22 მარტი 2021 წელი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი შემუშავების პროცესში მყოფ სამაგისტრო პროგრამას უკავშირდებოდა. მედიის დიგიტალიზაცია თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ახალი სამაგისტრო პროგრამა: ,,ციფრული მედია და ინოვაციები“, რომლის შემუშავება-განხორციელებაც აღნიშნული უნივერსიტეტების ბაზაზე იგეგმება, ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ბსუ-ში ახალი სამაგისტრო პროგრამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდება. შეხვედრის მიზანი პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებსა და დამსაქმებლებთან შეხვედრა იყო.
ბსუ-ს ასოც. პროფესორმა ინგა შამილიშვილმა, რომელიც, ამავდროულად, პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, კოლეგებს წარუდგინა თსუ-ს ასოცირებული პროფესორები, ასევე პროგრამის ხელმძღვანელები: ნინო ჭალაგანიძე და ნათია კუპრაშვილი.
კურიკულუმის პრეზენტაციის შემდეგ ყურადღება დაეთმო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურას.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო დისციპლინების სილაბუსებში გათვალისწინებული ლიტერატურის ნაწილი მუშავდება ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის: “ისწავლე ჟურნალისტიკა ონლაინ” ფარგლებში.