ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ილიაუნის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს პოლიტიკის მეცნიერებების ასოციაციის თავმჯდომარეს მალხაზ მაცაბერიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. იგი 15-მდე სახელმძღვანელოს, 15 მონოგრაფიის და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის ავტორია, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში.
პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის ხელშეწყობით ბსუ-ში 2006 წელს ახალი პროგრამული მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები ჩამოყალიბდა. 2008-2014 წწ. ხორციელდებოდა სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები, რომელმაც არაერთი ახალი კადრი მოამზადა ამ მიმართულებით.
მალხაზ მაცაბერიძის ორგანიზებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება იყო არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მასპინძელი. მისი დამსახურებით კონფერენციათა ნაწილი შევიდა ევროპის პოლიტიკის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციათა რეესტრში, რაც ხელს უწყობს მიმართულების სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ინტერანციონალიზაციის პროცესს.
უკან |