20 სექტემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა ფერეიდანელ ქართველებთან. შაჰრამ ონიკაძემ, ომის (ამირან) გოგონანიმ და ისმაილ რაჰიმიმ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა მიღწევები, ცხოვრების წესი, იქ არსებული ქართული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გააცნეს. სტუმრებმა ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 1500 კილომეტრი გაიარეს და ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან ორასი ათასი ქართველი აყარა და სპარსეთის მიწაზე დაასახლა. ფერეიდანელმა ქართველებმა დღემდე შეინარჩუნეს ეროვნული თვითშემეცნება და ქართული ენა. ირანიდან საქართველომდე ფეხით გავლილი გზა ქართველთა 400 წლის წინანდელი ტრაგედიის სიმბოლური გამოძახილია.
შეხვედრის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჯემალ კარალიძემ მოხსენება წაიკითხა შაჰ აბას I-ის დამპყრობელურ პოლიტიკასა და ქართველთა ფერეიდანში გადასახლების ტრაგიკულ ისტორიაზე, ხოლო ნიაზ ზოსიძემ ფერეიდანში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.