იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უნივერსიტეტთაშორისი აკადემიური პოსტერების კონკურსი კერძო სამართალში

სურათი

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“. პროექტში ჩართულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, დასახელებული უნივერსიტეტები სამართლის სკოლების/ფაკულტეტების სტუდენტებისთვის აცხადებენ აკადემიური პოსტერების კონკურსს შემდეგ თემებზე: ვალდებულებითი სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი და საკორპორაციო სამართალი.

კონკურსის მიზანია პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერა.

რა არის აკადემიური პოსტერი:

აკადემიური პოსტერი, ერთგვერდიანი დოკუმენტი, მოკლედ, საინტერესოდ, ვიზუალურად ადვილად აღსაქმელად და გასაგებად გადმოსცემს ჩატარებული კვლევის შინაარსს. პოსტერი საუკეთესო საშუალებაა კვლევის ვიზუალიზაციისთვის, ნაშრომისა და მისი ავტორის მიმართ ინტერესის გასაზრდელად, საკვლევ თემაზე განხილვის ინიცირებისა და უკუკავშირის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  1. პოსტერი უნდა ეხებოდეს ვალდებულებითი სამართლის, კანონისმიერი ვალებულებითი ურთიერთობების სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის ან/და საკორპორაციო სამართალის თეორიულ ან/და პრაქტიკულ მხარეებს;
  2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ერთ სტუდენტს, ასევე 2 ან 3 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პოსტერის ავტორები შეიძლება იყვნენ პროექტის მონაწილე ერთი ან რამდენიმე უნივერსიტეტის სამართლის სკოლების/ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები;
  3. პოსტერი უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
  4. პოსტერზე მოცემული მოსაზრებები, ისევე როგორც კვლევა, რომელსაც ის ეყრდნობა, უნდა ეკუთვნოდეს ავტორს/ავტორებს (აკადემიური პოსტერის გამოგზავნასთან ერთად კვლევის გამოგზავნა საჭირო არ არის). პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსი შედგება ორი ნაწილისგან:

პირველ ეტაპზე პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. რეგისტრაციის შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ჩაუტარდებათ ტრენინგი აკადემიური პოსტერის მომზადების წესებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

მეორე ეტაპზე, სათანადო ტრეინინგის გავლის შემდგომ, კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული სტუდენტები იმუშავებენ პოსტერის შექმნაზე.

აკადემიური პოსტერის შეფასების კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა (30 ქულა);
  • დიზაინი (კვლევისა და მისი შედეგების შთამბეჭდავი ვიზუალიზაცია) (35 ქულა);
  • ლაკონურობა (კვლევის შინაარსის მოკლედ გადმოცემა; ბალანსის დაცვა ტექსტსა და ვიზუალურ/გრაფიკულ ელემენტებს შორის) (35 ქულა).

გამოგზავნილ პოსტერებს აფასებს უნივერსიტეტების მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

საკონკურსო პრიზები:

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული სტუდენტები/სტუდენტთა ჯგუფები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პოსტერები აიტვირთება პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის. პოსტერები დაიბეჭდება და გამოიფინება უნივერსიტეტებში.

საკონკურსო ვადები: 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტის/სტუდენტების ჯგუფების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 დეკემბერი.

აკადემიური პოსტერის მომზადებაში ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 18-დან 25 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმატით.

პოსტერის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მაისი.

კონკურსზე რეგისტრაცია:

კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: competition2023@iliauni.edu.ge. გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ: „აკადემიური პოსტერების კონკურსი“.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ სტუდენტის/სტუდენტების სახელი, გვარი და უნივერსიტეტის დასახელება. გაითვალისწინეთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების/ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:

ტელ.: +995 577114522 

ელფოსტა: competition2023@iliauni.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა