ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი

ხელი-ი ასოც. პროფ ჯემალ კარალიძე

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა საქართველოს, მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და არქეოლოგია-ეთნოლოგიის კათედრების ბაზაზე, რომლის უმთავრეს ამოცანას, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებისადმი სამსახური და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირების პროცესებისადმი ხელშეწყობა, ამიტომაც ბუნებრივია ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტამენტი იჩენს საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში. ამ თვალსაზრისით დეპარტამენტს საკმაოდ დიდი ტრადიციები გააჩნია, რაც დაკავშირებულია იმ სახელოვან მეცნიერებთან, რომლებმაც არსებითად ჩამოაყალიბეს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში ისტორიის კათედრა. სწორედ მათ შექმნეს საიმედო საფუძველი ეროვნული ისტორიის სწავლების, ახალგაზრდა ისტორიკოსების მომზადებისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ჯერაც შეუსწავლელი პრობლემების მეცნიერული კვლევა-ძიებისა და შესწავლა-დამუშავების თვალსაზრისით. 

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის შექმნას წინ უძღოდა მრავალწლიანი ორგანიზაციული და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობა. ცნობილია, რომ ბათუმში სამასწავლებლო ინსტიტუტი 1935 წელს გაიხსნა, ოთხი ფაკულტეტით. 1945 წელს იგი გადაკეთდა პედაგოგიურ ინსტიტუტად. ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სამეცნიერო საბჭო, ფაკულტეტები და კათედრები. ჩამოყალიბებულ 4 ფაკულტეტს შორის ერთ-ერთი იყო ისტორიის ფაკულტეტი ისტორიის კათედრით (გამგეები: სარგის კაკაბაძე (1935-1937), ლევან ებანოიძე (1937-1938), კონსტანტინე გრიგოლია (1939-1940). 1941 წელს ისტორიის კათედრა შეუერთდა მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლების კათედრას (გამგეები: მემედ სტამბოლიშვილი, სევერიან ყალიჩავა). 1946 წელს ჩამოყალიბდა საისტორიო დისციპლინათა ორი კათედრა - მსოფლიო ისტორიის (გამგე - ირაკლი ბერაძე) და სსრ კავშირის ისტორიის (გამგე - სარგის კაკაბაძე). 1947 წელს ორივე კათედრა გაერთიანდა და ეწოდა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრა (გამგეები: ნიკო ჭეიშვილი (1947-1962), კუკური ლილუაშვილი (1962-1969), პარმენ ცქვიტარია (1969-1987), რევაზ დიასამიძე (1987-1991). 

ზემოთ დასახელებულ კათედრებზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული საისტორიო აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: სარგის კაკაბაძე, კონსტანტინე გრიგოლია, სიმონ ყაუხჩიშვილი, მამია დუმბაძე, აბელ კიკვიძე, იასე ცინცაძე, ტროფიმე ხუნდაძე, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, ლევან ებანოიძე, გრიგორ ჩხარტიშვილი, სოკრატე ძიმისტარაშვილი, სევერიან ყალიჩავა, იონა კუბლაშვილი, ალექსანდრე (ლალი)  ჯავახიშვილი, ირაკლი ბერაძე, ავთანდილ იოსელიანი, შამშე მეგრელიძე, დავით ხახუტაიშვილი, აბელ სურგულაძე, იური და ფრიდონ სიხარულიძეები, ვუკოლ იაშვილი, ვალერიან მაჭარაძე, ნესტორ ინწკირველი, ასლან ინაიშვილი, ვლადიმერ სიჭინავა, ლევან სანიკიძე და სხვები. 

საბჭოთა ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იყო საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებ-ლებში. ცხადია, შეზღუდული იყო ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევა-ძიებაც. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სწავლების გაუმჯობესება და შესაბამისი კათედრის ჩამოყალიბება წინა თაობის პროფესორ-მასწავლებელთა ოცნება იყო. საბჭოთა იმპერიის დაშლამ და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ შესაძლებელი გახადა მათი ოცნების აღსრულება. 1991 წელს სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის (გამგე – აბელ სურგულაძე) და მსოფლიო ისტორიის (გამგე – რევაზ დიასამიძე) კათედრები. კათედრათა ცალ-ცალკე საქმიანობამ ხელი შეუწყო მსოფლიო ისტორიისა და საქართველოს ისტორიის დისციპლინების სწავლების გაუმჯობესებას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სრულყოფას, კათედრებზე კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. თუ კათედრების შექმნისას სულ ხუთ-ხუთი წევრი იყო თითოეულში, ათი წლის შემდეგ ორივე კათედრის წევრთა რაოდენობა 40-ს აჭარბებდა (5 - მეცნიერებათა დოქტორი, 17 - მეცნიერებათა კანდიდატი).

განსაკუთრებული ენთუზიაზმი იგრძნობოდა საქართველოს ისტორიის კათედრაზე. განისაზღვრა კათედრის მისია და მისი საქმიანობის სტრატეგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. იგი შეივსო გამოცდილი სპეციალისტებით (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ხახუტაიშვილი, პროფესორი ამირან კახიძე, დოცენტები - ბიჭიკო დიასამიძე, ნოდარ კახიძე და სხვები). ინერგებოდა სიახლეები, კათედრამ ჯერ გამოსცა ყოველთვიური გაზეთი “ძლევაά”, ხოლო 1995 წლიდან იბეჭდებოდა კათედრის წევრთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული ,,საისტორიო მაცნე.” მიღწეულმა წარმატებებმა შესაძლებელი გახადა საზეიმოდ, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა მონაწილეობით აღნიშნულიყო ეროვნული ისტორიის კათედრის ათი წლისთავი. გამოიცა შესაბამისი კრებულიც. კათედრის წარმატებებში დიდი იყო მისი პირველი გამგის – პროფ. აბელ სურგულაძის (1991-2001) წვლილი. პროფ. აბელ სურგულაძე არაერთი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ოთხი ათეული წლის მანძილზე მან გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის – 30-მდე წიგნი), 400-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაცია და რეცენზია. მისი შრომების ნაწილი ეხება ევროპის ხალხთა წინააღმდეგობის მოძრაობაში ქართველთა მონაწილეობას, რაც აისახა მონოგრაფიაში ,,ქართველები ევროპის ხალხთა წინააღმდეგობის მოძრაობაში (1939-1945)’’ (ბათუმი, 1985). პროფესორ აბელ სურგულაძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა ღირსეულად დაფასდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიას მისი სახელი მიეკუთვნა, ხოლო საცხოვრებელ სახლზე გაკეთდა მემორიალური დაფა. 

ამავე წლებში სერიოზული წარმატებები მოიპოვა მსოფლიო ისტორიის კათედრამაც. შეივსო კვალიფიციური სპეციალისტებით, დაინერგა მუშაობის ახალი ფორმები, გააქტიურდა სამეცნიერო და მუდმივმოქმედი სესია-სემინარები, მეტი ყურადღება მიექცა სტუდენტებთან სააუდიტორიო მუშაობას.

2001 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე. ახალი ათასწლეული ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმებით დაიწყო. მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული გლობალიზაცია-ინტეგრაციის პროცესი იმით აისახა უმაღლეს სკოლაში, რომ დაიწყო საგნების ინტეგრაცია, რაც საქართველოს ისტორიის სწავლებისათვის საათების შემცირებით და ზოგიერთ სპეციალობაზე საქართველოს ისტორიის სწავლების გაუქმებით დასრულდა. კათედრა ამ პროცესს გამოეხმაურა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციით ,,ისტორია - ერის მეხსიერება და ქვეყნის ძლიერების ბალავარი” (2003 წლის 2-3 მაისი). კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა ქვეყნის პრეზიდენტისადმი, რომელშიც ითხოვდნენ საქართველოს ისტორიის სწავლების, პოპულარიზაციისა და კვლევის სახელმწიფო პროგრამის მიღებას. 2004 წლის აპრილში ჩატარდა ასევე რესპუბლიკური კონფერენცია გლობალიზაციის პირობებში ეროვნული დისციპლინების სწავლების საკითხებზე.
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თანამედროვე ეტაპზე აქტუალურ პრობლემად იქცა სახელმწიფო მოწყობის საკითხი. კათედრა ამ პრობლემას გამოეხმაურა ფართო წარმომადგენლობითი კონფერენციით ,,საქართველოს სახელმწიფო – უნიტარული თუ ფედერაციული” (2005 წ., 5-6 მაისი). ცალკე კრებულად გამოიცა კონფერენციის მასალები.

ამის პარალელურად, კათედრა აქტიურად საქმიანობდა სასწავლო პროცესის სრულყოფის, პროფესორ-მასწავლებელთა ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის პირობების უზრუნველსაყოფად. 
მსოფლიო და საქართველოს ისტორიის კათედრათა მიერ ჩატარებული მუშაობის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ისინი საინტერესო კვლევით საქმიანობას ეწევიან არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე.
საქართველოს არქეოლოგიის, კერძოდ, რკინის მეტალურგიის კერების, ძველი ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, ბერძნული კოლონიზაციისა და შავიზღვისპირა ანტიკური ქალაქების, ამ ეპოქის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეების, ბერძნულ და რომაულ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის საკითხების შესწავლას ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის დავით ხახუტაიშვილის, პროფ. ა. კახიძის, დოცენტების: ნ. ვაშაკიძის, შ. მამულაძის, ნ. ხახუტაიშვილის, გ. თავამაიშვილის, კ. სურგულაძის და მ. ხალვაშის ნაშრომები.

კათედრათა წევრები აქტიურად მონაწილეობენ აჭარის ისტორიის ნარკვევების მრავალტომეულის შექმნაში. მათ მიერ დაიწერა ნარკვევების ცალკეული ტომებისათვის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი. პროფ. დ. ხახუტაიშვილი მრავალტომეულის მთავარი რედაქტორი იყო, ხოლო პროფ. ა. კახიძე – მთავარი რედაქტორის მოადგილე და პირველი ტომის რედაქტორი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფ. დავით ხახუტაიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ღირსეულად დაფასდა. ქალაქ ბათუმში ერთ-ერთ ზღვისპირა ქუჩას მისი სახელი ეწოდა. მშობლიურ ბათუმის უნივერსიტეტში დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია, გაიხსნა მისი სახელობის აუდიტორია.

საქართველოს და მსოფლიო ისტორიის კათედრებზე სხვადასხვა დროს ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ: დავით ხახუტაიშვილი, ამირან კახიძე, ნოდარ კახიძე, სერგო დუმბაძე, ოთარ თურმანიძე, ნოდარ ცეცხლაძე, ფრიდონ სიხარულიძე, იზოლდა ბელთაძე, რევაზ დიასამიძე, მალხაზ სიორიძე, ალექსანდრე ბათაძე, ერმილე მესხია, გია თავამაიშვილი, ციური ქათამაძე, ირაკლი ბარამიძე, მადონა მიქელაძე, მადონა გოგიტიძე, ჯუმბერ ვარდმანიძე, ნადიმ ვარშანიძე, მერაბ მეგრელიშვილი, ნუგზარ ზოსიძე, მანუჩარ ლორია, ემზარ კახიძე, ზაზა ბურკაძე, რევაზ უზუნაძე, თამარ შალიკაძე, მარინა იტრიაშვილი, ნატალია ლაზბა, ხათუნა დიასამიძე, მანანა კაშია, რევაზ დავითაძე, ტარიელ ებრალიძე, თემურ ტუნაძე, ინეზა ზოიძე, ზაზა კილაძე და სხვები.

საქართველოს ისტორიისა და მსოფლიო ისტორიის კათედრათა წევრების რაოდენობრივმა და ხარისხობრივმა ზრდამ (50-ს გადააჭარბა, მათგან 11 – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და 23 – მეცნიერებათა კანდიდატი) შესაძლებელი გახადა 2004 წელს საქართველოს ისტორიის კათედრას გამოყოფოდა არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კათედრა. 2006 წლიდან საქართველოს ისტორიის, მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და ეთნოლოგიის კათედრათა ბაზაზე ჩამოყალიბდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი (დეპარტამენტს 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა პროფესორი კახაბერ სურგულაძე, 2011 წელს -ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში, 2012–2013 წლებში  -პროფესორი შოთა მამულაძე,
2013-2015 წლებში - პროფესორი ემზარ მაკარაძე. ამჟამად დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი ჯემალ კარალიძე. დეპარტამენტში მოქმედებს ისტორიისა  საბაკალავრო და მინორის საგანმანათლებლო პროგრამები. აგრეთვე ისტორიის,  არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც.

ამჟამად დეპარტამენტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობს 4 სრული პროფესორი, 9- ასოცირებული და 1- ასისტენტ პროფესორი. მოწვეული მასწავლებლის სტატუსით 8 – ზე მეტი აკადემიური დოქტორი.

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტში ემერიტუსის სტატუსით მოღვაწეობენ  : პროფესორი ამირან კახიძე, რომელმაც საყურადღებო ნაშრომები მიუძღვნა საქართველოს არქეოლოგიის, კერძოდ, ბერძნული კოლონიზაციისა და შავიზღვისპირა ანტიკური ქალაქების შესწავლას. იგი არის ბრიტანეთ-საქართველოს მუდმივმოქმედი ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.  

ადრე შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოს და მისი ეკლესიის ისტორიის საკითხებს წლების განმავლობაში იკვლევს პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე. ამ პრობლემას მიეძღვნა მისი სადოქტორო დისერტაცია – ,,ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I-X საუკუნეები)’’, რომელიც მოგვიანებით ცალკე წიგნადაც გამოიცა. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, 10 ცალკე წიგნად. პროფ. ბიჭიკო დიასამიძე ემერიტუსის სტატუსით კვლავაც აგრძელებს უნივერსიტეტში მოღვაწეობას და ხელმძღვანელობს ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიის განყოფილებას..

პროფესორ კახაბერ სურგულაძის კვლევის სფეროა ანტიკური ისტორიის, რომი – საქართველოს ურთიერთობის პრობლემები და საერთაშორისო ტერორიზმის საკითხები. პროფ. კახაბერ სურგულაძეს გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 10 წიგნი. იგი არის საერთაშორისო საგრანტო პროექტის - Politics of Memory and Memory Cultures of the Russian-Ottoman War 1877/1878: From Divergence to Dialogue მონაწილე.

ეთნოლოგიის მიმართულებით დეპარტამენტში მოღვაწეობს პროფესორი ნუგზარ მგელაძე, რომელიც იკვლევს აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ეთნოლოგიის საკითხებს. იგი არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია ქართველი ხალხის სოციალური ორგანიზაციის ტრადიციული ფორმებისა და ნათესაობის ტერმინთა სისტემის სტრუქტურულ-ფუნქციონალური და ტიპოლოგიური ანალიზისადმი მიძღვნილმა ნაშრომებმა.

დეპარტამენტში არქეოლოგიის სალექციო კურსს კითხულობს პროფესორი შოთა მამულაძე. იგი ამავე დროს, ის არის გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, გონიოს მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციისა და სტუდენტთა საველე არქეოლოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელი. წლების მანძილზე შოთა მამულაძე იკვლევს აჭარისწყლის ხეობის კულტურის ძეგლებს. ნაშრომისათვის – ,,აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები’’ – მან მიიღო ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია. ამასთანავე  შოთა მამულაძის მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა და ხორციელდება არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტი. ამჟამად ის არის რუსთაველი სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების; კლარჯეთისა“ გა  ,,არტაანის ქართული კულტურული მემკვიდრეობის“ ძირითადი შემსრულებელი.

პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს საქართველოს, ქართული სამართლის და საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ისტორიაში. მისი კვლევის სფერო მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ისტორიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 15-მდე წიგნი. პროფ. ოთარ გოგოლიშვილი წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს საქართველოს, ქართული სამართლის და საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ისტორიაში. მისი კვლევის სფერო მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ისტორიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 15-მდე წიგნი.

დეპარტამენტში წარმატებით მოღვაწეობს ასოცირებული  პროფესორი მერაბ ხალვაში. მისი ინტერესების სფეროში შედის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების საკითხები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გვიანანტიკურ ხანასა და ადრე შუა საუკუნეებში. ეს პრობლემა გახდა მ. ხალვაშის საკანდიდატო დისერტაციის მთავარი თემა. არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ექსპედიციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. ამჟამად მერაბ ხალვაში ასრულებს ბსუ-ის რექტორის მოვალეობას.

ქართული წყაროთმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის, საქართველოსა და მსოფლიოს ხალხთა კულტურის ისტორიის სალექციო კურსებს წლების განმავლობაში კითხულობს ასოცირებული  პროფესორი ნანა ხახუტაიშვილი. იგი, ასევე, წარმატებით იკვლევს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძველი ისტორიის საკითხებსაც. მისი გამოკვლევა ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი ადრე რკინის ხანაში’’ დაედო საფუძვლად მის საკანდიდატო დისერტაციას. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი და ორი მონოგრაფია. სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროგრამით მან სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება გაიარა ქ. ბერლინის და ქ. ბოხუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. ამასთანავე, იგი არის გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ დირექტორი.

ასოცირებული  პროფესორი  თამაზ ფუტკარაძე იკვლევს მოსახლეობის მიგრაციის, ეთნიკური და დემოგრაფიული პროცესების, ეთნოკონფლიქტების უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ნაშრომისათვის – ,,თანამედროვე მიგრაციული პროცესები აჭარის მთიანეთში’’ – მან მიიღო თედო სახოკიას სახელობის პრემია. ის არის 110 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 8 წიგნის, ავტორი. ამასთანავე  მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა და ხორციელდება არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტი. ამჟამად თ. ფუტკარაძე არის ევროკავშირის საგრანტო პროექტის -,,რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომი და კულტურული მეხსიერება“ -შემსრულებელი და ხელმძღვანელობს რუსთაველის ეროვნული საზოგადოების საგრანტო პროექტს ,,არტაანის ქართული კულტურული მემკვიდრეობა“.

ქართული და მსოფლიო კულტურის ისტორიის საკითხებს წარმატებით იკვლევს ასოცირებული პროფესორი მარინა ჯინჭარაძე. იგი არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ასოცირებული პროფესორი იზოლდა ბელთაძე წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს შუა  საუკუნეების ისტორიაში. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს ინგლისის ეკონომიკური ისტორია  XIV-XVII სს. ამ  საკითხზე გამოქვეყნებული აქვს  მონოგრაფიები: „ლონდონის  მერსერთა  და ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანია (XV- XVI სს.)“, „ნარკვევი ინგლისის ეკონომიკური განვითარების ისტორიიდან (XV-XVI  სს)“, „ინგლისის  სავაჭრო კომპანიები და კოლონიური ექსპანსია (XV-XVII  ს. დასაწყისი).“ მან ასევე გამოსცა მონოგრაფია ებრაელი ხალხის ისტორიაზე - „ნარკვევი ებრაელი ხალხის ისტორიიდან  შუა საუკუნეების ეპოქაში“ . იზოლდა ბელთაძე  არის 10  მონოგრაფიისა 80-ზე მეტი  სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.   ამჟამად ის  მუშაობს აფხაზეთის კამანის ეკლესიასთან მოწამებრივად აღსრულებული  ადამიანების ( მამა ანდრიას, იური(გიორგი) ანუას ), ასევე  გამოჩენილი ხელოვანის , მსახიობისა და რეჟისორის მურად ხინიკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

ასოცირებული პროფესორი ციური ქათამაძის კვლევის სფეროს წარმოადგენს გვიანფეოდალური ხანის საქართველოს, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები; ქართული სამეფო–სამთავროების ურთიერთობები უცხოეთში არსებულ ქართული კულტურის ცენტრებთან; საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, სამონასტრო მიწისმფლობელობა, ქართული კულტურისა და სულიერების გამოჩენილი მოღვაწეები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია ,,სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა იერუსალიმის ქართულ კოლონიასთან.’’ (თბ., 2013.). მონაწილეობს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტში-,,არტაანის ქართული კულტურული მემკვიდრეობა“.

დეპარტამენტში წარმატებით მოღვაწეობს ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე, მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემების კვლევა.
ასოცირებული პროფესორის ჯემალ კარალიძის კვლევის სფერო მოიცავს XIXს. ბოლო მეოთხედისა და XX ს. დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის საკითხებს ბათუმის ოლქში, ქართველი და კავკასიელი ხალხების ურთიერთობის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 45  სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, წიგნი: „აჭარა 1878-1903 წლებში“ (ბათ., 2009). ჯ. კარალიძე ხელმძღვანელობს საგრანტო პროექტს ,,აფხაზები აჭარაში“ და მონაწილეობს საგრანტო პროექტ ,,კლარჯეთში“.

ასისტენტ- პროფესორი ხათუნა დიასამიძე იკვლევს სფეროს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია. მან ამ საკითხებს არაერთი საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევა მიუძღვნა.

ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდნენ პროფესორი ემზარ მაკარაძე და ასოცირებული პროფესორები: ზაზა შაშიკაძე და მანუჩარ ლორია. ისინი ამჟამად აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში აგრძელებენ მოღვაწეობას და ნაყოფიერად თანამშრომლობენ ისტორის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტთან.დეპარტამენტში მოწვეული მასწავლებლების სტატუსით მუშაობენ: ნოდარ ბარამიძე, რევაზ დიასამიძე, ირაკლი გორგილაძე, ჯემალ ვარშალომიძე, თამილა ლომთათიძე, გიორგი თავამაიშვილი და სხვები.

დეპარტამენტის, როგორც ბსუ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო უჯრედის, წარმატებები ფასდება მიღწეული შედეგებით. შედეგები კი მართლაც შთამბეჭდავია. დეპარტამენტის არაერთი წევრი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო ექსპედიციების მუშაობაში. კათედრაზე (შემდგომში - დეპარტამენტი) ფართოდ გაშლილმა სამეცნიერო-კვლევითმა საქმიანობამ ხელი შეუწყო როგორც ხარისხობრივი შემადგენლობის ზრდას, ისე ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებას. კათედრაზე გაიარეს ასპირანტურის კურსი და დაიცვეს საკანდიდატო დისერტაციები ციური ქათამაძემ, ირაკლი ბარამიძემ,  თემურ ტუნაძემ, როინ მალაყმაძემ, ირაკლი მანველიძემ, ინეზა ზოიძემ, თამარ შალიკაძემ, ნარგიზ სურმანიძე და სხვებმა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმების შემდეგ შესაძლებელი გახდა სადისერტაციო ნაშრომების დაცვა განახლებული სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე, სადაც დეპარტამენტის აღზრდილმა არაერთმა ახალგაზრდა მკვლევარმა აიმაღლა კვალიფიკაცია (გურამ ხაჯიშვილი, მარინა შალიკავა, ნატალია ლაზბა, ხათუნა დიასამიძე და სხვ.).

დეპარტამენტის პროფესორები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოების წევრებიც.

ეს წარმატებები დეპარტამენტში შექმნილი ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთთანადგომის შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა მკვლევრების დაკვალიანებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროფ. აბელ სურგულაძის ინიციატივით დაარსებულმა კრებულმა ,,საისტორიო მაცნემ,’’ სადაც დაუბრკოლებლად იბეჭდებოდა ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომები. დღეისათვის გამოცემულია აღნიშნული კრებულის 20 ტომი. 

აღსანიშნავია ისტორიის  სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის წარმატებული მუშაობა, რამაც ხელი შეუწყო ბევრი ნიჭიერი სტუდენტის გამოვლენას.
განვლილი წლების მანძილზე და დღესაც, დეპარტამენტის წევრების მიერ მოპოვებული წარმატებები სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში უპირველესად დეპარტამენტის თითოეული წევრის შრომის შედეგია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა