1 ოქტომბერი 2019 წელი
დიგიტალური ჰუმანიტარიის მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია და კავკასიოლოგია“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორკშოფი გაიმართა დოკულინგვისტიკისა და კორპუსლინგვისტიკის საკითხებზე. ევროპელმა ექსპერტებმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, გერმანელმა კავკასიოლოგმა, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიანა ფორკერმა ლექციები წაიკითხეს თემებზე: „ტექსტის კორპუსი, როგორც ისტორიული კვლევის საფუძველი“ და „კავკასიური ენების დიგიტალური ლექსიკონები“.
სტუდენტები ვორქშოფზე ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: დიგიტალური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც ახალი მიმართულების განსაზღვრა და თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბება, კვლევის თანამედროვე მეთოდები და დიგიტალურ ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა-ათვისება (მულტიმედიური ფორმატის ფაილები EAF და FLEX, ფორმატი XML). ევროპელმა ექსპერტებმა ახალგაზრდებს ასევე გააცნეს დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევები და განვითარების პერსპექტივები, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსები (ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Spoken BNC2014, ELDP– SOAS).