიწყეს ახალგაზრდა ნიჭიერმა პედაგოგებმა: ასისტენტ-პროფესორებმა, ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორებმა: მარინა სიორიძემ, ლალი თავაძემ, თეონა თედორაძემ, ზეინაბ გვარიშვილმა, ცირა ჭყონიამ, თამარ დოლიძემ, ნათია ქათამაძემ, თამილა მიქელაძემ, თამილა დავითაძემ, იულია გორჯელაძემ, ივდით დიასამიძემ, ნელი ახვლედიანმა, ეკატერინე მჟავანაძემ, თეონა ბერიძემ, ხათუნა დიასამიძემ, ასევე: მერი მახარაძემ, ნატალია სალუქვაძემ, თამარ მგელაძემ, ინგა ბადალიანმა, მაია ტაკიძემ, ნინო მიქელაძემ, ირმა დავითაძემ, ნინო კვანტალიანმა, თინიკო კვაჭაძემ, მედეა დიასამიძემ, თინიკო ფირცხალაიშვილმა, ნატო ჩაჩავამ, მაგული ბოლქვაძე, მირანდა გორგოშიძემ, მთვარისა კვირკველიამ, გულნარა გათენაძემ, ირმა ცენტერაძემ, ირმა დავითაძემ, ნონა მეტრეველმა, ია თურმანიძემ, ნათია ხაბეიშვილმა, ბესო ლილუაშვილმა, მირანდა კაკაბაძემ და სხვ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დეპარტამენტის სპეციალისტის ლელა შაქარიშვილის თავდადებული მუშაობა. ის დღემდე ერთგულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

2006 წელს ინგლისური, გერმანული, ფრანგული ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კათედრები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ევროპეისტიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა სრ. პროფ. ირინე გოშხეთელიანი. დეპარტამენტში შეიქმნა ოთხი პროგრამული მიმართულება: ანგლისტიკის (ხელმ. სრ. პროფ. ირინე გოშხეთელიანი), გერმანისტიკის (ხელმ. სრ. პროფ. ნანა ბოლქვაძე), რომანისტიკის (ხელმ. ასოც. პროფ. ნატალია სურგულაძე), და ნეოგრაცისტიკის (ხელმ. სრ. პროფ. მ. გიორგაძე). 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა