ფიზიკის კათედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ორწლიანი ინსტიტუტის (1935 წ.) დაარსების წლიდან იღებს სათავეს.
კათედრის ისტორია ორგანიზაციული და სტრუქტურული სრულყოფის, სამეცნიერო ძალების შემოკრებისა და ფიზიკის სპეციალისტთა აღზრდის საკმაოდ რთული და საინტერესო შინაარსის ფურცლებს მოიცავს. ფიზიკის კათედრის პირველ ხელმძღვანელად ინსტიტუტში მოწვეული იქნა სტრატონ თოთიბაძე (1939-1973). ს. თოთობაძემ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი რამ გააკეთა ფიზიკის სწავლების სრულყოფისა და ლაბორატორიების მოსაწყობად. იგი მივლინებული იქნა ლენინგრადში, საიდანაც ფიზიკის ლაბორატორიებისათვის ჩამოიტანა 20 ათასი მანეთის ხელსაწყოები.
1937 წელს მოეწყო სამასწავლებლო ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება, სულ 30 კაცი, რომელნიც განაწილებული იქნენ სკოლებში და იმთავითვე კარგი პედაგოგის სახელები მოიხვეჭეს. ორწლიანი ინსტიტუტის ბოლო გამოშვება 1945 წელს მოეწყო, დროის ამ მონაკვეთში ფიზიკა–მათემატიკის სპეციალობამ 215 მსმენელი გამოუშვა.
1938 წლიდან ფიზიკის კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი რაჟდენ ხუციშვილი (1938-1942), რომლის დროსაც კათედრაზე დაიწყო ინტენსიური პედაგოგიური და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობა; იგი კითხულობდა ლექციების კურსს ზოგად ფიზიკაში. მისი ხელმძღვანელობით დამზადდა ელექტრონული და ოპტიკური ხელსაწყოები ფიზიკის ლაბორატორიებისათვის. მრავლდებოდა ამოცანები და დემონსტრაციები ფიზიკაში. 1939 წლიდან, პედაგოგიური ტექნიკუმის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, ფიზიკის კათედრას შეემატა 4 ახალი ლაბორატორია და მასში განლაგდა 76.767 მანეთის ხელსაწყოები. პროფ. ხუციშვილის მიერ 1939 წელს ფიზიკის კათედრაზე მოწვეული იქნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ხუსეინ ხალვაში (1939-1986), შაქირ ნაკაშიძე (1910-1970).
1945 წელს ორწლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა ოთხწლიან სასწავლებლად, გაიზარდა ზოგადი და თეორიული ფიზიკის კურსები, რის გამოც პირველ ხანებში თსუ-დან მოწვეული იყვნენ ფიზიკოსები: ვ. ქობულაძე (1944-1945 წლებში მოღვაწეობდა ფიზიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე), ლ. ხუციშვილი (1946-1947 წლებში მოღვაწეობდა ფიზიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე), მ. გობეჯიშვილი (1946-1947), ვ. პარკაძე (1947-1949 წლებში მოღვაწეობდა ფიზიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე), დ. ლოლაძე (1947-1948), გ. თევზაძე (1949-1953), გ. კიკვაძე (1950-1951), ბ. გურგენიძე (1951-1954), ო. მღებრიანი (1952-1953), გ. მირიანაშვილი (1945-1946).
ფიზიკის სპეციალობაზე ისწავლებოდა მანქანათმცოდნეობის საფუძვლები. კათედრასთან არსებობდა მანქანათმცოდნეობის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილი იყო ყველა საჭირო თვალსაჩინოებითა და ხელსაწყო იარაღებით. აღნიშნულ საქმეს უნარიანად ხელმძღვანელობდა გამოცდილი ინჯინერი და პედაგოგი ნიკოლოზ გორდაძე.
ფიზიკის კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ადგილობრივი კადრები: ვ. გელაძე (1946-1962), ბ. პაპამოსკიჩი (1937-1938), ვ. სურგულაძე (1948-1949), რ. ჩხეიძე (1949-1954), ე. ხარაზი (1952-1953), გ. კალანდაძე, ვ. ახალაძე (1953-1958), ნ. გორდაძე (1958), ხ. კახიძე (1958), მ. ლორთქიფანიძე (1958), ე. დოლაბერიძე (1958-1960), ნ. ჭიჭინაძე (1958-1960), თ. ხალვაში (1959-1986), ე. გელაძე (1983 -1997).
1949 წელს ფიზიკის კათედრას სათავეში ჩაუდგა და 1972 წლამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა ხუსეინ ხალვაში. ხ. ხალვაშმა 1939 წელს დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტი და იმავე წლიდან იგი მუშაობას იწყებს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტად. უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის პარალელურად იგი ასწავლის ფიზიკას მახინჯაურის, ბათუმის რკინიგზის საშუალო სკოლაში. 1939–1945 წლებში, სამასწავლებლო ინსტიტუტის რეორგანიზაციამდე იგი იყო მასწავლებელი, შემდეგ კათედრის უფ. მასწავლებელი. 1945–1949 წლებში მუშაობდა ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად. 1950 წელს თსუ–ს ფიზიკის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1953 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. ხ.ხალვაშის კათედრის გამგედ მუშაობის პროცესში ფიზიკის კათედრამ განვლო საკმაოდ დიდი და შინაარსიანი გზა. ფიზიკის კათედრაზე წლეების განმავლობაში შ. ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა სტუდენტთა ექსპერიმენტულ წრეს, ხ. ხალვაში– თეორიულ წრეს, ს. თოთიბაძე–სასწავლო მეთოდურ წრეს. სწორედ ამ წრეებში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ ფიზიკის მომავალი სპეციალისტები: თ. ხალვაში, რ. ჩხეიძე, გ. ღლონტი, ხ. კახიძე, ლ. თადუმაძე, ჟ. დიასამიძე, ი. აბაშიძე, შ. ბოლქვაძე, ხ. ღომიძე, ზ. შაშიკაძე და სხვები. ზოგიერთი მათგანი დღესაც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ფიზიკის დეპარტამენტში.
ფიზიკის კათედრის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს აჭარაში, კერძოდ ბათუმში პლანეტარიუმის ჩამოყალიბება, ხოლო 1957 წლის ოქტომბერში, როცა საბჭოთა კავშირში გაშვებული იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, აკადემიკოს ევგენი ხარაძის რეკომენდაციით, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრას, სსრკ–ს ასტროფიზიკურმა აკადემიამ ნება დართო ხელოვნური თანამგზავრის დაკვირვების ვიზუალური სადგურის მოწყობის შესახებ. ბუნებრივია ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, თუ ადგილზე სათანადო სპეციალისტები არ იქნებოდნენ.
მცირე დროის მონაკვეთში, აგებულ იქნა საგანგებო დაკვირვების სადგური. ფიზიკის კათედრის და მისი ხელმძღვანელის დოც. ხ. ხალვაშის ენერგიული შრომის შედეგად ვიზუალურმა სადგურმა მის წინაშე დაყენებული ამოცანა წარმატებით შეასრულა. სადგურის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ფიზიკის კათედრას დარჩა 80 ათასი მანეთის ღირებულების ასტრონომიული დაკვირვების ხელსაწყოები, რომლებიც ამჟამადაც ინახება ფიზიკის დეპარტამენტში.
ფიზიკის კათედრის სრულყოფაში დიდი წვლილი შეიტანა ნელი ბეგლარის ასულმა კალანდაძემ (1946-1962), რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა ასტრონომიის კურსს. მის სახელთანაა დაკავშირებული, აგრეთვე ბათუმში პლანეტარიუმის გახსნა, სადაც ლექციებს ფიზიკის კათედრის მასწავლებლები კითხულობდნენ. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში ჩამოყალიბდა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე ვიზუალური დაკვირვების სადგური.
აღსანიშნავია ფიზიკის კათედრის გამგის დოც. ხ. ხალვაშის მიერ მოწვეული სამეცნიერო კონფერენციები ფიზიკის სწავლების აქტუალურ საკითხებზე, ტარდებოდა სამეცნიერო–მეთოდური კონფერენციები, მზადდებოდა მეთოდური სახელმძღვანელოები, რომლებიც ფიზიკის მასწავლებლებს დიდ მეთოდური დახმარებას უწევდა. ბათუმში იმართებოდა კონფერენციები, რომლებშიდაც მონაცილეობას იღებდნენ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ– კორესპონდენტი პროფ. მ. მირიანაშვილი, აკადემიის წევრ– კორესპონდენტი პროფ. ვ.ჭავჭანიძე; პროფესორები: ვ. ბუიშვილი და ნ. ცინცაძე; დოცენტები: ნ. კეკელიძე, მ. ზვიადაძე, ფიზიკის კათედრიდან ხ. ხალვაში, ჟ. დიასამიძე და სხვები.
ტრადიციად დამკვიდრდა ფიზიკის კათედრაზე კავშირ ურთიერთობა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებთან, ფიზიკის მასწავლებლებთან, შრომით კოლექტივებთან, ქალაქის სამრეწველო ორგანიზაციებთან. დოც. ხ. ხალვაშის ინიციატივით მთელ რიგ საშუალო სკოლებთან შეიქმნა ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიები, სასწავლო დამხმარე სახელოსნოები. ხ. ხალვაში იყო 80 – მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებული იყო რესპუბლიკურ და საკავშირო ჟურნალებში, მისი შრომები ეხებოდა თეორიული ფიზიკას, ფიზიკის სწავლების მეთოდიკას და სხვა. იგი დაჯილდოებული იყო მედლებითა და საპატიო სიგელებით. დოც. ხ. ხალვაშს –ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს, ინსტიტუტის პროფესორ–მასწავლებლებმა 1982 წლის დეკემბერში გადაუხადეს დაბედების 70 და სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლისთავის იუბილე.
ფიზიკის კათედრა პერიოდულად მდიდრდებოდა ახალი ხელსაწყოებითა და დანადგარებით. 1974 წლის დამდეგიდან ფიზიკის კათედრის სასწავლო კაბინეტს ჰქონდა უნივერსალური აპარატები, ფილმოსკოპები, მაგნიტოფონები, ეპიდოსკოპები, რომლებიც გამოიყენებოდა სწავლების პროცესში.
1972 წლიდან 1982 წლის ჩათვლით კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. ჯემალ ბერიძე.
ჯ. ბერიძემ 1853 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ექსპერიმენტალური ფიზიკის სპეციალობით. 1953 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის ასისტენტის თანამდებობაზე. 1955 წლიდან სწავლობს ასპირანტურანტურაში მოსკოვის ნ. კრუპსკაიას სახელობის საოლქო პედაგოგიურ ინსტიტუტში. იმავე წელს მივლინებული იქნა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური სპექტროსკოპიის ლაბორატორიაში, სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხსნარების ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ მუშაკად. 1962 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე “სინათლის გაბნევის გამოკვლევა ორგანული სითხეების ბინარულ ხსნარებში” და ენიჭება ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიტატის სამეცნიერო ხარისხი; 1966 წელს ენიჭება დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1962 წლიდან ჯ. ბერიძე მუშაობას აგრძელებს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრაზე. 1986 წელს ჯ.ბერიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლომონოსოვის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტში თემაზე „სინათლის გამბნევი არხის ოპტიკა და მისი გამოყენება ფიზიკა-ქიმიური ამოცანებისას“.
ჯ.ბერიძის ფიზიკის კათედრის გამგედ მუშაობის პერიოდში მოეწყო სამეცნიერო– კვლევითი ლაბორატორია, სადაც კათედრის წევრებისა და მოწინავე სტუდენტების, ქალაქის ფიზიკა–მატემატიკის №1 სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული იქნა ფიზიკაში ექსპერიმენტული სამუშაოები, რომლებმაც რესპუბლიკურ კონფერენციაზე საპრიზო ადგილები დაიკავა. დოც. ჯ. ბერიძის ინიციატივით კათედრა ასრულებდა სახელშეკრულებო თემებს სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტებისათვის. ჯ. ბერიძე სისტემატურად გამოდიოდა საკავშირო და რესპუბლიკურ კონფერენციებზე მოხსენებებით. ჯ. ბერიძემ საფუძველი ჩაუყარა სინათლის მრავალჯერადი და კომბინაციური გაბნევის კვლევითი ლაბორატორიების შექმნას. ამ ლაბორატორიაში საბჭოთა კავშირის პერიოდში შესრულებულ იქნა შვიდი სამეურნეო-სახელშეკრულებულო სამუშაო. ძირითადად აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსების ხარჯზე შეძენილ იქნა აპარატურა, რომელიც დღესაც განაგრძობს მოქმედებას. ამჟამად ამ ლაბორატორიების ბაზაზე სისტემატურად სრულდება სამაგისტრო შრომები, კვლევები და მონოგრაფიები.
1983-2005 წლებში ჯ. ბერიძე დაწინაურებული იქნა და მუშაობდა ინსტიტუტის პრორექტორის თანამდებობაზე სასწავლო სამეცნიერო მუშაობის დარგში.
1994-2007 წლებში ჯ. ბერიძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის ჯერ მოადგილედ, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად.
2008-2009 წლებში ჯ.ბერიძე არჩეული იქნა და მუშაობდა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრულ პროფესორად. ამჟამად, იგი არის საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.
1974 წლიდან ფიზიკის კათედრასთან ჩამოყალიბდა ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობა, ხოლო 1975-წლიდან ფიზიკის კათედრას გამოეყო ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დოც. სელიმ ნიჟარაძე.
1983 წლის 12 ოქტომბერს ფიზიკის კათედრის გამგედ ერთხმად არჩეული იქნა ქალი, ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკი ჟუჟუნა დიასამიძე.
1990 წელს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა სახელმწიფო უნივერსიტეტად.
1991 წელს ფიზიკის კათედრა გაიყო ზოგადი (ექსპერიმენტალური) და თეორიული ფიზიკის კათედრებად. 2005 წლამდე ზოგადი ფიზიკის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯ.ბერიძე, ხოლო თეორიული ფიზიკის კათედრას კი პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე.
1991 წლიდან თეორიული ფიზიკის კათედრაზე მოწვეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯანდიერი. პროფესორ გ.ჯანდიერის ხელმძღვანელობით სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ჟ.დიასამიძემ (1998), ხოლო საკანდიდატო დისერტაციები კი: ნუგზარ ღომიძემ (1997), ზებურ სურმანიძემ (1998), იზოლდა ჯაბნიძემ (1999), ვლადიმერ ღლონტმა (1999), ინგა სურმანიძემ (2000), მზია დიასამიძემ (2001), ნუგზარ ფირცხალაშვილმა (2002), მადლენა დავითაძემ (2005). ამჟამად გ. ჯანდიერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 1995 წელს იგი აირჩიეს საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1998 წლიდან იგი ამერიკის რადიოფიზიკოსთა საზოგადოების (IEEE) წევრია. 1999 წლიდან ევროპის სამეცნიერო საზოგადოების INTAS-ის ექსპერტია. 2002 წლიდან იგი ამერიკის ელექტროდინამიკის აკადემიის წევრია (კემბრიჯი, მასაჩუსეტის შტატი, აშშ). 2003–2005 წლებში იყო იტალიის სამეცნიერო პროექტების ექსპერტი და 2005 წელს მას მიანიჭეს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ექსპერტის წოდება. გ.ჯანდიერი არის ამერიკის ელექტრომაგნეტიზმის აკადემიის წევრი (პრეზიდენტი პროფესორი J.A. Kong, კემბრიჯი, მასაჩუსეტი, აშშ) და მისი გვარი შესულია “ვინ ვინ არის ელექტრომაგნეტიზმში” ბიბლიოგრაფიულ წიგნში. გ.ჯანდიერი 1998 წელს აირჩიეს “ვინ ვინ არის მსოფლიოში” (ამ ორგანიზაციის სათავე ოფისი იმყოფება ქ. ლონდონში, კემბრიჯის უნივერსიტეტში) გენერალური დირექტორის (N.S.Law) მოადგილედ საქართველოში. დაჯილდოებულია ამ ორგანიზაციის დიპლომებითა და მედლით. 2000 წლიდან შესულია მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული სამეცნიერო–საგამომცებლო კორპორაციის Elsevier–is SciTechMed (Scientific, Technical, Medical) სერვის ცენტრის მონაცემთა ბაზაში. გ.ჯანდიერის ხელმძღვანელობით დაცულია 14 სამაგისტრო ნაშრომი, 11 საკანდიდატო დისერტაცია და 1 სადოქტორო დისერტაცია. გ.ჯანდიერს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი რეფერირებად-რეცენზირებად საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში და საერთაშორისო კონფერენციების მასალებში. იგი რეგულარულად მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო სიმპოზიუმებში, რომლებიც ტარდება აშშ, იაპონიაში, ჩინეთში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. იგი არაერთხელ მიიწვიეს აშშ–ში (ბოსტონისა და სიეტლის უნივერსიტეტებში) და იაპონიაში (ტოკიოს და ფუკუოკას უნივერსიტეტებში) სამეცნიერო–კვლევით სემინარებში და სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც ეძღვნებოდა ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელებას. გ.ჯანდიერი არის რამოდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტის მენეჯერი და თანამენეჯერი. პროფ. გ. ჯანდიერმა საფუძველი ჩაუყარა ბათუმის უნივერსიტეტის, ფიზიკის დეპარტამენტში რადიოფიზიკის მიმართულებას.
2005 წელს ზოგადი და თეორიული ფიზიკის, აგრეთვე ზოგადტექნიკური დისციპლინების კათედრათა ბაზაზე შეიქმნა ფიზიკის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს სრული პროფ. ნუგზარ ღომიძე. დღეისათვის ფიზიკის დეპარტამენტი აერთიანებს 8 სასწავლო ლაბორატორიას, 3 საგანმანათლებლო პროგრამას და 3 პროგრამულ მიმართულებას.
2010 წლიდან ფიზიკის დეპარტამენტში 6 აკადემიური პერსონალი მუშაობს. ორი სრული პროფესორი, ორი ასოცირებული პროფესორი, ორი ასისტენტ პროფესორი.
უკან |