
17-31 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ელიზა ქარდავამ და გიორგი ბარაბაძემ, სტაჟირება გაიარეს ქვემო სილეზიის საინვესტიციო ფონდში (ვროცლავი).
სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ საინვესტიციო საქმიანობის კვლევასა და ანალიზში, რომელიც კასპიის ზღვის აუზისა და შავი ზღვის რეგიონის შერჩეულ ქვეყნებს მოიცავდა. სამუშაო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვენჩურული კაპიტალის ბაზარს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ სექტორებს.
სტუდენტების მიერ სტაჟირების ფარგლებში მომზადებული კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება მიკროკოსმოს ინვესტიციების კონფერენციაზე, რომელიც 2026 წლის 22 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნული გამოცდილება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა საინვესტიციო სფეროში, განივითარონ ანალიტიკური უნარები და მიღებული გამოცდილება მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ.
სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ სტუდენტები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ბსუ-ს რექტორსა და რექტორის მოადგილეს შეხვდნენ და მიღებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
| უკან |













