იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: ძირითადი გამოწვევები და საქართველო“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა  „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: ძირითადი გამოწვევები და საქართველო“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის და  საჯარო მმართველობის სპეციალობის 30 სტუდენტი მონაწილეობს. ოთხდღიანი სკოლის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ.

საზაფხულო სკოლა   ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გახსნეს.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს: გაზარდოს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების შესახებ;

გააქარწყლოს ევროკავშირზე და ევროინტეგრაციის პროცესზე გავრცელებული ნეგატიური პროპაგანდა, მითები და ჩამოაყალიბოს მათზე არგუმენტირებული პასუხები; მისცეს მონაწილეებს ფუნდამენტური ცოდნა ევროკავშირის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების და მათი გადალახვის პერსპექტივების შესახებ;

გააცნოს სტუდენტებს  საქართველოს  მიერ  ევროინტეგრაციის  მიმართულებით  განხორციელებული რეფორმების, მიღწევების შესახებ; მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და უპირატესობების შესახებ, რასაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს და უკვე სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები.

ჟან მონეს საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები ეწვევიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის ა. რ. უმაღლეს საბჭოს.

საზაფხულო სკოლა მესამე წელია იმართება ბსუ-ში და იგი ორგანიზებულია ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ,,ერაზმუს +"-ის  ჟან მონეს პროგრამის მიერ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა