ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტამბოლში შოთა რუსთაველისა და ქართული კულტურისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

სურათი

22 დეკემბერს ბეიქენთის უნივერსიტეტში სტამბოლის შოთა რუსთავლის კულტურის ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შოთა რუსთაველისა და ქართული კულტურისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციას საქართველოს „ახალგაზრდა ელჩი“ თურქეთში გიორგი ცეცხლაძე, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ია ფუტკარაძე, თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები სტამბოლიდან, დუზჯედან, იზმირიდან, ანკარიდან და თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი სალომე ბარამიძე, ბეიქენთის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი მუსტაფა მელექი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი ჯემალ ანანიძე.

მოხსენებები წაიკითხეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ („ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რამაზ ხალვაშმა („შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და თამარ მეფის ეპოქის ქართული კულტურა“), ბეიქენთის უნივერსიტეტის პედაგოგმა, აკადემიურმა დოქტორმა არდაჰან ბიროლ ქართალმა („თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები“), დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორმა მარინა სულხანიშვილმა („ვეფხისტყაოსნი“ აღმოსავლურ სამყაროში“).

ასევე გაიმართა შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ - პრეზენტაცია (იდეის ავტორი – პროფ. რამაზ ხალვაში).

დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სტუდენტებმა ასოცირებულ პროფესორ ნანა კაჭარავას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია, ზეპირად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები და აფორიზმები, ნანა კაჭარავას მიერ შესრულებულ თურქულ პწკარედულ თარგმანებთან ერთად. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ასევე ზეპირად წაიკითხა მხატვრული კითხვის ოსტატმა, სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის თანახელმძღვანელმა ორჰან ბერიძემ.

სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ბეიქენთის უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო შოთა რუსთაველისა და ქართული კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბეიქენთის უნივერსიტეტს შორის.

24 დეკემბერს სტამბოლის შოთა რუსთავლის კულტურის ცენტრში  მოეწყო შეხვედრა „ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პროექტის ფარგლებში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში მომზადებულ და აკინძულ წიგნში პირველი ხელნაწერი სტროფები ჩაწერეს კულტურის ცენტრის დამფუძნებლებმა ს. ბარამიძემ, ო. ბერიძემ, გ. ხიმშიაშვილმა, მ. იელქენჯმა (გ. დიასამიძემ), ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯ. ანანიძემ, პროფესორებმა - მ. გიორგაძემ და რ. ხალვაშმა.

ამავე დღეს დაიგეგმა ყოველი წლის 24 დეკემბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ დღის აღნიშვნა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა