ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის „საგზაო მარშალის” პროექტმა „გახდი საგზაო მარშალი“ IFES-ის კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) მხარდაჭერით გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯგუფებმა წარადგინეს 2021-2022 აკადემიურ წელს განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტები. კომპეტენტურმა ჟიურიმ 14 პროექტიდან 6 საუკეთესო პროექტი გამოავლინა. IFES-ის კონკურსში ბსუ-ს სტუდენტთა 8 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობდა. პროექტს „გახდი საგზაო მარშალი“ ახორციელებენ სტუდენტები: მარიამ სურმანიძე, თემურ ქოქოლაძე, რევაზ ზაქარაძე, არჩილ კეკელიძე და ქრისტინა მეტრეველი.
პროექტ „გახდი საგზაო მარშალის“ მიზანია, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან, საგზაო უსაფრთხოების სტატისტიკის გაუმჯობესება და სხვადასხვა ინოვაციური და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდების შეთავაზება საზოგადოებისთვის. „საგზაო მარშალის“ პროექტი პირველია საქართველოსა და ევროპის კონტინენტზე. პროექტმა დაასრულა სატესტო რეჟიმი, რომელიც მიმდინარეობდა ბათუმის N14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის საინიციატივო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს მიზნობრივ სამუშაოებს, აქვთ სამომავლო გეგმები, რომელიც ითვალისწინებს პროექტის გრძელვადიანობას.
კონკურსზე წარმოდგენილი საუკეთესო პროექტების პრობლემატიკა მოიცავდა: აბსენტეიზმის გავლენას ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობაზე; ახალგაზრდების დაბალ ცნობიერებას კონსტიტუციის, პოლიტიკური იდეოლოგიების და ყალბი ამბების საკითხებზე; საგზაო უსაფრთხოებას; შშმ პირების უფლებებსა და ინკლუზიურ განათლებას; ბავშვთა უფლებებსა და სკოლებში ძალადობას; მაღალმთიანი სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებისთვის წიგნების გადაცემას; ნაკლებად ცნობილი ქართული კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას; გენდერულ ძალადობას; მშვიდობის შენარჩუნებასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მნიშვნელობას; ტრეფიკინგის აღქმას დე-ფაქტო აფხაზეთიდან საზღვრის პირას მცხოვრებ ახალგაზრდებში. პრეზენტაციებისას სტუდენტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ პროექტებზე მუშაობამ განუმტკიცა თავიანთი თავის რწმენა და მისცა მოტივაცია, თანატოლებთან ერთად გაეგრძელებინათ საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარება.
პროექტის პრეზენტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
უკან |