
შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმს“ ესტუმრნენ. ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ ასოცირებული პროფესორი რამინ ცინარიძე და მოწვეული უფროსი მასწავლებელი ალეკო მელაძე.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს საბაჟო კონტროლისა და გაფორმების პროცედურები, საქონლის წინასწარი დეკლარირების პირობები და თანამედროვე რენტგენოინსპექტირების სისტემების მუშაობის პრინციპები. ასევე გაიმართა პრეზენტაცია საბაჟო და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები დაესწრნენ ტვირთებისა და ფიზიკური პირების სკანირების პროცესს, ბარგის დათვალიერებასა და სამსახურებრივი ძაღლების საჩვენებელ ღონისძიებას. შეხვედრის დასასრულს, ფაკულტეტსა და შემოსავლების სამსახურს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებიც დაიგეგმა.
| უკან |
















