იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უნივერსიტეტთაშორისი იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეხვედრა

სურათი

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების გუნდებს შორის გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესის დასკვნითი ზეპირი შეხვედრა. ზეპირი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში. საქმის შემფასებლები იყვნენ იურისტები - მალხაზ ბეგიაშვილი, მარინა მარინაშვილი, სალომე კობერიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ეკატერინე გასიტაშვილი.

კონკურსის დასაწყისში, იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა რვა გუნდმა, ხოლო ფინალურ ეტაპზე იასპარეზა სამმა გუნდმა. იმიტირებული პროცესის მონაწილე გუნდებს უნდა დაეკმაყოფილებინათ წერილობითი კომპონენტის მოთხოვნები სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის თვალსაზრისით. იმიტირებული პროცესის კონკურსის მონაწილეებმა, აკადემიური პოსტერებისა და ესსეების კონკურსის მონაწილეებთან ერთად, გაიარეს ექვსი საინფორმაციო შეხვედრა, სადაც პროექტის ექსპერტებმა მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გამოსვლის, საქმის კაზუსის თეორიული და პრაქტიკული საკითხების და აკადემიური წერის სტანდარტების შესახებ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის გახსნას ესწრებოდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი. ნილ ვაინსტაინმა ხაზი გაუსვა პროგრამის მხარდაჭერას უნივერსიტეტების ინიციატივის მიმართ გადასცეს იურისტის პრაქტიკული უნარები სტუდენტებს. დამატებით, მან გამოყო რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა პროექტის განხორციელების პროცესში, რადგან ეს შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ცოდნის გაცვლა უნივერსიტეტებს შორის და აძლიერებს სტუდენტების სწავლებასა და ლექტორების კვალიფიკაციას.

პროცესის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. იმიტირებულ სასამართლო პროცესში პირველი ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. საუკეთესო სარჩელის ავტორად დასახელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო საუკეთესო შესაგებლის ავტორად - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა