14 აპრილს, 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ატარებენ ერთობლივ ვიდეოკონფერენციას, რომელიც ქართული ენის დღეს ეძღვნება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნება მნიშვნელოვანი თემები: სახელმწიფო ენის სტრატეგიის კონცეპტუალური საკითხები (ენობრივი პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩო და ადმინისტრირების მექანიზმების სრულყოფა; სახელმწიფო ენის სწავლების, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის დონის ამაღლება; აფხაზური ენის დაცვა და განვითარება; ქართული ენისა და ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების მეცნიერული კვლევის, დოკუმენტირების, დაცვის მექანიზმების სრულყოფა და მხარდაჭერა; საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა; ენის ტექნოლოგიების განვითარება); ქართული ენის დიალექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ (თურქეთი, ირანი), კომპლექსური ექსპედიციების ფოლკლორულ-დიალექტოლოგიურ-ეთნოლოგიური მასალების მნიშვნელობა ადგილობრივთა კოლექტიური მეხსიერების შესწავლისათვის; საგანმანათლებლო პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არაქართულენოვანთათვის“ (აზერბაიჯანულენოვანთათვის/ სომხურენოვანთათვის/ აფხაზურენოვანთათვის/ ოსურენოვანთათვის)-როგორც სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, მისი პრობლემები და პერსპექტივები; ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხები, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ დასრულებული და მიმდინარე კონკურსები.
კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ქართული ენის სწავლების, კვლევისა და დოკუმენტირების მიმართულებით დისტანციური თანამშრომლობის ფორმების სრულყოფაზე.
კონფერენცია ჩატარდება Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე: us02web.zoom.us/j/7369477615
14 აპრილი - ქართული ენის დღე!
კონფერენციის პროგრამა:
კონფერენციის გახსნა:
მარინე გიორგაძე, პროფესორი, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
მისალმებები:
მერაბ ხალვაში, ბსუ-ს რექტორი
გიორგი ალიბეგაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
თინათინ ბოლქვაძე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი
მოხსენებები:
-
გიორგი ალიბეგაშვილი, მარინა ბერიძე (სახელმწიფო ენის დეპარტამენტი)
სახელმწიფო ენის სტრატეგია
ქართული დიალექტები ჭოროხის აუზში
ქართული ენა და სოფლები თანამედროვე თურქეთში
-
მარინა ბერიძე, ლია ბაკურაძე (თსუ, ენათმეცნიერების ინსტიტუტი)
ახალი მასალები ფერეიდნული საკითხის საბჭოთა კულისებიდან
-
ლალი ეზუგბაია (თავისუფალი უნივერსიტეტი)
ლაზურ-ქართული ენობრივი კონტაქტები ბორჩხის რეგიონში (ჩხალა, მარადიდი)
-
კახა გაბუნია (თსუ), რუსუდან საღინაძე (აწსუ), მაია კიკვაძე (ბსუ)
საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული ენა არაქართულენოვანთათვის“ (პრობლემები და პერსპექტივები)
-
თინათინ მარგალიტაძე (თსუ, ლექსიკოგრაფიის ცენტრი)
მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“
კონკურსები (2019-2020წწ) მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის:
„შექმენი შენი ტერმინი“ და „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“