12-13 ნოემბერს, USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტების ცხრა პროფესორი შეხვდა პრაქტიკული უნარების სწავლების განვითარებაზე სამუშაოდ. პროფესორებმა განიხილეს საბაკალავრო პროგრამის ოთხი სავალდებულო საგნის სილაბუსი - ვალდებულებითი სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი და საკორპორაციო სამართალი. სილაბუსების განხილვის მიზანს წარმოადგენდა პრაქტიკული უნარების სწავლების გაძლიერება თითოეულ საგანში.
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
ოთხივე საგნის სილაბუსში განახლდა ლიტერატურა და სალექციო თემები და პროფესორები შეთანხმდნენ გაცვლითი ლექციების ჩატარებაზე.
შეხვედრაზე, პროფესორებმა, ასევე, განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კონკურსების ჩატარების საკითხი, მათ შორის ესსეებისა და აკადემიური პოსტერების მიღებისა და იმიტირებული სასამართლო ღონისძიებების სახით. აღნიშნული კონკურსები გათვალისწინებული იქნება მხოლოდ დასახელებული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და გამოცხადდება მომდევნო დღეების განმავლობაში. კონკურსების ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან აკადემიური წერის ტრენინგს, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ კვლევით და წერით უნარებზე. აკადემიური პერსონალი მხარს დაუჭერს უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაზრდას იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს, კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, უნივერსიტეტთაშორისი ჯგუფების შექმნა.
უკან |