საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა თეიმურაზ ტუღუშმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „კონსტიტუციური კონტროლის სისტემა საქართველოში და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები“. თეიმურაზ ტუღუშმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ მახასიათებლებზე და სასამართლოს როლზე მოქალაქეების ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის პროცესში.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ თანასწორობის უფლების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მკაცრი კონსტიტუციური მოთხოვნები დაადგინა. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტს სამართლის სხვადასხვა დარგებში. ლექციის დასრულების შემდეგ თეიმურაზ ტუღუშმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |