ბსუ-ს პროექტის ,,ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" E-PSY-ის ფარგლებში, ბიდგოშის (პოლონეთი) უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან და პროექტის მონაწილე პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა: ბიდგოშის უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ფილიპ სიკორამ, ბიდგოშის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალისია კოზუბსკამ, უნივერსიტეტის ენობრივი ცენტრის დეკანმა, პროფესორმა ირენა კუდლინკსამ და ბიდგოშის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელმა, დოქტორმა მაგდალენა ბერგმანმა ბსუ-ში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრის შექმნის საკითხებზე ისაუბრეს. ბსუ-ში ცენტრი პროექტის E-PSY-ის ფარგლებში გაიხსნება.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ბიდგოშის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით და მემორანდუმის გაფორმება.
ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების დაფუძნებით, პროექტში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად. მათ დახმარებას გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებიც სპეციალიზირებულ ტრენინგებს გაივლიან ბიდგოშისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სემინარებში. ასევე, შემუშავდება რეკომენდაციები და საკანონმდებლო დოკუმენტაცია, შეიქმნება უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას.
E-PSY პროექტის (განხორციელების პერიოდი – 2021-2023 წწ.) მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით, რაც ითვალისწინებს:
1. ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნას სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
2. პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას;
3. რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავებას;
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას;
5. საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნას.
პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში და, შესაბამისად, მათი განთავსების რეგიონებში (შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში) გაიზრდება არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ (ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები, პრესაში გამოქვეყნდება მასალები, დაიბეჭდება ფლაერები, შეიქმნება ვებგვერდი და ა.შ.).
უკან |